ავთანდილი ტარიელის შესაყრელად მიდიოდა, თინათინი ენატრებოდა, გული მასთან დარჩენოდა, ღმერთს მიმართავდა ვედრებით, იგი მზიან ღამეს "უჟამო ჟამის" (მარადიულ დროს) ხატად, სახედ წარმოედგინა, შემწეობას სთხოვდა.
გზად გარეული თხა ნახა, მოკლა, შეწვა და დანაყრდა, ბევრი იარა, ტარიელისა და ასმათის სამყოფელს მიაღწია. გამოქვაბულში მარტო ასმათი დახვდა, ტარიელზე უთხრა, აქ ვეღარ გაძლო და მინდორში გაიჭრაო. ავთანდილს ეწყინა: მე უიმისოდ ამქვეყნად არაფერი მიღირდა, ყველაფერს მოვშორდი, ღმერთის სწორი მეფე მოვიმდურე, მან კი ფიცი გატეხა და არ მომიცადაო. ასმათი ევედრებოდა, რომ ეპატიებინა, რადგანაც ტარიელს დარდისგან გული ჰქონდა მოუგვარებელი, ადამიანის გონება, ფიქრი და გული ხომ ერთმანეთზეა დამოკიდებული და როცა კაცი გულს კარგავს, ანუ ხალისი წაუხდება, მისი გონებაც დუნდება და მწუხარე ფიქრები შეიპყრობს. უგულო კაცი ადამიანთაგან გარიყულია, ნუ ემდური ტარიელს, მას სხვანაირად მოქცევა არ შეეძლო. მისი გამართლება შეიძლება, მაგრამ შენც მართალი ხარ, რადგან "სხვა სხვისა ომსა ბრძენია". ტარიელს აქ გული აღარ დაუდგა, ასე დაგიბარა: მე ფიცს არ ვტეხ, მის ნახვამდე ვეცდები მოვიცადო, მაგრამ თუ მკვდარი დავხვდი, დამმარხოსო. უავთანდილოდ ყოფნა ჩემთვის ძალიან ძნელი შეიქმნა, რადგანაც იგი ჩემთვის უმოყვრესი გახდაო.
"ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია".
ასმათმა და ავთანდილმა ცოტა ისაუბრეს, შემდეგ ავთანდილი ტარიელის საძებნელად გაეშურა, მთა ჩაიარა, წყალი გადაიარა, ტარიელს ეძებდა და დარდობდა, რომ ამქვეყნად ორ ყველაზე საყვარელ ადამიანს (თინათინსა და ტარიელს) გაჰყროდა.
ავთანდილი ქედზე ავიდა, ძირს მზიანი ველი გადაშლილიყო, შამბნარში შავი ცხენი დაინახა, მიხვდა, ტარიელის რომ იყო, ფერდობი ჩაიარა, მინდორში გრძნობადაკარგული მეგობარი იხილა. ტარიელის ერთ მხარეს სისხლიან ხმალთან ერთად მოკლული ლომი ეგდო, მეორე მხარეს კი – უსულო ვეფხვი. ავთანდილი დიდხანს ცდილობდა ტარიელის გამოფხიზლებას, ბოლოს, როცა ტარიელმა თვალი გაახილა, მეგობრები ერთმანეთს გადაეხვივნენ და გადაკოცნეს, ტარიელმა უთხრა: ხომ ხედავ, ძმაო, პირობა შეგისრულე, ცოცხალი დაგხვდი, მაგრამ მალე მოვკვდები და გთხოვ, ჩემი სხეული მხეცების საჯიჯგნად არ დაუტოვო, მიწას მიაბარეო.
ავთანდილმა გაოცებით ჰკითხა მეგობარს: განა არ იცი, რომ მიჯნურობა ძნელია, სხვა მიჯნურს შენებრი საქმე როდი ჩაუდენია, თავი სატანისათვის ნებით როდი მიუცია, შენ ხომ ბრძენი ხარ და უწყი (იცი), რომ ჭირს გამაგრება უნდა, კაცი წუთისოფელთან ბრძოლაში მხოლოდ თავისი საქციელისგან, თავისი გონებისგან დამარცხდება:
"ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვიტკირსა,
თავისასა ცნობისაგან ჩავარდები კაცი ჭირსა".
მინდორში დაძრწი, მხეცებთან ტირი და ამით რა წადილი უნდა აისრულო, მიჯნური ვინ არ ყოფილა, მაგრამ ასე არ მოქცეულა, ვარდიც კი, მშვენიერი, ეკლიანია, რადგან მისი მოპოვება ადვილი არ შეიქმნეს,
"არ იცი, ვარდი უეკლოდ არავის მოუკრებიან!".
მოდი, საკუთარ გულისთქმას ნუ აყვები:
"რაცა არ გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა".
ტარიელმა სევდიანად უპასუხა: ძმაო, ვიცი, რომ შენ ჩემი დახმარება გწადია, მაგრამ ღონე არ შემწევს, დარდისგან გახელებული ვარ, არ შემიძლია, შენი კარგი ნათქვამი გავიგო, მალე სიკვდილი მეწვევა, ეს ჩემთვის ლხენაა, რადგანაც აქ გაყრილი მიჯნურები იმქვეყნად შევიყრებით, ამიტომ ნუღარ ცდილობ ჩემს მობრუნებას, შენი საუბარი მაშინ იქნებოდა საჭირო, საღ გონებაზე რომ ვიყო. ხომ იცი, ვარდი უმზეოდ ჭკნება, დამაცადე სიკვდილიო.
ავთანდილი სიტყვით ბევრს ეფერებოდა, ბოლოს, როცა ვეღარას გახდა, შეევედრა: მე შენი გულისათვის ყველაფერი დავტოვე, ვერც მეფემ შემაჩერა მშობლიური საუბრით, ამიტომ, გევედრები, გულმოკლულს ნუ დამტოვებ, ერთი თხოვნა შემისრულე: ბოლოჯერ დამანახე, როგორ ზიხარ ცხენზე. ამის შემდეგ თავს დაგანებებ და, რაც გინდა, ისა ჰქენიო.
ავთანდილმა ცხენი მოუყვანა, ეხვეწებოდა: "შეჯექიო", ტარიელი აამხედრა, თვითონ აღვირით ნელა მიჰყავდა ცხენი, მინდორში გაიყვანა, მეგობარს მომჯობინება რომ შეატყო, წყნარად ესაუბრა, ტარიელს სამხრეზე მიუთითა, ინდოელმა ჭაბუკმა უთხრა, რომ ეს სამხრე ნესტანის ნაჩუქარი იყო და სიცოცხლეს ერჩივნა. ვთანდილმა მიუგო: შენ ოქროს სამხრეს, უსულო საგანს, ვერ შელევიხარ და სულ დაგავიწყდა ასმათი, მისი დობილი და შენი ჭირის გამზიარებელიო.
ტარიელმა შეწუხდა და მიუგო: არ მეგონა, ცოცხალი თუ დავრჩებოდი, რადგანაც გადავრჩი, წამო, ასმათი ვინახულოთო.
ძმობილები ერთად გაეშურნენ გამოქვაბულისაკენ, გზად ავთანდილი არიგებდა ტარიელს; ინდოელი ამირბარიც უსმენდა:
"გონიერსა მწრვთნელი უყვარს, უგუნურსა გულსა ჰქმიდეს".
ავთანდილი ტკბილი ენით ბაასობდა და ტარიელს გულს უწყნარებდა;
"გველსა ხვრელად ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი".
გზად ტარიელმა ავთანდილს ლომ-ვეფხვის დახოცვის ამბავი მოუყვა:
იმ ქედზე გადავდექი, დავინახე, ლომ-ვეფხვი შეყრილიყვნენ, შეყვარებულებს ჰგავდნენ, მათი ნახვა მეამა, ვეფხვი გაურბოდა, ლომი მისდევდა, ჯერ ტკბილად ლაღობდნენ, მერე ერთმანეთს ტოტი (თათი) წაჰკრეს, ქალთა წესისამებრ ვეფხვი მოშორდა, ლომი გამოედევნა; ლომს საქციელი დავუგმე: რა ვაჟკაცის წესია შეყვარებულის გამეტებაო, ლომი ხმლით მოვკალი, შემდეგ ხმალი დავაგდე და ვეფხვი ხელით შევიპყარი, ნესტანს მივამგვანე, კოცნა მომინდა, ვეფხვი მიღრენდა და ბრჭყალებით მკაწრავდა, ვეღარ გავძელი და ისიც მოვკალი; შემდეგ გულმოკლულს გამახსენდა, ჩემს შეყვარებულს როგორ წავეკიდე და სიცოცხლე მას შემდეგ როგორ გამიმწარდაო.
ავთანდილი უსმენდა ტარიელს და მასთან ერთად ტიროდა. შემდეგ უთახრა: ძმაო, ღმერთი მოწყალეა, თქვენი გაყრა რომ სდომოდა, ერთმანეთს არ შეგყრიდათ. მიჯნურს ფათერაკი სდევს, მაგრამ ბოლოს ლხინს მოგვცემსო.
ავთანდილი და ტარიელი გამოქვაბულთან მივიდნენ. ასმათმა ერთად რომ დაინახა, გამოეგება, სამივე ერთმანეთს ტირილით შეხვდა, წარსულს იგონებდნენ, მწვადი შეწვეს, ის ღამე ერთად გაათენეს: დილით ტარიელმა უთხრა მეგობარს, რომ უზომოდ მადლიერი იყო მისი, რადგან არ დაივიწყა, მაგრამ ახლა კი დრო იყო, ავთანდილი სამშობლოში დაბრუნებულიყო და შეყვარებულს შეყროდა.
ავთანდილმა უპასუხა, რომ მიჯნურს ფათერაკი სდევდა. ტარიელი და ნესტანი ღმერთს ასეთი სრულყოფილები გაეჩინა, ერთად შეეყარა და შემდეგ, როგორ იზამდა, ერთმანეთი საბოლოოდ დაეკარგათ?! თუკი ისინი კვლავაც არ შეიყრებოდნენ, დაე, ავთანდილისათვის ამოეხადათ სული!
ავთანდილმა სთხოვა ტარიელს, ერთი წელიწადი მოეცადა, ამ გამოქვაბულს არ მოშორებოდა, თუ ერთი წლის შემდეგ არ დაბრუნდებოდა, მკვდარად ჩაეთვალა.
ამხედრდნენ, ავთანდილი ასმათს დაემშვიდობა, ძმობილებმა გამოქვაბული დატოვეს, ერთ დღეს ერთად მიდიოდნენ, ღამეც ცეცხლის პირას გაატარეს. ავთანდილმა ტარიელს სთხოვა, ამ ცხენის მომცემი ძმადნაფიცი ფრიდონის ადგილსამყოფელი მიესწავლებინა. ავთანდილს სურდა, თვითონ მისულიყო მასთან. ტარიელმა დაარიგა, აღმოსავლეთით ზღვის პირას ევლო, ფრიდონს სწვეოდა და მისი ამბავი ეთქვა.
თხა მოკლეს, ცეცხლზე შეწვეს, ხის ძირას გაათენეს. Dდილას ერთმანეთს გადაეხვივნენ, ცრემლით გაეყარნენ, ტარიელი აღმა წავიდა, ავთანდილი კი დაღმა დაუყვა გზას.