THE STORY OF NURADIN-P'HRIDON WHEN TARIEL MET HIM ON THE SEASHORE

ღამით მოვდიოდით, ისე ჩანდა, რომ ქალაქის ახლოს ვიყავით. ჩემი გული მწუხარებას მოეცვა, დასასვენებლად ჩამოვქვეითდით. ხის ძირას მივიძინე. მოულოდნელად ყვირილი გავიგონე. უცნობი რაინდი ამაყად იძახდა, ამჟამად მე რომ მყავს, იმ შავ ცხენზე ამხედრებული, ზღვის პირას დაქროდა, დაჭრილი იყო, ხელში გადატეხილი ხმალი ეჭირა, ვიღაცას ემუქრებოდა, განრისხებული იყო. მონა გავუგზავნე, შევუთვალე, რომ მისი ნახვა მეწადდა, ლომივით ვაჟკაცად მივიჩნევდი, ვთხოვდი, ჩემთვის ეჩვენებინა, ვინ აწყენინა. მან მონას არაფერი უთხრა, მაშინ ცხენზე შევჯექი, ჩავეგებე, დავუძახე, შენი ბედით დავინტერესდი-მეთქი. მან შემომხედა, მოვეწონე, შეჩერდა. შემაქო, ასეთი მშვენიერი რამ შეგქმნაო. მერე მითხრა, რომ იმ მტერს, აქამდე ადვილად რომ ერეოდა, გაეშმაგებინა. მე ვთხოვე, დაწყნარებულიყო. ჩამოქვეითდა და როგორც მამა-ძე, ისე დავსხედით. ერთი მონა დასტაქარი მყავდა, ჭრილობა ისე შეუხვია, არ ატკინა. ფრიდონი ქებას მიძღვნიდა. გულმა გული იგრძნო და ერთმანეთი მაშინვე შეგვიყვარდა. ფრიდონმა თავისი ამბავი მომიყვა:

აქვე ახლოს მულღაზანზარის ქალაქია, ჩემი საპატრონო. მე ნურადინ-ფრიდონი ვარ, ამ ქვეყნის მეფე. ყოველგვარი სიკეთით შემკული ქვეყანა მაქვს. როცა მამაჩემი და მისი ძმა პაპაჩემმა გაჰყო, ზღვაში რომ კუნძულია, მე მომაკუთვნა. ბიძაჩემს, რომლის შვილებმაც მე დამჭრეს, იქ სანადიროდ ადგილები დარჩა. მეცილებოდნენ კუნძულში. დღეს სანადიროდ გამოვედი. ქორის დევნა მომინდა, მარეკები არ გავაგზავნე, ჩემს ჯარს ვუთხარი, მარტო გავიდოდი, მხოლოდ ხუთი ბაზიერი (ნადირობაში დამხმარე მონადირეები, რომლებიც ფრინველებს პატრონობენ) გავიყოლე. ნავით გავედი იმ ადგილას, მე და ჩემს ბიძაშვილს სადავოდ რომ გვქონდა. იქ ზღვის სრუტე იყო, ბიძაშვილებს არად ვაგდებდი. ასე ვფიქრობდი: ეს მიწა ჩემია, არავის არაფერში ვეცილები და რად უნდა მოვერიდო-მეთქი. მათ ყურადღებას არ ვაქცევდი, არაფერი მენაღვლებოდა, ლაღად ვნადირობდი. ბიძაშვილები გამირისხდნენ. ხმლით გამომეკიდნენ. მენავეებს ნავი ვთხოვე. საბრძოლო ყიჟინა ავტეხე, ბიძაშვილების ლაშქარმა გზა გადამიღობა, მაგრამ ჩემი გადაქელვა ვერ შეძლეს. მაშინ დიდი ლაშქარი დამადევნეს. ალყაში მომიქციეს. თანმხლებები დამიხოცეს, ცალკე ყველას ვერეოდი, მაგრამ ისრებს ზურგიდანაც მესროდნენ, ხმალს მივწვდი, ბრძოლაში გამიტყდა, ისრები დამელია. ყველა მხრიდან მომადგნენ, ხომალდიდან ცხენი გადავახტუნე, ზღვა-ზღვა ცურვით წამოვედი, მდევარები დამეხოცა, ყველა მდევარი მოვიგერიე, ახლა კი, დაე, აღსრულდეს ღვთის ნება! მე მათ ჩემს სისხლს არ შევარჩენ, შურს ვიძიებ!

ფრიდონი მაშინვე მომეწონა. ასე მოვახსენე: აჩქარება ყველგან არ გამოგვადგება, მეც წამოგყვები, ჩვენ ერთად რომ დაგვინახავს, მტერი შეგვიშინდება, ჩემს ამბავს კი, მერე, დაწყნარებით გიამბობ-მეთქი.

ფრიდონი დამეთანხმა, რომ ბრძოლა გადაგვედო. ერთად მივედით მის ტურფა ქალაქში. ხალხი გამოგვეგება, ფრიდონს დაჭრილს რომ ხედავდნენ, ტიროდნენ და ეხვეოდნენ, მე კი მეგებებოდნენ და ტკბილად მღებულობდნენ. მთელი მოსახლეობა მდიდრულად იყო ჩაცმული. ცოტა ხანს ფრიდონთან დავყავი. ფრიდონი უკვე ისე მომჯობინდა, ცხენზე ჯდომა და აბჯრის ხმარება შეეძლო. მოვემზადეთ საბრძოლველად. გავმართეთ საბრძოლო ხომალდი. ფრიდონი ისე დიდებულად გამოიყურებოდა, მოწინააღმდეგეს მის დანახვაზე მეტი არა რჩებოდა – ღმერთისათვის შველა უნდა ეთხოვა. მტერიც მომზადებულიყო საომრად. წინა ნავს შევეჯახე და გადავაბრუნე. იქ მყოფებს სულ დიაცური "ვა" ვაძახებინე. ახლა სხვა ნავს მივაშურე, ზღვაში ჩავლეწე, ომს რაღას შესძლებდნენ, მტრები თავიანთ ქუჩებსა და სახლებში დასამალავად გამექცნენ, ვინც ჩემს ბრძოლას უყურებდა, ერთხმად მაქებდა.

ზღვა გადავიარეთ, ბრძოლით მივიკლევდით გზას. მოვიხიბლე ფრიდონის სიმამაცით, ლომივით რომ ომობდა. მან ორივე ბიძა ხმლით ჩამოყარა, მკლავებშეკრული დაყარა, ყმები აუტირა. მტრის ლაშქარი გაიფანტა, ჩვენ ქალაქი ავიღეთ, მტრები მასხარად ავიგდეთ, ხმლების მაგივრად ქვებით გავუსწორდით. ფრიდონმა საჭურჭლეები (საგანძური) გახსნა, თავისი ბეჭდით დაბეჭდა. ბიძები ტყვედ წამოიყვანა, ფრიდონის ქალაქში მოქალაქეებს ზეიმი მოეწყოთ. ქუჩაში მეფოკუსეები გამოეყვანათ და ხალხს ართობდნენ. მე და ნურადინს ერთხმად შეგვასხეს ქება, ფრიდონს "მეფეს" ეძახდნენ, მე კი – "მეფეთ-მეფეს", მაგრამ ჩემს გულს სიხარული არ ეკარებოდა.

ერთ დღეს სანადიროდ გამოვედით. ზღვაში ერთი კონცხი იყო, იქ გავედით და ზღვას ვუჭვრეტდით, ფრიდონმა საკვირველი რამ მომიყვა; აი, მისი ამბავი:

ერთხელ ავმხედრდი, ხომ იცი, ჩემი ცხენი ზღვაში იხვსა ჰგავს, ხმელეთზე კი _ შევარდენს. ამ ადგილას ვიდექი და იქეთ გაფრენილ ქორს ვუყურებდი. შორს ზღვაში უცნაური რამ დავინახე. ვერ მივხვდი, რა იყო, ვერც ფრინველს მივამსგავსე, ვერც _ მხეცს. Nნავი მოცურდა, ზედ მრავალკეცი ქსოვილი ეფარა, შიგნით ისეთი ლამაზი ქალი იჯდა, მისი მშვენიერება ცას წვდებოდა. კიდობნიდან ორი შავი მონა ამოძვრა, უმშვენიერესი ქალი ამოიყვანეს. ქალს ნათელი ადგა, შუქს ასხივებდა. სიხარულმა ამიტანა, მაშინვე შემიყვარდა ეს ქალი, ცხენი გავქუსლე, მათკენ წავედი, ზღვის პირს რომ ჩავედი, ვეღარავინ ვნახე, ისინი ზღვაში გამქრალიყვნენ.

ფრიდონმა თავისი ამბავი დაასრულა. მე ცეცხლი მომედო. ჩემს ძმობილს ტირილით ვუთხარი: ჩემი იყო ის მთვარე, მის დაკარგვას შევუშფოთებივარ და გადავუკარგივარ-მეთქი. ფრიდონს ყოველივე მოვუყევი. მულღაზანზარის ხელმწიფემ რომ შეიტყო ჩემი ინდოეთის მეფეთა შთამომავალობა, თაყვანი მცა, შემდეგ მითხრა, ჩემი ქალაქი გზაჯვარედინზეა, ყველა ხომალდმა იგი უნდა გადაკვეთოს, მენავეები ყოველმხრივ გავგზავნოთ, ამ ქალის ამბავი ვაკითხინოთ. იცოდე, ისეთი ჭირი არ არსებობს, რომელიც ლხინით არ შეიცვლებაო:

 

"ყოველი ჭირი არ ეგების (არ შეიძლება), თუმცა ლხინმა არ დასძლია".

 

 მართლაც, ასე მოიქცა. მენავეები ყოველკუთხივ გაგზავნა, მე თავისთან დიდი პატივით დამიტოვა, თავისი ტახტი მე დამითმო, თან წუხდა, აქამდე როგორ ვერ მივხვდი, დიდი ინდოეთის ხელმწიფე რომ მახლდაო.

მალე ყოველკუთხივ მოვიდნენ გაგზავნილი შიკრიკები, ვერაფერი შეეტყოთ. ფრიდონს უნდოდა, თავისთან დავეტოვებინე, მაგრამ ვერ გავძელი, წასვლის ამბავი რომ გავუმხილე, ფრიდონი ატირდა, მეხვეწებოდა, თავის ლაშქართან ერთად დავრჩენილიყავი, მაგრამ არ დავიშალე. მაშინ ფრიდონმა თავისი შავი ცხენი მომიყვანა და მაჩუქა. ასე მითხრა: რადგან წასვლა არ დაგიშლია, ამაზე საჭიროს ვერაფერს გიძღვნიო.

ფრიდონმა გამომაცილა. ტირილითა და კოცნით დავემშვიდობეთ ერთმანეთს, ლაშქარიც ჩვენთან ერთად ტიროდა. მულღაზანზარიდან წამოსულმა ხმელეთი და ზღვა შემოვიარე, მაგრამ ნესტანის მნახველ კაცსაც ვერ წავაწყდი. გულს ვეღარ ვიმორჩილებდი, მხეცებთან ყოფნა მეწადდა. ასმათსა და მონებს ვუთხარი, დავეტოვებინე, ჩემს ტანჯვას ნუღარ უყურებდნენ. არ მიმატოვეს, ადამიანთა სადგომს გავეცალე, ნადირთან ერთად ვიყავი. ეს გამოქვაბული ვიპოვნეთ, დევებს ამოეჭრათ და იქ ცხოვრობდნენ. შევებრძოლეთ. მათ მონები დამიხოცეს, დავრჩით მე და ასმათი. მას შემდეგ აქ ვარ და აქ ვკვდები, ზოგჯერ, გახელებული (გაგიჟებული) მინდვრად გავიჭრები, ვტირი და დარდს ვეძლევი, ასმათი არ მტოვებს, ისიც ნესტანისათვის წუხს.

მას შემდეგ ვეფხის ტყავი მმოსავს. Nნესტანს მაგონებს, ამიტომაც მიყვარს ვეფხის ტყავი და ვერ ვიშორებ, მინდორში დავძრწივარ, ნადირებს ვახლავარ და სიკვდილს ვეძებ. ესაა ჩემი ამბავი. ახლა წადი, შენს სატრფოს ჩემი თავგადასავალი მოუყევი, შენ მაინც ნახე შენი მზე და შეეყარე!

ავთანდილმა უპასუხა:

_ შენთან გაყრა მეძნელება. იცი, ერთი სიმართლე უნდა შემოგბედო და ნუ გეწყინება: შენ ვისთვისაც კვდები, ასე მას არაფერი ეშველება, ყოფა არაფრით შეუმსუბუქდება. ექიმი რომ დასნეულდება, რაც არ უნდა საქებარი იყოს, მან სხვა მკურნალი უნდა იხმოს, მას გაუმხილოს თავისი ავადმყოფობის მიზეზი და იმ სხვა ექიმმა უნდა მოარჩინოს. ამიტომაც, მომისმინე, რას შემოგბედავ: შენ, მარტომყოფი ასე გულფიცხად ვერაფერს ეწევი (მიაღწევ), მე უეჭველად უნდა ვნახო ჩემი სატრფო, შენი ამბავი მოვუთხრო, შემდეგ კი, პირობას გაძლევ, დავბრუნდები, ერთმანეთი არ გავწიროთ, ერთად ვიღონოთ რამე.

ტარიელმა და ავთანდილმა დაიფიცეს, რომ ერთმანეთს არ დაივიწყებდნენ, ის ღამე ერთად გაატარეს, დილით ტირილით გამოემშვიდობნენ, ტარიელმა და ასმათმა ავთანდილი გამოაცილეს. ასმათი ევედრებოდა, ადრე დაბრუნებულიყო, ავთანდილი ჰპირდებოდა, ორი თვე დაეცადა, შემდეგ შეიყრებოდნენ.