ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხისტყაოსნისა

ნადირობის შემდეგ მეფე როსტევანმა და ავთანდილმა უცხო მოყმე ნახეს. უცნობი წყლის პირას იჯდა და ცხარე ცრემლით ტიროდა. ლომის მსგავსი ჭაბუკი დიდებულად გამოიყურებოდა. ხელთ შავი ცხენის აღვირი ეჭირა. მისი ჯაჭვ - მუზარადი და ხმალი, ასევე შავი ბედაურის აღვირი, უნაგირი და მთელი აღკაზმულობა - ძვირფასი ქვებით იყო შემკული. უცნობ რაინდს ვეფხვის ტყავის სამოსი ეცვა, თავზედაც ვეფხვის ტყავის ქუდი ეხურა, ხელთ მკლავზე მსხვილი მათრახი ეჭირა. იგი საუცხოო შთაბეჭდილებას ტოვებდა.

მეფემ უცხო მოყმის ვინაობის გასაგებად და მის დასაძახებლად კაცი გაგზავნა. მსახური უცნობთან მივიდა. მაგრამ ვერა შეჰბედა, რადგანაც ვეფხისტყაოსანი ჭაბუკი ისე ტიროდა, არაფერი ესმოდა. მსახურმა დიდხანს უყურა უცნობს, ბოლოს, ხელცარიელი მეფესთან დაბრუნდა და ყოველივე მოახსენა. მეფემ ახლა თორმეტი მონა გაგზავნა, უბრძანა, უცნობი მასთან შეპყრობილი მოეგვარათ.

ვეფხისტყაოსანი ტიროდა და არა ესმოდა რა, მხოლოდ მეფის ლაშქრის აბჯრის ხმაურზე გამოფხიზლდა, შეკრთა, ცრემლი მოიწმინდა, ცხენზე ამხედრდა და, როცა ალყაში მოიქციეს, ლომივით მოიგერია მეფის ამალა, ჭაბუკმა ჯერ გაცლა დააპირა, მაგრამ შესაპყრობად ხელის შევლება რომ დაუპირეს, ვინც ხელში მოხვდა, მათრახი ისე გადაჰკრა, შუაზე გააპო, ცხენს ხურჯინივით გადაჰკიდა, ზოგი ჯარისკაცი კი ერთმანეთს შემოსტყორცნა და ისე დახოცა.

მეფე განრისხდა. როსტევანი და ავთნდილი ცხენდაცხენ დაედევნენ ვეფხისტყაოსან ჭაბუკს. იგი, შავ ცხენზე ამხედრებული, მინდორში დარბაისლურად მიდიოდა, მაგრამ როცა მეფე დაინახა, მასთან შებმას მოერიდა, მერანს მათრახი გადაჰკრა და ისე გაქრა, კვალსაც ვერვინ მიაგნო.

მეფემ ლაშქარი დაადევნა, მაგრამ უშედეგოდ. მეფე როსტევანი დაღონდა, იფიქრა, ღმერთს ჩემი ლხენა მობეზრდაო და სასახლეში სევდიანი დაბრუნდა. თავის საწოლ ოთახში განმარტოვდა, თან მხოლოდ ავთანდილი იახლა. თინათინმა მამის ამბავი იკითხა, მაგრამ როცა მეფის უგუნებობა ამცნეს, აღარ შესულა. ცოტა ხნის შემდეგ მეფემ ასული მოინატრა, იხმო და ყოველივე მოუყვა, თან დასძინა: ალბათ, ღმერთს მოვძულდი და აქამდე ბოძებული წყალობა გამიმწარა, ეს უდავოდ ამის ნიშანი იყოო. თინათინმა ჰკადრა: კეთილის მომქმედი ღმერთი ბოროტს რად შექმნიდა; შენს ამდენ დარდსა და დაღონებას ისა სჯობს, გაარკვიე, ვინ იყო ის უცნობი _ თუ ხორციელი აღმოჩნდება, მისი ამბავი შევიტყოთ, ხოლო თუ ცით მოვლენილი სული, _ ჩვენ, ადამიანებს, მასთან რა გვესაქმებაო. მეფე დათანხმდა, ქვეყნის ოთხივე მხარეს ხალხი გააგზავნეს და ვეფხისტყაოსნის მოძებნა უბრძანეს. მათ ერთი წელი ძებნეს, მაგრამ მნახველსაც ვერსად მიაგნეს და ხელცარიელნი დაბრუნდნენ. მეფემ დაიჯერა, ალბათ, ადამიანი კი არა, ავსული იყოო და აღარ უდარდია, ნადიმი გადაიხადა და ჩვეული ცხოვრება გააგრძელა.