English
Cven

 

 

studia „televeziri“

 

   - ვაი, როგორ აღმოვჩნდი ამ ყუთში?..

 

ტელევეზირი პირველად 1994 წლის 7 იანვარს გამოჩნდა ეკრანზე.  ტელევიზორის ჩარჩოში მოქცეული 4 წლის ბიჭის ნახატი, სასაცილო კაცუნა, მოულოდნელად გაცოცხლდა, გამბედაობა მოიკრიბა და თავი „ტელევეზირად“ გამოაცხადა;

ტელევეზირმა ახალი თამაში მოიგონა - ბავშვებს სთხოვა თავიანთი ნახატები გამოეგზავნათ იმ იმედით, რომ ეს ნახატებიც გაცოცხლდებოდა და ისიც მარტო არ იქნებოდა.

ტელევეზირმა უამრავი მეგობარი შეიძინა. ბავშვების გამოგზავნილი ნახატების პერსონაჟები ცოცხლდებოდნენ და შემდგომში ათასგვარ თავგადასავალსა თუ ფათერაკში ხვდებოდნენ მასთან ერთად.

ასე შეიქმნა ანიმაციური ფილმები: „ტელევეზირი-94“, „ანდრო და დარო“, „უზარმაზარი ცა...“, „შემოდგომის ავტობუსი“, „პონტოს - შავი, შავი ზღვა“, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის მრავალ ფესტივალზეა გამარჯვებული. მათ შორის:

  • 1999  - საფრანგეთი, პარიზი. RIENA-99,  საერთაშორისო გარემოს დაცვითი ფილმების ფესტივალი. პრიზი „საუკეთესო ანიმაციური ფილმისათვის“;
  • 2001 - თურქეთი, ანტალია. 38th GOLDEN ORANGE International Film Festival. პრიზი: „საუკეთესო ანიმაციური ფილმისთვის“ და „ჟიურის სპეცილური პრიზი“;
  • 2001 - გერმანია, ბერლინი. ECOMOVE-2001, საერთაშორისო გარემოს დაცვითი ფილმების ფესტივალი. პრიზი: „Royal Award“;
  • 2006 - ვილნიუსი, ლიტვა. საერთაშორისო ანიმაციური ფილმების ფესტივალი TINDIRINDIS. პრიზი: „Best Made By Children“ და სხვ.
     

„ვეფხისტყაოსანი“

„ვეფხისტყაოსანი“ თაობიდან თაობას ზეპირმეტყველებით გადაეცემოდა. მასში მუდამ ხედავდნენ სიყვარულის, მეგობრობისა და გმირობის მისაბაძ მაგალითებს.

ჩვენი ჯგუფი ათი წელია, რაც მოგზაურობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში (კახეთი, ჯავახეთი, ყაზბეგი, სვანეთი, თიანეთი, სამაჩაბლო...),  ვეძებთ ბავშვებს, რომელთაც ზეპირად იციან „ვეფხისტყაოსნის“ ცალკეული სტროფები.

ერთად ვკითხულობთ, ვყვებით, ვსწავლობთ „ვეფხისტყაოსნის“ სტროფებს; ვიხსენებთ მივიწყებულ სიტყვებს, ვფიქრობთ და ვსაუბრობთ პოეტურ ენასა და რიტმზე, გმირების ქცევაზე, ნაწარმოებში მოთხრობილ ამბებზე. ვხატავთ, ვასურათებთ, ვიწერთ ბავშვების ხმებს, ვიღებთ კითხვის პროცესს. ასე ჩნდება ბავშვების თვალით დანახული თინათინი, ტარიელი, ნესტანი თუ ავთანდილი, ესა თუ ის სცენა.

ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა მხარის ბავშვების ნახატებსა და ზეპირად ნათქვამ სტროფებში ვლინდება თითოეული კუთხისთვის დამახასიათებელი განწყობა, ხედვა, ხმოვანება.

2003 წლიდან მოყოლებული, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში უკვე ჩავწერეთ 900-ზე მეტი ბავშვი; შეიქმნა პოემის სიუჟეტის ამსახველი 5000-ზე მეტი ნახატი. ჩვენ კვლავაც ვაპირებთ ექსპედიციების მოწყობას საქართველოს სხვადასხვა მხარესა და მის ფარგლებს გარეთ - ტაო-კლარჯეთში, ფერეიდანსა და საინგილოში,  ასევე, ვგეგმავთ რადიო და ტელე გადაცემების ციკლს, რათა უფრო მეტი ბავშვი ჩაერთოს პროექტში.

საუკეთესო აუდიოჩანაწერები, ნახატები და კალიგრაფიის ნიმუშები თავსდება მუდმივად განახლებად ინტერაქტიულ ვებ-გვერდზე www.utvalavi.ge, შეგროვებული მასალის საფუძველზე კი შეიქმნება სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი „ვეფხისტყაოსანი“, ასევე, დოკუმენტური ფილმი, რომელიც ასახავს ანიმაციურ ფილმზე მუშაობის პროცესს და კიდევ - ბავშვების ნახატებით დასურათებული წიგნი.

2013 წლამდე ეს პროექტი სტუდია „ტელევეზირის“ შემოქმედებითი ჯგუფის ენთუზიაზმით, დაფინასების გარეშე, ხორციელდებოდა. 2013 წლიდან იგი გაგრძელდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით.

პროექტის სრულად განსახორციელებლად ჩვენ კვლავაც ვეძებთ მხარდამჭერებსა და პარტნიორებს.

გთხოვთ თანადგომას, რათა ერთად განვახორციელოთ ჩანაფიქრი!

ასევე, გთხოვთ სკოლებს, შემოქმედებით სახელოსნოებს და ყველა მსურველს - გამოგვიგზავნოთ ნახატები და აუდიო ჩანაწერები.

 

დაგვიკავშირდით:

 

შემოქმედებითი ჯგუფი: 

პროექტის ავტორი და რეჟისორი: ნოდარ ბეგიაშვილი;
მხატვრები: ანი გოგორიშვილი, ანა ბეგიაშვილი, ნანო ზაზანაშვილი;
ანიმატორები: თემო ირემაძე, გიორგი მანჯავიძე, არჩილ კუხიანიძე, თომა ბეგიაშვილი;
ხმის რეჟისორი: გიორგი ბაიდაური;
ოპერატორი: დავით გოგილაშვილი, შალვა სოყურაშვილი, არჩილ კუხიანიძე, ლომერო ახვლედიანი;
ასისტენტი: სოფო ქაშაკაშვილი;
მენეჯერი: დავით გოგილაშვილი, ელენე კვინტრაძე, ლიკა მეგრელაძე, დავით მამულაშვილი;
კონსულტანტი: მანანა ბეგიაშვილი;
ვებტექნიკოსი: გია ცარციძე, გიორგი მორბედაძე