TARIEL'S DEPARTURE FOR KHATAET'HI AND GREAT BATTLES

დილას ადრე შევკრიბე ჩემი ურიცხვი ლაშქარი. ხატაეთისაკენ გავეშურეთ. ინდოეთის საზღვარს გავცდით. კარგა ხანს ვიარეთ. რამაზ მეფის მოციქული შემოგვეგება, ხატაეთის ხელისუფალს ჩემთვის ურიცხვი სიმდიდრე გამოეგზავნა, ასე მითვლიდა: ნუ ამოგვწყვეტ, შეგვიწყალე, გვაპატიე შეცოდება, შენი ჯარით ნუ წამოხვალ, მცირე ამალით მოდი და ციხე-ქალაქს უბრძოლველად ჩაგაბარებთო. დაე, ჩვენი მგლები თქვენმა თხებმა შეჭამონო.

ვაზირები მოვიწვიე და რჩევა ვკითხე. მათ მითხრეს: შენ ჯერ ახალგაზრდა ხარ, არ იცნობ რამაზ მეფის სიმუხთლეს. ღალატით დაგამარცხებს და მოგკლავს. ირჩევთ, მცირე ამალით წადი, მაგრამ დიდი ლაშქარი ახლოს იყოლიე, რამაზ მეფე თუ არ დაგემორჩილება, შერისხეო.

მომეწონა ვეზირთა გადაწყვეტილება. რამაზ მეფეს შევუთვალე, რომ მცირე ლაშქრით ვეახლებოდი. სამასი საუკეთესო მეომარი შევარჩიე ჩემს მხლებლად, დანარჩენ ლაშქარს ვუბრძანე, ახლოს მოგვყოლოდნენ. სამი დღე ვიარეთ. ახლა რამაზ მეფის სხვა მოციქული გვეახლა. მეფე მორჩილებას მითვლიდა, მწერდა: ერთმანეთს მამა-შვილივით ტკბილად შევეგებებითო.

ცოტა ხნის შემდეგ ახალი ელჩები გვეახლნენ, რამაზ მეფის მდაბალი სალამი გადმოგვცეს. ხატაელი მოციქულები კარგად მივიღე, ღამით მდიდრულ კარვებში მოვასვენე.

ამქვეყნად სიკეთე არ იკარგება: "კარგი საქმე კაცსა ზედა აზომ (ასე) თურე (თურმე) არ წახდების"_ ჩემთან ღამით რამაზ მეფის ერთი ელჩი მალულად მოვიდა, ასე მითხრა: მე ცოტა მამაშენის გაზრდილი ვარ, არ შემიძლია, არ გითხრა სიმართლე: რამაზ მეფე ღალატს გიპირებს, იცოდე, მცირე ამალით მიგიტყუებს, თვითონ ასჯერ ათას სპას (ჯარისკაცს) დაგახვედრებს, თუ რამეს არ იღონებ, ფათერაკს ეწევი, ხატაელები აბჯარს მალვით ჩაიცვამენ, კვამლით თავის ლაშქარს ნიშანს მისცემენ, ერთს ათასი დაგესევათ და მოგერევიანო.

იმ კაცს დიდი მადლობა გადავუხადე, დავპირდი, სიკეთეს არ დავუვიწყებდი. მისი ნათქვამი არავის ვუთხარი, ჩემს ლაშქართან კაცი გავგზავნე და ვუბრძანე, ჩქარა წამოსულიყვნენ.

დილით რამაზ მეფეს შევუთვალე, რომ მალე შევხდებოდით. ნახევარი დღის სიარულის შემდეგ ქედიდან (გორაკიდან) გადავიხედე, მინდორში მტვერივით უთვალავი რამაზ მეფის ჯარი დავინახე. ჩემს ლაშქარს მივმართე: ხატაელები გვღალატობენ, ნუ შევკრთებით, გავმამაცდეთ, მეფისათვის სიკვდილი წმინდათაწმინდაა: "ვინცა მოკვდეს მეფეთათვის, სულნი მათთნი ზეცას რბიან", _ დაე, ხატაელებს მამაცურად შევებრძოლოთ-მეთქი.

ჩემს ლაშქარს აბჯრის ჩაცმა ვუბრძანე, რაზმი დავაწყვე, საომრად მოვემზადეთ. რამაზ მეფემ მოციქული გამომიგზავნა, მითვლიდა: ჩვენ ხომ მოყვრები ვართ, აბჯრით რად მოხვედიო. რამაზ მეფეს შევთვალე: ყოველივე ვიცი, შენი ორგულობა შემიტყვია, ისე შევებათ, როგორც წესი და რიგია-მეთქი.

ხატაელებმა მთაზე ცეცხლი დაანთეს და თავინთ ლაშქარს კვამლით მოუხმეს, სამალავი დატოვეს, ორ კოლონად დაწყობილები წამოვიდნენ. რამაზს უკან რაზმი მოუყენეს, ძლიერი თავდაცვა მოიწყეს. მაინც ვერა დამაკლეს რა: საჭურველმტვირთველს შუბი ვთხოვე, თავზე ჩაჩქანი დავიხურე, ცხენის უნაგირზე დაკიდებულ მუზარადს დავწვდი, ჩემს რაზმს გავუსწარი, მტრის რაზმი წინ იდგა მწყობრად დალაგებული.

ახლოს მივედი, "საომრად ატეხილი" ვიყავი, როგორც გნოლის ჯოგში ქორი შეიჭრება, ისე შევვარდი მტრის რაზმში. გაშმაგებულიაო, _ ჩემზე ასე ამბობდნენ. იქეთ გავეშურე, სადაც უფრო მეტი ჯარი იდგა. კაცს შუბი ვტყორცნე, შუბი გამიტყდა, ისევ ხმალი ამოვიღე. ისე ვსხაპავდი მტერს, ჩემგან ხმლით შუაზე გაპობილი ხატაელები ცხენზე ხურჯინებივით გადაეკიდებოდნენ. Kკაცს კაცს ვტყორცნიდი, მარტომ ამოვწყვიტე წინა ორი კოლონა.

საღამო ხანს ქედზე მარტო მდგარმა მათმა რაზმმა ხატაელებს მიმართა; გაიქეცით, მტვერზე უთვალავი ინდოელთა ლაშქარი მოდისო. ჩემს ლაშქარს მთელი ღამე ეარა. იმდენი იყვნენ, მინდორი ვეღარ იტევდა. ბუკითა და ნაღარით მოდიოდნენ. ხატაელებმა, ეს რომ დაინახეს, გაქცევა დააპირეს, მე რამაზ მეფეს შევებრძოლე და დავამარცხე. მე და ჩემმა რაზმმა, აქამდე ბრძოლით უკან რომ ვიხევდით, ახლა, გულმოცემულებმა, მტერს შევუტიეთ. ჯარისკაცები ერთხმად მაქებდნენ. ხატაელები დავამარცხეთ. მე მკლავში ვიყავი დაჭრილი. რამაზ მეფეს ცხენდაცხენ შევებრძოლე. დავამარცხე და შევუთვალე: შენი სიმუხთლე შემიტყვია, ახლა მაინც გამოასწორე შეცდომა, სიმაგრეებს ნუ ამაგრებ, ყველაფერი მომითვალე-მეთქი. ხატაელთა მეფე შემეხვეწა: ოღონდ ნუ აგვაოხრებ და ყველაფერს ჩაგაბარებ, მხოლოდ ერთი ჩემი დიდებული მაპატრონე, რომ მეციხოვნეებს გავუგზავნოო. ასეც მოვიქეცით. სიმაგრეები უბრძოლველად დაგვნებდნენ. ურიცხვი ალაფი ავიღეთ. დამარცხებულ ხატაელებს ხელი არ ვახლე, აყრილი მოსახლეობა თავის ადგილას დავაბრუნე. საგანძური დავათვალიერე, მათი სიმდიდრის აღწერა შეუძლებელი იყო. განსაკუთრებით მომეწონა საკვირველი მოკლე ქათიბი და თავსაბურავი _ რიდე, იგი გასაოცარი სიმტკიცის, უჩვეულოდ ნაქსოვი იყო, ცეცხლში ნაწრთობი მეგონა. ეს ქათიბი და რიდე ჩემთვის გადავდე, დანარჩენი სიმდიდრე ფარსადან მეფისათვის გავამზადე, ათასი წვივმაგარი ჯორ-აქლემი დავტვირთე და ინდოეთში გავაგზავნე, თან კარგი ამბავიც შევუთვალე.