LETTER OF TARIEL TO THE KING OF THE INDIANS WHEN HE TRIUMPHED OVER THE KHATAVIANS

ხატაელებთან ომის შემდეგ ფარსადან მეფეს წერილი მივწერე, ჩვენს გამარჯვებას და რამაზ მეფეს შეპყრობას ვახარებდი; ინდოეთის საზღვარზე ჩემი ტკბილი გამზრდელი – ფარსადან მეფე _ შემომეგება, მომიალერსა, შეხვეული ხელი გამიხსნა, ხელახლა დამადო სახვევი. ქალაქგარეთ, მოედანზე ულამაზესი კარვები გააშლევინა და დიდი ნადიმი გამართა. მეფე ახლოს მეჯდა და ტკბილად მებაასებოდა. რამაზისათვის შენდობა ვითხოვე, მეფემ მოღალატე ხატაელთა ხელმწიფე შვილივით მიიღო, უბრძანა, აპატიებდა, ოღონდ ურჩობა აღარ გაებედა. ხატაელებს ხარკი დაადეს და რამაზ მეფე შეწყალებული უკან გაუშვეს.

დილით მეფესთან ერთად ვინადირე; ქალაქში რომ გავედი, ჩემს სამზერად ყველა გამოსულიყო, მაქებდნენ. დაჭრილი ხელი ხატაეთიდან წამოღებული რიდით მქონდა შეხვეული. მეფემ სადარბაზოდ მიმიწვია. იქ ნესტანი დამხვდა, რომელიც მეფე-დედოფალს ხალხში პირველად გამოეყვანათ. ჩემს სატრფოს ნარინჯისფერი ჯუბა ემოსა. დედოფალი შემომეგება, შვილივით მიმიღო, ნესტანის სიახლოვეს დამსვა. დიდი ნადიმი შეიქმნა, ნესტანს ვუმზერდი და ვხარობდი.

მეფემ ძღვნად ასი საჭურჭლე მომართვა, მეფე-დედოფალი მკოცნიდა და მეალერსებოდა.

შინდაბრუნებულს ასმათი მეახლა. ძალიან გამიხარდა მისი ნახვა. ასმათმა ნესტანის წერილი მომართვა. სატრფო გამარჯვებას მილოცავდა, ერთგულებას მეფიცებოდა. მკლავი რომ მქონდა შეხვეული, იმ რიდის ჩუქებას მთხოვდა: შენეული რიდე რომ მოვიხვიო და დამინახო, შენვე გეამებაო. თვითონ კი სამკლაურს მჩუქნიდა. მაშინვე ნესტანს წერილი მივწერე. ყურადღების ღირსი რომ გამხადა, მადლობას ვუხდიდი. მისი ნაჩუქარი სამკლავე გავიკეთე, ნესტანს კი რიდესთან ერთად ხატაეთიდან წამოღებული ყაბაჩაც (ჯუბა) გავუგზავნე.