THE STORY OF AVT'HANDIL'S ARRIVAL IN GULANSHARO

ზღვა გადაიარეს, ულამაზეს, ბაღნარებიან ქალაქში ჩავიდნენ. ირგვლივ ყველაფერი ყვაოდა, თვალს ახარებდა ქალაქის მშვენიერება. ვაჭრებმა ხომალდის ღუზა ჩაუშვეს და ნაპირზე გადმოვიდნენ. ავთანდილს ვაჭართა ჯუბა ემოსა და ტახტრევანზე დაბრძანებულიყო. მზიდავები ქალაქში ასეირნებდნენ. ერთ უტურფეს ბაღთან მივიდნენ. ავთანდილმა მებაღეს უხმო და გამოჰკითხა, თუ ვისი იყო ეს ქალაქი და აქაურ მეფეს რა ერქვა.

მებაღემ უპასუხა, რომ ისინი ზღვათა სამეფოში იმყოფებოდნენ, ამ ქალაქს გულანშარო ერქვა; მას ხელმწიფე მელიქ სურხავი განაგებდა. აქაური ცხოვრების წესად მოლხენა, სმა-ჭამა გამხდარიყო. ზამთარ-ზაფხულ მთელი ქალაქი ყვაოდა, ვინც იცნობდა, ყველა შემონატროდა. ვაჭრები ყიდვა-გაყიდვაში იყვნენ დახელოვნებულები, ზოგჯერ მოიგებდნენ, ზოგჯერ კი – წააგებდნენ. აქ გლახაკს ერთ თვეში შეეძლო გამდიდრებულიყო და უქონელს _ ერთ წელიწადში საქონელი შეეძინა.

ეს უსენის, ვაჭართა უხუცესის ბაღი და საბრძანებელი იყო. გულანშაროში შემოსული ყველა დიდვაჭარი პირველად მას მიართმევდა ძღვენს, თავის საქონელს უჩვენებდა, ფასსაც მასვე დაადებინებდა, ყოველივე ამის შემდეგ უსენიც ვაჭრებს შეუზღუდავი ყიდვა-გაყიდვის ნებას აძლევდა. მებაღემ ავთანდილს ურჩია, რომ ასე მოქცეულიყო.

მებაღემ ავთანდილს უთხრა, რომ მისებრ საპატიო სტუმრებს უსენი მასპინძლობდა. ამჯერად ვაჭართუხუცესი შინ არ იყო და მის მაგივრობას ფატმან ხათუნი, მისი ცოლი, სწევდა, მისთვის უნდა ეთხოვათ მიღება და ვაჭრობის ნებართვა. ავთანდილმა მებაღე ფატმანთან გააგზავნა, მებაღემ ვაჭართუხუცესის ცოლს უცნობი ჭაბუკის მშვენიერება აუწყა. Qქალმაც არ დააყოვნა და შინ მიიწვია, ათი მონა გაგზავნა ავთანდილის მოსაყვანად, თან ქარვასლები (სავაჭრო და ვაჭართა დასაყენებელი სახლები) მოუმზადა მისაღებად. ავთანდილიც ეახლა. არაბი ჭაბუკის სამზერად (სანახავად) მთელი ქალაქი გამოსულიყო. Yყველა ქალი მისით ტკბებოდა, საკუთარ ქმრებს ზედაც აღარ უყურებდნენ. Fფატმანი გაეგება, ავთანდილი მხიარულად მიიღო, კარგადაც უმასპინძლა.

ვაჭართუხუცესის ცოლი საამო შესახედავი, არცთუ ძალიან ახალგაზრდა, მაგრამ მომხიბვლავი, მოარშიყე პირმრგვალი ქალი იყო, რომელსაც კარგი ჩასაცმელი, გართობა და დროსტარება ძლიერ უყვარდა.

იმ ღამით ფატმანმა ავთანდილს კარგად უმასპინძლა. ავთანდილმაც კარგი ძღვენი მიართვა, დილას ჭაბუკმა ქალს სავაჭრო საქონელი აჩვენა, ფასიც დაადებინა, ამათგან საუკეთესო მეფისათვის გადადო, დანარჩენი კი ვაჭრებს დაუბრუნა, რომ როგორც უნდოდათ, ისე ევაჭრათ.

ავთანდილი, ვაჭრულად გადაცმული, ფატმანთან დროსტარებით იყო გართული. თანდათან ფატმანის გულს ავთანდილის სიყვარული შეეპარა, ჯერ დამალვა ეწადდა, მაგრამ ვერ ახერხებდა, ბოლოს, გადაწყვიტა, რომ საარშიყო (სასიყვარულო) წიგნი მიეწერა ავთანდილისათვის. ასეც მოიქცა. ავთანდილმა, მისი წერილი რომ წაიკითხა, გაბრაზდა, თავი თინათინის მიჯნურად, მისი ტრფობით დატყვევებულად მიაჩნდა და ახლა ფატმანის გამოჩენამ შეაშფოთა, ასე ფიქრობდა: ჩემი გული თინათინთანაა, ფატმანს როგორ გავუმიჯნურდე, გულანშაურელ დიაცს ასე მოუვიდა: ვარდს ყვავი რომ ნახავს, თავი ბულბული ჰგონიაო,

"უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია".

დიდხანს ფიქრობდა ავთანდილი, როგორ მოქცეულიყო, ბოლოს, გადაწყვიტა: ფატმანი არაერთ ადამიანს შეხვედრია, იქნებ რაიმე იცოდეს ნესტან-დარეჯანის შესახებ, დიაცის გული ხომ ასეთია: ვინც უყვარს, მისთვის არას დამალავს, რაც იცის, ყოველივეს ამცნობს (ეტყვის) მიჯნურსო:

"კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების!"

ავთანდილმა ფატმანს წერილი მისწერა. უთვლიდა: შენ დამასწარი, თორემ მე უფრო ადრე მომედო შენი ტრფობის ალი, მუდამ შენთან ყოფნა მსურსო.

ფატმანმა გაიხარა, მაშინვე გაუმხილა: როცა შეღამდება, მეწვიეო. ცოტა ხნის შემდეგ ფატმანმა ავთანდილს მისწერა, ამაღამ ნუღარ მოხვალო. ავთანდილს ეწყინა: რას მათამაშებსო. მაინც მივიდა ვაჭართუხუცესის ცოლთან. ფატმანი მის დანახვაზე შეცბა, მაგრამ არ შეიმჩნია. ერთად დასხდნენ, ტრფიალებდნენ, ამ დროს ვიღაც ახოვანი, ლამაზი ჭაბუკი მოვიდა, ფატმანი და ავთანდილი ერთად მოალერსე რომ ნახა, განრისხდა, ფატმანს დაემუქრა: გათენდება თუ არა, ამ მოყმის ყოლას განანებ, ისე გაგიხდი საქმეს, შენს შვილებს კბილებით დაჭამო. განრისხებული კაცი რომ წავიდა, ფატმანმა მოთქმა-ვაება ატეხა. ავთანდილი შემცბარი უსმენდა, შემდეგ ქალს შეეკითხა, თუ ვინ იყო ის კაცი და რატომ ემუქრებოდა. Fფატმანმა უთხრა: მე ჩემი უგუნური საქციელით ჩემი ქმარ-შვილი ამოვწყვიტე, შენ კი ორი გამოსავალი დაგრჩენია: ან ის კაცი მალულად ღამე მოკალი, ამით მე და ჩემი სახლობა შერცხვენასა და სიკვდილს დაგვიხსენი, ან კი ამავე ღამით შენი ტვირთიანად გაიპარე, ისე, რომ შენს ნაკვალევსაც ვერავინ მიაგნოს.

ავთანდილს, ეს რომ ესმა, ხელში ლახტი (არამჭრელი საბრძოლო იარაღი) აიღო, ფატმანს უთხრა: ამ კაცის სახლის მცოდნე ვინმე გამაყოლე, დამიცადე და ყოველივეს, რაც იმ კაცს ვუზამ, მოგახსენებო. ქალი დათანხმდა, მსახური გააყოლა, თან დაავალა: ის ყრმა მოკალი, ჩემი ბეჭედი რომ უკეთია, უკან მომიტანეო. ავთანდილმა განვლო გულანშარო, მსახურმა იგი ზღვის პირს წითელ-მწვანე ქვით ნაგებ ტერასებიან მდიდრულ სასახლეში მიიყვანა, ბანზე ადგილი უჩვენა, სადაც ის კაცი იძინებდა.

ფატმანის დამმუქრებელ კაცს კარის წინ ორი დარაჯი ეწვა, ავთანდილი მიეპარა, ორივეს ყელში ხელი წაუჭირა, თავები ერთმანეთს შეანარცხებინა და დახოცა.

ფატმანის დამმუქრებელი გულანშაროელი კაცი მარტო იწვა. ხელსისხლიანმა ავთანდილმა იგი დანით მოკლა, შემდეგ ბეჭდიანი თითი მოჰკვეთა, მისი გვამი ზღვისაკენ გაჭრილ სარკმელში გატყორცნა და ზღვის ფსკერზე მოუნახა განსასვენებელი.

ავთანდილი ფატმანთან დაბრუნდა, ყოველივე მოუთხრო და მოკვეთილი ბეჭდიანი თითი მიუტანა, შემდეგ ქალს ჰკითხა, თუ ვინ იყო ის კაცი და რატომ ემუქრებოდა. ფატმანმა მადლიერებით უპასუხა, რომ ის და უსენი, მისი წყალობით, ხელახლა დაიბადნენ, იგი ყოველივეს მოუთხრობდა.