THE TESTAMENT OF AVT'HANDIL TO KING ROSTEVAN WHEN HE STOLE AWAY

ავთანდილმა როსტევან მეფეს ბარათი დაუწერა: მეფეო, ტარიელის დასახმარებლად გავიპარე, სხვა გზა არ მქონდა, გევედრები, შემინდე და ღვთიური მოწყალების მსგავსად შენი წყალობა მიბოძე.

ვიცი, საბოლოოდ ჩემი განზრახვისათვის არ გამკიცხავ, რადგანაც კაცი მეგობარს ვერ გასწირავს. Pპლატონისაგან (ძველ ბერძენი ფილოსოფოსი) ნასწავლ სიტყვას გკადრებ: სიცრუე ჯერ ამქვეყნად გვავნებს, შემდეგ კი – იმქვეყნად, საუფლოში:

"სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა".

ყოველი ბოროტების სათავე სიცრუეა. მე რად უნდა გავწირო ძმაზედ უმტკიცესი მოყვარე?! სიბრძნეს ხომ იმიტომ ვსწავლობდი, რომ იმქვეყნად გზა გაგვინათდდეს.მოციქულები სიყვარულს ხოტბას ასხამენ; შენ, მეფეო, ყველაზე უკეთ მოგეხსენება: სიყვარულია ის გზა, რომელიც ღმერთთან სულიერად გვაახლოვებს: "სიყვარული აღგვამაღლებს".

ღმერთმა მტერთან დამარცხების ძალა მოგვცა, იგი უხილავია, მიწიერთდამხმარე. მას შეუძლია, ყოველივე განაგოს, მისი ნების გარეშე არანაირი საქმე არ ხდება. უმზეოდ ია ჭკნება, ვარდი ხმება, ყოველი მშვენიერი სანახავი თვალს იტყვევებს. მე ტარიელი ვიხილე, ვიცი, მას უმზეოდ (თავისი სატრფოს გარეშე) დაჭკნობა, დაღუპვა ემუქრება, გულმა როგორ გამიძლოს, რომ მეგობრის დასახმარებლად არ წავიდე?! მზეო, მაპატიე შენი გადაწყვეტილების შეცვლა, მე ხომ ტარიელზე ფიქრით ვიყავი დატყვევებული და არ შემეძლო, იგი მიმეტოვებინა. მასთან წასვლა ჩემი ტანჯვის წამალია, თუკი მის საშველად თავი გადავდე, აღარ დავეძებ, რა დამემართება.

უსარგებლოა ყოველივე დარდი, რადგანაც ყოველივე განგებისაგანაა წინასწარ გადაწყვეტილი. მამაკაცის წესია გასაჭირის ატანა, რაც მოსახდენია, უნდა მოხდეს:

"არვის ძალუძს ხორციელსა, განგებისა გარდავლენა".

ღმერთს ჩემთვის რაც განუძრახავს, დაე, აღსრულდეს, გული ისე დამეწვას, რომ ფერფლიც აღარ დამრჩეს, ოღონდ, როცა დავბრუნდები, თქვენ გნახოთ მხიარული, დიდებით და ძლევით მოსილი, მე ისიც მეყოფა სახელად, თუ ტარიელს რამე ვარგე.

მეფეო, იმქვეყნად ორივე წარვდგებით, ამიტომაც, როგორ დავივიწყოთ მოყვარე! ცრუ და მოღალატე კაცი დასაგმობია. მე ვერ მოვატყუებ იმ მზისებრ ხელმწიფეს (ტარიელს), განა, რა უნდა იყოს ომში წასვლაზე, მოშიშარ კაცზე უარესი! მშიშარა კაცი რითა სჯობს მქსოველ დედაკაცს, ამქვეყნად ყველაფერს სახელის მოხვეჭა სჯობს:

 

"სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოვლისა მოსახვეჭელსა!"

სიკვდილს ვერაფერი დაიჭერს, მისგან ყოველივე გათანასწორდება – სუსტიცა და მამაციც, საბოლოოდ, ყველა მიწაში შეიყრება – ახალგაზრდაც და მოხუციც, სიკვდილი დილის და ღამის შემყრელია, ამიტომაც,

"სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი".

ცდება, ვინც ყოველწამს სიკვდილს არ მოელის, ჩვენ თუ ამქვეყნად ერთმანეთს ვეღარ შევხდებით, დაე, შენ მაინც იდღეგრძელე.

წუთისოფელი თუ დამამხობს, მე, უცხო მხარეს გადახვეწილს, ყველასგან მივიწყებულს, თუ მეწვია სიკვდილი, თქვენმა მოწყალე გულმა მაინც შემიწყალოს.

უცხო მხარეში გადახვეწილს თუ დაღუპვა მელის, არაბეთში ქონება დამრჩება. ჩემი ურიცხვი საქონელი, გევედრები, მეფეო, გლახაკებს დაურიგე, მონები გაათავისუფლე, ყველა ობოლი და უქონელი შეიწყალე, დაე, მათი ლოცვა ჩემს სულს შეეწიოს.

ჩემი ქონებიდან თქვენს საგანძურში შესატანად რაც არ გამოდგება, უცხოთა თავშესაფრისა და ხიდების ასაგებად გაეცით, ვერ გეპირფერებით, იგი არაფერს არგებს ჩემს სულს, რომელსაც თუკი მე უკადრის საქმეს ჩავიდენ, ეშმაკი დასძლევს.

იმედი მაქვს, შენი მოწყალების კალთას შერმადინსაც გადააფარებ, უჩემობას არ აგრძნობინებ.

დაე, იმედით დარჩით და პატივისცემით იმეფეთ.

ავთანდილმა ანდერძი შერმადინს გადასცა, და ილოცა: იგი მიმართავდა ხმელეთისა და ცის გამგებელ ღმერთს, რომელიც ადამიანს ხან დაუმსახურებელ ბედნიერებასაც და ხან კი დიდ ტანჯვას ანიჭებს, სპასპეტი ევედრებოდა შემოქმედს სურვილითა მოთმენას, მიჯნურობის ძალის შენარჩუნებას, გზაზე შეწევას, მტერთა ძლევასა და ღამე მავნეთა გარიდებას.

არაბი ჭაბუკი ლოცვის შემდეგ ამხედრდა, მალვით განვლო ქალაქის შემკვრელი გალავნის კარი.

შერმადინი კი ტიროდა, ეძნელებოდა პატრონთან დაშორება.

მეორე დილით როსტევანმა სადარბაზოდ დიდგვაროვნები შეჰყარა. სოგრატს მიმართა: გუშინ რაღაც მითხარი, გამახსენე, დამავიწყდა, რა იყო, გამიმეორეო.

ვაზირმა ავთანდილის დანაბარები კვლავაც მოახსენა. როსტევანმა რომ გაიგონა, კვლავ განრისხდა, ვაზირი გამოვიდა და ავთანდილს დაუწყო ძებნა. მონებმა უთხრეს, რომ სპასპეტი გაპარულიყო, სოგრატი მეფესთან ვეღარ შედიოდა. როსტევანი მიხვდა, ალბათ, ავთანდილი გაიპარა და ვაზირი იმიტომ ვერ ბედავს შემოსვლასო. მის დასაძახებლად მსახური გააგზავნა. სოგრატმა ყოველივე მოახსენა. მეფე ტიროდა. ავთანდილზე ამბობდა, რომ იგი იმდენად სრულყოფილი და კარგი იყო, რომ თავს ყოველთვის გაიტანდა:

"თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენიები".

როსტევანს ის ადარდებდა, რომ გრძნობდა, როგორ გაუჭირდებოდა ავთანდილის გარეშე ყოფნა, იმედოვნებდა, რომ სპასპეტს თავისი მშვილდი და ისარი დაარჩენდა, მაგრამ თვითონ რა უნდა ექნა, როგორ გაეძლო უმისოდ. ბოლოს, მეფემ იკითხა, მარტო წავიდა თუ არაო.

ყველა ტიროდა, შემდეგ დარცხვენილი შერმადინი ეახლა, ავთანდილის ანდერძი გადსცა, ამან უფრო დამწუხრა მეფე და დიდებულები. გადაწყვიტეს, ავთანდილის დაბრუნებამდე აღარ ემხიარულათ.