სამთაგანვე ქვაბს მისლვა და მუნით არაბეთს წასლვა

ბოლოს, ტარიელმა ფრიდონს უთხრა: ორივენი ღვიძლ ძმაზე უფრო ახლობლად მეგულებით, სამაგიერო სიკეთეს ვერაფრით გადაგიხდით, მაგრამ ახლა ავთანდილის ბედი მაღელვებს, გულით მწადია, როგორც ჩემი დარდის ცეცხლის ალი ჩაქრა, ასევე მისიც გავანელო. ჩემ მაგიერ მიდი ძმობილთან, შესთავაზე, არაბეთს წავიდეთ, თუ მასაც ცოლს არ შევრთავ, მე ჩემსას არ ვექმარებიო.

ფრიდონმა ტარიელს ავთანდილთან უმოციქულა და ყოველივე გადასცა. ავთანდილს გაეცინა, თქვა: მშველელი რად მინდა, ჩემი მზე არც ქაჯებს ჰყავს შეპყრობილი და არც რაიმე გასაჭირი ადგას, მორჭმით ტახტზე ზის, ღვთის ნებით, ქვეყანას მართავს, მასთან შესაყრელად დახმარება არ მჭირდება, სჯობს, ტარიელს უთხარი: რა საჭიროა მადლობის გადახდა, მეც ხომ ოდითგანვე შენს დასამონებლად ვარ დაწესებული, დაე, მუდამ შენთვის ვიყო. ერთი ოცნება მაქვს: ინდოეთის ტახტზე დიდებულად დაგინახო, გვერდით შენი მნათობი გეჯდეს, ურიცხვი ლაშქარი გახლდეს, მაგრამ საბრძოლველი არა გქონდეს. აი, ეს რომ მოხდება, მაშინღა წავალ არაბეთს და ჩემს მზეს შევეყრებიო.

ფრიდონმა ტარიელს ავთანდილის შენათვალი გადასცა. ტარიელმა კი უპასუხა, რომ ავთანდილის გამზრდელის უნახავად არ დადგებოდა, უნებლიედ მისთვის ეწყენინებინა: მონები დაეხოცა და ახლა სურდა, მისთვის შენდობა ეთხოვა.

ეს ყოველივე ფრიდონმა ავთანდილს რომ მოუყვა, ავთანდილი ტარიელთან მივიდა, ფეხთ ეხვეოდა, კოცნიდა, ეუბნებოდა: ისიც საკმარისი იყო, როსტევან მეფეს თვითონ რომ შესცოდა, გაეპარა, ახლა მისადმი ახალ დანაშაულს ვეღარ ჩაიდენდა, სად გაგონილა:

"თვით მოიხმაროს მონამან პატრონსა ზედა ხმალია".

როსტევანთან შენი გამოჩენა პატრონს გაგვირისხებს და აღარაფერს მაპატიებსო.

ტარიელს გაეცინა, ავთანდილმა დაიტკბო ენა. უთხრა, რომ მისი ლხენით მოლხენა ეწადა, მოყვრისადმი შიში და რიდი ამპარტავნობად მიაჩნდა, კაცი თუ მოყვარე იყო, ერთად უნდა ყოფილიყვნენ. ტარიელმა კარგად უწყოდა, როგორ ეჩქარებოდა ავთანდილს სატრფოსთან შეყრა. არ ეწყინებოდა მეფეს ავთანდილის ტარიელთან ერთად სტუმრობა. თვითონ მეფეს ჯერ ჭრელ-ჭრელ ამბებს მოუთხრობდა, მერე შეევედრებოდა, ავთანდილისათვის ქალი მიეთხოვებინა. ავთანდილი მიხვდა, რომ ტარიელი თავისას არ დაიშლიდა და დათანხმდა.

ძმობილები მულღაზანზარიდან არაბეთს გაემგზავრნენ, ტახტრევანით ნესტანი მიჰყავდათ, გზად ნადირობდნენ, მათი მჭვრეტელები ხარობდნენ, მიაღწიეს ტარიელისა და ასმათის გამოქვაბულს, ასმათი ირმის ხორცით უმასპინძლდებოდა, ამხანაგობდნენ, ლაღობდნენ, შემდეგ ტარიელის მიერ დაბეჭდილი საჭურჭლეები გახსნეს, ურიცხვი განძეული იპოვნეს, ტარიელმა ყველა საგანძური აავსო, ფრიდონს ევედრებოდა, გამოქვაბულის საჭურჭლე ძღვნად მიეღო. ფრიდონის მეომრებიც არ დარჩენია დაუსაჩუქრებელი, უხვად გასცა, მაგრამ დევების სიმდიდრე მაინც ხელუხლებელს ჰგავდა.

ტარიელმა ფრიდონს მიმართა, რომ მის ვალს ვერაფრით გადაიხდიდა. ტარიელს მადლობას უხდიდა, აქებდა. ყველა ერთად არაბეთისაკენ გაემართა.