OF THE GOING OFAVT'HANDIL TO P'HRIDON'S WHEN HE MET HIM AT MULGHAZANZAR

გზაზე მიმავალი ავთანდილი კვლავ თინათინს იხსენებდა, მისი ხატება ედგა თვალწინ, მზეს, მთავარეს და პლანეტებს მიმართავდა, სიყვარულში შემწეობას სთხოვდა. შემდეგ თავის გულს შეევედრა დაწყნარებულიყო. ავთანდილი ამღერდა, მისი ტკბილი ხმის გაგონებაზე მხეცები სმენად მოდიოდნენ, წყალში თევზი ჩერდებოდა, ქვიდან წყალი გამოდიოდა, მთელი ქვეყანა: სულიერი თუ უსულო, გარინდულიყო და ავთანდილის სიმღერას აყურადებდა.

ავთანდილი, ტარიელს რომ გაეყარა, სამოცდაათი დღე ზღვის პირას მიდიოდა, ბოლოს მენავეები დაინახა, შეეკითხა, თუ ვისი იყო ეს სამეფო. მათ მოახსენეს, რომ აქ თურქეთის საზღვარი გადიოდა, ამის იქეთ მათი ქვეყანა იყო, რომლის ხელმწიფე უხვი, ძლიერი ნურადინ ფრიდონი გახლდათ. ავთანდილმა მენავეებს უთხრა, რომ სწორედ მას ეძებდა და სთხოვა, გზა მიესწავლებინათ. ავთანდილი მათი ნაჩვენები გზით მულღაზანზარისკენ წავიდა. იქ მინდორში ნახა ფრიდონი თავის მრავალრიცხოვან ჯართან ერთად ნადირობდა. ამ დროს ორბი გამოფრინდა. ავთანდილმა ისარი სტყორცნა და ჩამოაგდო. Fფრიდონის ამალამ ალყა დაშალა, ავთანდილს გარს შემოეხვივნენ, ავთანდილის სილამაზით და სიმარდით ტკბებოდნენ და გაოცებულნი უყურებდნენ არაბ ჭაბუკს.

ფრიდონი ვერ მიხვდა, რა მოხდა, გორზე შედგა. ფრიდონმა მსახური გაუზავნა თავის ლაშქარს, ალყა რატომ დაშალეთ, რა ხდებაო. მსახურმა, ავთანდილი რომ დაინახა, მისი სილამაზით თვალი გაუშტერდა. ავთანდილი მიხვდა, რომ ეს კაცი ფრიდონისგან იყო გამოგზავნილი და მსახურს სთხოვა, პატრონისათვის გადაეცა, რომ ტარიელის ძმადნაფიცი იყო და მას გამოეგზავნა.

ფრიდონს "ტარიელი" რომ ესმა, ცრემლი მოერია, საჩქაროდ ჩაიარა გორაკი, ავთანდილს მიეგება. ავთანდილი და ფრიდონი ერთმანეთს ისე გადაეხვივნენ, თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ყოფილიყვნენ. ფრიდონის სასახლესკენ გაემართნენ. მულღაზანზარის მეფეს ავთანდილმა თავისი ამბავი მოუთხრო, ნადირობისას მეფესთან ერთად როგორ შეხვდა ვეფხისტყაოსნიან მოყმეს და იგი ავთანდილმა როგორ ეძება სამ წელიწადს, შემდეგ როგორ შეეყარა ტარიელს, რომელიც ამჟამად დევების გამოქვაბულში ცხოვრობდა და თან მხოლოდ ასმათი ახლდა.

ფრიდონი დააღონა ტარიელის ხსენებამ. ახლადდაძმობილებულმა ქალაქს მიაშურეს. ფრიდონის ქალაქი მდიდრულად და ლამაზად იყო ნაშენი. მოქალაქეები მდიდრულად იყვნენ შემოსილები. იმ დღეს ფრიდონი მასპინძლობდა ავთანდილს, რომ გათენდა, ავთანდილი ძვირფასად მოასვენეს, მრავალი საჩუქარი უძღვნეს, შემდეგ სანადიროდ გავიდნენ. გზად ავთანდილმა უთხრა, რომ უნდა წასულიყო, სთხოვდა, ის ადგილი ეჩვენებინა, სადაც ნესტანი იხილა. Fფრიდონმა სურვილი შეუსრულა, მას ეძნელებოდა ავთანდილის გაშვება, მაგრამ რა ექნა: ვერ დაუშლიდა, თან ყმები გაატანა, რომლებიც აბჯარსა და ღამით დასაგებს წაიღებდნენ, ტვირთის საზიდად ჯორი და ცხენი მისცა, სამოცი ლიტრა წითელი და კარგად შეკაზმული ძვირფასი ცხენიც უძღვნა.

ფრიდონმა გამოაცილა, თან ის ადგილი აჩვენა, სადაც ნესტანი იხილა, შემდეგ ერთმანეთს გადაეხვივნენ და ძველი მეგობრებივით დაემშვიდობნენ.