ფატმანისაგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა

აი, რა მოჰყვა ფატმანმა:

ჩვენს ქალქში (გულანშაროში) ნავროზობას (მაჰმადიანთა ახალ წელი) ასეთი წესია: ამ დღეს არავინ მუშაობს, ყველა ვიკაზმებით და ვილხენთ. ჩვენ, დიდვაჭრები, მეფეს საბოძვარით ვეახლებით, ათი დღის განმავლობაში ვნადიმობთ, ვბურთაობთ და ვილხენთ.

ჩემი ქმარი, უსენი, ვაჭრებს წინ უძღვება, მე – ვაჭრების ცოლებს, დედოფალს ძღვენს მივართმევთ და ერთად ვდარბაზობთ.

ერთ ნავროზობა დღეს დედოფალს ვეახლეთ საბოძვარით, ვიმხიარულეთ, შემდეგ, უკან რომ დავბრუნდით, დაშლა არ გვინდოდა, ხათუნებს მე ჩემს ულამაზეს ბაღში ვმასპინძლობდი – ვთამაშობდით, მომღერლებს ვამღერებდით, ვერთობოდით, რიდე-სამოსს ვიცვლიდით.

ეს ბაღი ზღვას გადაჰყურებს, ყველა ერთობოდა, მაგრამ მე მოულოდნელად უხასიათოდ შევიქმენი. მოწყენა რომ შემატყვეს, ხათუნები დაიშალნენ, ყველა წავიდა, მე მარტო დავრჩი და სევდის გასაქარვებლად ზღვას ვუმზერდი. მოულოდნელად, შორს ზღვაში რაღაც მცურავი დავინახე, რომ მოახლოვდნენ, ნავი შევიცანი. იქიდან ორი შავი კაცი ამოძვრა, ნავი ნაპირზე ამოიტანეს, მიიხედ-მოიხედეს, ვერავინ რომ ვერ ნახეს, კიდობანს ახადეს და მწვანე რიდით მოსილი ქალი ამოიყვანეს. Qქალი ჩემკენ რომ მობრუნდა, გავოცდი, იმდენად მშვენიერი იყო, რომ უცხო შუქს აფრქვევდა. ძლიერ მოვიხიბლე, ოთხ მონას ვუხმე და ვუბრძანე, ის ქალი ეყიდათ, თუკი არ დათანხმდებოდნენ, მისი თამხლები მონები დაეხოცათ და ქალი მოეგვარათ.

მე სარკმლიდან ვუმზერდი, რა მოხდებოდა. Dდავინახე, რომ ქალის გაყიდვა არ ინდომეს, მე მსახურებს დავუძახე, მცველები დაეხოცათ. ასეც მოიქცნენ, ქალი მომგვარეს. მე მას შევეგებე, ახლოს რომ ვიხილე, გამაოცა მისმა მშვენებამ. მივუალერსე, ვაკოცე, ჩემს ტახტზე დავსვი, ვეკითხებოდი, ვინ იყო. Qქალი ტიროდა და არას მეუბნებოდა. მერე კი ამოთქვა, რომ მე დედაზე უმჯობესად მივაჩნდი, რადგანაც ტყვეობიდან გავათავისუფლე. შორიდან გადმოხვეწილი იყო, ძლიერ უბედური.

ქალი შინ შევიყვანე. ისეთ შუქს ასხივებდა, ვინმეს რომ არ დაენახა, მრავალკეცად საბურველი ჩამოვაფარე, ცალკე სახლი მოვურთე, მალულად შევიყვანე, არავის ვუმხელდი მის არსებობას, ერთი ზანგი ვამსახურე.

ქალი დღედაღამ ტიროდა, ვერაფერს ვეკითხებოდი, მისი საცოდაობით გული მეწვოდა. უცნაური, ნაჭედივით მტკიცე, ულამაზეს რიდესა და ყაბაჩას არ იშორებდა, სულ მოწყენილი იყო. საჭმელს ძალით ვაჭმევდი.

გავიდა დრო, გადაწყვიტე, ქალის ამბავი ჩემი ქმრისათვის გამენდო; ვიცოდი, მაინც გაიგებდა და რომ არ მეთქვა, მომკლავდა. ძლიერ მეშინოდა, ვინმესთან არ გავემხილე, მაგრამ რას ვიზამდი, ერთ დღეს ბევრი ვაფიცე, რომ არავისთან გაემჟღავნებინა, რასაც ვანახებდი, ქალთან წავიყვანე და ვაჩვენე.

უსენიც გააოცა ქალის მშვენიერებამ. ბევრი ეფერა, ქალმა არა გვითხრა, ისევ ტიროდა, ჩვენც, ცრემლმორეულებმა, ხილი მივართვით. უსენი მოიხიბლა ქალით, თქვა, რომ ისე შეყვარებოდა, თავის შვილებს ერჩივნა.

გავიდა დრო, უსენმა მითხრა: დიდი ხანია, მეფისათვის ძღვენი არ მიმირთმევია, წავალ, ვეახლებიო.

მე შევევედრე, რომ ქალის ამბავი არავისათვის გაემხილა. ქმარიც დამპირდა. უსენი მივიდა ხელმწიფესთან და დიდი ძღვენი მიართვა. მეფემ ანადიმა უსენი, დაათრო, შემდეგ მეფემ უსენის უჩვეულო საჩუქრებისათვის მადლობა გადაუხადა. ჩემი ქმარი მეფეს მუდამ დიდრონ მარგალიტებსა და უსახო ლალებს ჩუქნიდა; უსენმა თაყვანისცემით უპასუხა, რომ მეფისათვის მისართმევად უფრო ძვირფასი, კაცთაგან უნახავი ძღვენი ეგულებოდა და ქალის ამბავი გაუმხილა, მეფეს ეს ამბავი ძლიერ გაეხარდა, მაშინვე ბრძანა, ქალი მიეგვარათ.

მე შინ ვიყავი, როცა მეფის მონათუხუცესი მეახლა და მეფის შემონათვალი მომახსენა, რომ ქალი მისთვის გამეგზავნა. ვთრთოდი, ქალთან შევედი, არ ვიცოდი, რა მექნა, ქალს ვუთხარი, რომ ბედმა მიმუხთლა და მეფე მის თავსა მთხოვდა. ქალმა სევდიანად მიპასუხა, რომ კარგი რამ რომ შეემთხვეოდა, ის იყო გასაკვირი, თორემ ავი რა საკვირველი იყო. ქალი ატირდა, წასასვლელად გულუშიშრად ადგა. მე ყველაზე ძვირფასი, რაც მებადა, ის თვალმარგალიტი ავიღე, თითო თვალი ერთი ქალაქი ღირდა, ქალს მივეცი, ქამარში წელზე შემოვარტყი და ვუთხარი, იქნებ რამეში გამოსდგომოდა. ქალი მეფის მონებს გულმოკლულმა ჩავაბარე.

მეფემ, ქალი რომ ნახა, გაოცდა, გვერდით დაისვა, ტკბილად ესაუბრებოდა, ეკითხებოდა ვინ იყო, ქალი კი არას უთხრობდა. ბოლოს, მეფემ თქვა: ამ ასულის გონება სხვაგან ფრენს, ღმერთმა ქნას, ჩემი ძე გამარჯვებით დამიბრუნდეს, მას ამ ქალს დავახვედრებო.

უფლისწული სალაშქროდ იყო წასული. იგი კარგი ყმა იყო, მეფეს მისთვის საპატარძლოდ უნდოდა ეს ასული.

ქალი ძვირფასად შემოსეს, ლალის გვირგვინი დაადგეს, ოქროს ტახტი დაუდგეს, მცველად ხადუმები (საჭურისები) დაუყენეს. ქალი დარდობდა, შემდეგ კი მიხვდა, რომ რაღაც უნდა ეღონა:

"სიკვდიმდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა?

რა მისჭირდის, მაშინ უნდა გონებანი გონიერსა!"

ქალმა ხადუმები მოიხმო და უთხრა: ტყუილად ეგონათ, რომ იგი უფლისწულზე გათხოვდებოდა, ნესტანი უმალ თავს მოიკლავდა, გულში დანას დაირტყამდა, მათ კი მეფე აღარ აცოცხლებდა ამის გამო, ხადუმებს ყველას ერთნაირად ამოხოცავდა, ამიტომ, სჯობდა, გაეპარებინათ, თვითონ ამის სანაცვლოდ უძვირფასეს საგანძურს მისცემდა.

ქალმა ჩემი მიცემული მარგალიტი შემოიხსნა, გვირგვინიც მოიხადა, ხადუმებს გადასცა და შეევედრა, გაეშვათ.

საჭურისებს სიხარბემ სძლია. საგანძურმა მეფის შიში დაავიწყათ, ქალს თავისი შესამოსელი მისცეს, ღამით ჩუმად გამოაპარეს.

ქალმა ჩემს სახლს მოაშურა. რომ ვნახე, გამიკვირდა, მოვეფერე, ასულმა მომიყვა, რომ ჩემი მიცემული ქონებით თავი ეყიდა, ახლა მთხოვდა, გამეშვა, რადგან ხელმწიფე პირველად ჩემთან მოძებნიდა.

საჯინიბოს მივაშურე. საუკეთესო ცხენი შევუკაზმე, ზედ შევსვი და გავუშვი.

სასახლის კარზე ქალის გაპარვის ამბავი რომ გაიგეს, მდევარი მაშინვე ჩემთან მოვიდა, მე ვუთხარი, რომ არ ვიცოდი, სად იყო ქალი. ბევრი ეძებეს, მაგრამ ვერსად იპოვნეს, მას შემდეგ მეფესა და დარბაზს გლოვა აქვს გამოცხადებული.

მე ჩემი შეუხედავი ქმარი შემჯავრდა. ამ დროს სასახლის კარზე მიღებული იყო ჭაშნაგირი (მეჭაშნიკე – ერთ-ერთი თანამდებობა მეფის კარზე). მასთან გავაბი არშიყობა. მე, დიაცურად მოღორებულმა, ჭაშნაგირს ქალის ამბავი გავუმჟღავნე. იმ დღეს, აქ რომ გნახა, მეფესთან ქალის ამბის გამხელას დამემუქრა, შენ რომ არ მოგეკლა, სასახლეში მივიდოდა, ყველაფერს ეტყოდა, მე და ჩემს ქმარ-შვილს მეფე არ გვაპატიებდა და ერთიანად ამოგვწყვეტდა. ახლა კი, შენი წყალობით, განსაცდელს გადავრჩით, ღმერთმა სამაგიერო მოგიზღოს! შენ ჩემი ოჯახი გადაარჩინეო.

ავთანდილმა უპასუხა, რომ ნუღარ ეშინოდა, ყველაფერი დამთავრებულიყო, ჭაშნაგირს რომ იმოყვრებდა, განა არ იცოდა, რომ მოყვრულად მოსული მტერი უარესი იყო?!

"მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია".

ავთანდილმა ჰკითხა ფატმანს: ამის შემდეგ ქალის ამბავი თუ გსმენიაო.

ფატმანმა უპასუხა: ამ დროიდან ჩემი ქმარი მომძულდა, განმარტოება მინდოდა, სულ ქალზე ვფიქრობდი. ერთხელ, საღამო ჟამს, ხანაგის (დავრდომილთა და უცხოთა თავშესაფარი, იაფი სასტუმრო) კართან ვიყავი, მოგზაურთა ამბებს ვუსმენდი. Yყველა თავის თავგადასავალს ყვებოდა. ერთმა მოგზაურმა თქვა, რომ იგი ყველაზე უკეთეს ამბავს მოუთხრობდა:

აი, რა მოყვა მან:

მე ქაჯთა მეფის მონა ვარ, ჩვენი ხელმწიფე კლდესავით მაგარი ქალია – დულარდუხტი ჰქვია, იგი ძმისწულს – როსანსა და როდიას ზრდის. ერთხელაც ზღვის იქით მცხოვრები მეფის დის სიკვდილის ამბავი გვამცნეს. როშაქმა, მონათუხუცესმა, ბრძანა: სანამ მეფე დულარდუხტი თავის დას დაიტირებს, მე აქ ტყუილად არ დავჯდები, მინდორში წავალ, ვიმეკობრებ, ალაფს (საბრძოლო ნადავლი) მოვიპოვებო.

ასი ქვეშევრდომი, მეც მათ რიცხვში, თან წაგვიყვანა. დღისით ვმეკობრეობდით, უამრავი ქარავანი დავლეწეთ, დიდი ქონება დავაგროვეთ.

ერთხელაც, ბნელ ღამეს, მინდორ-მინდორ მივდიოდით, უცბად შუა ველზე შუქი გამოჩნდა. ვთქვით, რომ ალბათ მზე იყო, ხმელეთზე ჩამოსული, ზოგმა ცისკარს მიამგვანა, ზოგმა – მთვარეს, ახლოს მივედით, ცხენოსანი უმშვენიერესი მგზავრი ვიხილეთ, ასე გვითხრა: გულანშაროელი მოციქული ვარ, ქაჯეთს მივდივარო; იმდენად ლამაზი იყო, შუქს აფრქვევდა, მოგზაური წყნარად საუბრობდა, ტკბილად. მივხვდით, სულ არ იყო მამაკაცი მსახური, პირიქით. დიდგვაროვანი იყო, თანაც ქალი. ვთხოვდით, მართალი ეთქვა, მაგრამ ამაოდ, პირქუშად გვიყურებდა, თავდაჭერილად, რიდის მომგვრელად გვესაუბრებოდა. როშაქმა, ჩვენმა მეთაურმა, გვითხრა: ბედი გვწვევია, ამ ქალს მეფეს მივგვრით საჩუქრად, დიდად დაგვამადლებსო, ჩვენც დავთანხმდით. ქალი ქაჯეთში წავიყვანეთ, მას უფლისწულზე გათხოვება, გაბედნიერება ელოდა. ის კი სულ ტიროდა.

მე როშაქს ვთხოვე, ცოტა ხნით გავეშვი, რაღაც საქმე მქონდა გულანშაროში და ამიტომ მოვედიო, _ მოყვა მოგზაურმა.

ფატმანმა თხრობა გააგრძელა:

ამ სიტყვებზე შვება ვიგრძენი, გამიხარდა, რომ ქალის კვალს მივაგენი. ის ქაჯეთელი კაცი მოვაყვანინე, ახლოს დავისვი, ხელახლა ვაამბობინე ყოველივე.

მე ორი შავი ქაჯი გრძნეული მონა მყავს, ქაჯეთს გავაგზავნე ნესტანის ამბის გასაგებად. სამი დღის შემდეგ დაბრუნდნენ და მამცნეს: თურმე, ქალის სილამაზეს იქ ყველა მოეხიბლა, გადაეწყვიტათ, უფლისწულ როსანისათვის შეერთოთ, მაგრამ დულარდუხტ მეფეს ებრძანებინა, რომ ჯერ ვერ შერთავდნენ, რადგანაც გლოვა ჰქონდათ. ქალი ციხე-კოშკში დაემწყვდიათ და ხადუმები დაეყენებინათ. ქაჯთა ქალაქი მტერთაგან აუღებელია. ქალაქს შიგნით მაგარი კლდეა, კლდეს შუაში გვირაბია გათხრილი, საიდანაც ქალის კოშკში შეიძლება შესვლა. ამ გვირაბს ათი ათასი ჭაბუკი იცავს. ქალაქს სამი კარი აქვს, თითოს სამი ათას-სამი ათასი მცველი დარაჯობსო.

ავთანდილმა, ეს ამბავი რომ მოისმინა, ღმერთს მადლობა შესწირა. ფატმანს დაეკითხა: კი მაგრამ, ქაჯები ხომ უხორცოები არიან, ქალი რაში სჭირდებათო. ფატმანმა უპასუხა, რომ ქაჯები ადამიანები იყვნენ, ოღონდ გრძნეულების მცოდნეები. მათთან შებმა შეუძლებელი იყო, რადგანაც მრავალი არაჩვეულებრივი რამ იცოდნენ; შეეძლოთ ქარის აღძვრა, მტრისათვის თვალების დაბნელება, ზღვაში მტრის ხომალდის გადაბრუნება, წყალზე სიარული, წყლის დაშრობა, დღის ღამედ და ღამის – დღედ ქცევა.

ამიტომაც ერქვათ "ქაჯები", თორემ ადამიანები იყვნენ.

ავთანდილი ღმერთს ადიდებდა, რომ ნესტანის ამბავი გაიგო, მაგრამ ფატმანს იმ ღამით სიმართლე არ გაუმხილა, ვაჭართუხუცესის ცოლთან აშიკობდა, ალერსობდა, თუმცა, სულ თინათინი ედგა თვალწინ და ასე ფიქრობდა: თინათინის გარეშე მე, ბულბული, ვისაც ვარდი მეკუთვნის, ნეხვზე ვზივარო. ფატმანი კი გახარებული იყო ავთანდილის ალერსით:

"თუ ყვავი ვარდსა იშოვებს, თავი ბულბული ჰგონია".

დილით ფატმანმა ავთანდილს მრავალი საჩუქარი უძღვნა. ავთანდილმა გადაწყვიტა, რომ იმ დღეს ქალს სიმართლეს ეტყოდა. ვაჭრის სამოსის ნაცვლად რაინდული ჩაიცვა, ლომივით რაინდი მზეს დაემსგავსა. ფატმანმა რაინდულად გამოწყობილი ავთანდილი რომ იხილა, უფრო მოეწონა, ისევ ინადიმეს, იალერსეს. საღამოს ავთანდილმა თავის ბინაში საყვარელი იხმო. ფატმანიც ეახლა. ავთანდილმა იგი ახლოს დაისვა. ავთანდილმა უთხრა, რომ საძნელო საქმე უნდა გაემხილა _ იგი ვაჭარი კი არა, სულ სხვა პიროვნება იყო.

ავთანდილმა ყველაფერი მოუთხრო ფატმანს, შემდეგ სთხოვა, დახმარებოდა ტარიელსა და ნესტანს _ გრძეული მონა ქაჯეთს გაეგზავნა და ყველაფერი ეცნობებინა ნესტანისათვის.

ფატმანმა ღმერთი ადიდა, რადგანაც ნესტან-დარეჯანის ამბავი შეიტყო და ხელახლა დახმარების შესაძლებლობა მიეცა. იხმო გრძეული მონა, უბრძანა, ნესტანთან მისულიყო და მისი წერილი გადაეცა.