THE COMING TO INDIA OF KHVARAZMSHA'S SON AND HIS SLAYING BY TARIEL

მალე სასიძოს ჩამობრძანების ამბავი გვახარეს. მეფე ილხენდა, მე კი ნესტანის ამბავს ვერ ვგებულობდი და ძლიერ ვდარდობდი. მეფემ თავისთან მიხმო, მითხრა, რომ დიდი ქორწილი უნდა გადაგვეხადა, უხვად წყალობა გაგვეღო. მე ბრძანება გავეცი, სასიძოს დახვედროდნენ. მეფემ სასიძოს მოსასვენებლად მოედანზე წითელი ატლასის კარვები გააშლევინა. დიდ სამზადისში ვიყავი, ასმათის წერილი რომ მივიღე: ნესტანი თავისთან მიხმობდა. აჩქარებით გავწიე მისკენ. ასმათი ტირილით შემომეგება და შემომჩივლა: რაც შენ გადაგეყარე, ცრემლის ღვრას ვერ ავცდი, ნესტანის წინაშე სულ როგორ უნდა გამართლოო.

ნესტანი წარბშეკრული დამიხვდა. რომ დამინახა, მითხრა: მოღალატევ, როგორ გამწირეო. მე მეწყინა, აღარაფერი ვუთხარ, გაბრაზებული მოვტრიალდი, ასე მივაძახე: ქალი ომს როგორ უნდა მასწავლიდეს, ასე როგორ დავძაბუნდი-მეთქი!

შინ დავბრუნდი, ას მონას ვუბრძანე, საომრად მომზადებულიყვნენ, მალულად გადავიარეთ ქალაქი, ხვარაზმშელი სასიძოს კარავში შევედი, ჩახლართული კალთა ადვილად ჩავჭერი, უფლისწული დაფრთხა, ფეხებში ხელი მოვკიდე, თავი სვეტზე შევუნარცხე, უსისხლოდ მოვკალი. წინ მწოლებმა დაიძახეს, დიდად გლოვობდნენ, მე ცხენზე ავმხედრდი, ვინც დამეწია, დავხოცე, ჩემს მტერთაგან მოურეველ ქალაქში გავმაგრდი. საკუთარ ლაშქარს მაცნეები გავუგზავნე, ვუბრძანე: ვისაც ჩემი შველა გინდათ, აქ მოდით-მეთქი.

დილით ადრე მეფისგან გამოგზავნილი სამი დიდებული მეახლა, მეფე მითვლიდა: ღმერთმა იცის, შვილივით გზრდიდი, მწუხარებად რად შემიცვალე სიხარული, ცოდვად რად ამკიდე ხვარზმშას უბრალო (უდანაშაულო) სისხლი, ჩემს გვარს ამხელა პასუხისმგებლობა რად დააკისრე, თუკი ჩემი ქალი გინდოდა, რად არ მითხარი, სიცოცხლე ჩამიმწარე და სიკვდილამდე ახლოს რომ მყოლოდი, გზა რად მომისპეო.

მე მეფეს შევუთვალე: მე რომ სულით ასეთი მტკიცე არ ვიყო, ალბათ, შენი წყენისათვის სირცხვილი მომკლავდა. ხელმწიფე მუდამ სამართლიანი უნდა იყოს, განა არ იცი, ინდოეთის მემკვიდრედ მხოლოდ მე ვითვლები, აღარავინ დარჩა, ამიტომაც ტახტი ჩემია. შენი ქალი კი, იცოდე, არ მჭირდება, წაიყვანე, გაათხოვე, ინდოეთს კი არავის დავუთმობ-მეთქი.

მეფეს დიდებულების მეშვეობით ასე შევუთვალე. ძლიერ განვიცდიდი, ნესტან-დარეჯანის ამბავი რომ არ ვიცოდი.

მის შემდეგ საშინელი რამ შევიტყვე, მიკვირს, მაშინვე რატომ არ მოვიკალი თავი: ორი ქვეითი (ფეხით მოსიარულე) მოდიოდა, ერთს სახედაკაწრული ასმათი მოჰყავდა, ასმათმა, ძველებურად რომ აღარ გამიცინა, დავუძახე, ეთქვა, თუ რა ამბავი იყო ჩვენს თავს. ქალმა საბრალოდ შემომტირა, მითხრა: ღმერთმა თავისი რისხვა დაგვატეხა, ყოველივეს მოგახსენებ, ოღონდ, როგორც მე გაგახარებ, შენც ისე შემიწყალე, ამბავს რომ მოგიყვები, ნუღარ მაცოცხლებ, მომკალ, ამქვეყნიურ ტანჯვას ამარიდეო.

ასმათმა მომიყვა: მეფემ რომ გაიგო, რომ შენ სასიძო მაკალი, ძლიერ განრისხდა, შენი მოძებნა ბრძანა, მაგრამ ვერ გიპოვნეს, მეფემ ბრძანა: ვიცი, ჩემს ქალსა და ტარიელს ერთმანეთი უყვარდათ, ჩემს თავსა ვფიცავ, ჩემს დას დავარს მოვკლავ, რადგანაც ნესტანი ცუდად გაუზრდია და გაუქეზებიაო. მეფე იშვიათად იფიცებდა, მაგრამ ფიცს არასოდეს ტეხდა. დავარმა, ეს რომ გაიგო, ასე თქვა: ღმერთმა იცის, მე უბრალო ვარ, ნესტანის გამო ვკვდები, ტარიელისადმი მის სიყვარულს ვეწირები, მაგრამ ისე ვიზამ, ვერც ნესტანი შეხვდება ტარიელს, იმას, ვისაც მამსხვერპლაო.

ჩემ პატრონს, ნესტანს, შენეული რიდე ეხვია, ძლიერ უხდებოდა. Dდავარი განურისხდა, ისეთ უხეშ სიტყვებს ეუბნებოდა, მანამდე რომ არც გამეგონა: შე ბოზო დიაცო, საქმრო რად მოაკვლევინე, მეფეს ხვარაზმშას სისხლის ფასი ჩემი სისხლით რად გადაახდევინე. მაგრამ ისე ვიზამ, ჩემი ძმა ტყუილად არ მკლავს, ჩემს სიკვდილამდე ისეთ რამეს ჩავიდენ, ამ სასჯელს დავიმსახურებო.

დავარმა ნესტანი ცემა, შემდეგ გრძნეულმა ქალმა ორი ქაჯი მონა მოიხმო, დიდი კიდობანი (ყუთი) მოატანინა, შიგ ნესტანი ჩასვა, დარაჯებად ეს ქაჯი მონები დაუყენა და მათ უბრძანა, რომ გადაეკარგათ იქ, სადაც ზღვის ჭიპი იყო, ხმელეთზე არ გამოეყვანათ, სულ ზღვა-ზღვა ეტარებინათ. მონებს ძლიერ გაეხარდათ და სულ "იპი-იპი" იძახეს, შემდეგ ზღვისაკენ სარკმელი გახსნეს, კიდობანი ზღვაში ჩაუშვეს და გაუჩინარდნენ. შემდეგ კი დავარმა თქვა: ვიდრე ჩემი ძმა მომკლავს, სჯობს, მე თვითონ მოვიკლა თავიო, დანა დაიცა და მოკვდა.

ახლა კი, ტარიელ, მე, ასეთი ამბის მახარობელს, რად არ მკლავო? – შემომტირა ასმათმა.

მე ასმათს ვუთხარი: დაო, რად უნდა მოგკლა, შენი რა ბრალია, მე რომ ნესტანის ვალი მადევს, რით გადავუხადო?  თავი მის საძებნელად უნდა გადავდო-მეთქი.

გული გამიშმაგდა. მე სამოც კარგ მოყმეს ვუბრძანე, მხლებოდა, ზღვის კიდით-კიდემდე დავცურავდი, ნესტანს ვეძებდი, მაგრამ ღმერთმა შემიძულა და არ გადმომხედა, ერთი წელი რომ ასე გავატარე, შემდეგ ჩემი ხეტიალის თორმეტ თვეს ოცი თვეც დაემატა. მხლებელი ყველა დამეხოცა, ვთქვი: ასეთია ღმერთის ნება-მეთქი. მომწყინდა ზღვა-ზღვა ცურვა, მარტო ასმათი და ორი მონაღა დამრჩა. ნაპირს გამოვედი და ცოტა ხანი დავყავი.