AVT'HANDIL'S DEPARTURE FROM GULANSHARO, AND HIS MEETING WITH TARIEL

ავთანდილმა ზღვა გადაიარა, მხიარული მიდიოდა, ტარიელთან შეყრა უხაროდა. ზაფხული ილეოდა:

"მიწურვილ იყო ზაფხული, ქვეყნით ამოსვლა მწვანისა,

ვარდის ფურცლობის ნიშანი, დრო მათი პაემანისა".

გზად ავთანდილი დაცვარულ ვარდს ეამბორებოდა, თინათინს აგონებდა მისი მშვენიერება.

გამოქვაბული გამოჩნდა, ავთანდილი მიხვდა, რომ მისი ძმობილი, ალბათ, სადმე მინდორში მხეცთა შორის იქნებოდა და კარგ ხასიათზე მყოფი სიმღერით იქეთ გაეშურა. მალე ტარიელიც იხილა:

ინდოელ ჭაბუკს ხმლით ლომი გაეგმირა, ჩამოქვეითებული იდგა. ავთანდილის ლაღი ხმა რომ გაიგო, გაიოცა, ხმალი გადააგდო, ძმობილს შეეგება, ერთმანეთს გადაეხვივნენ, ტარიელს გული ამოუჯდა და ატირდა, ავთანდილი სიცილით ეუბნებოდა, რომ მისი სასურველი ამბავი გაეგო, ტარიელმა კი სევდით უპასუხა, რომ, ამქვეყნად თუკი რაიმე გაუხარდებოდა, მისი ნახვა იყო, ეს კი მისთვის ბედს უკვე ერგუნებინა, სხვა რაღა უნდა ყოფილიყო.

ავთანდილმა ვეღარ მოითმინა, ნესტანის რიდის ნაკვეთი ამოიღო და წერილთან ერთად აჩვენა, ტარიელმა იცნო რიდე, სატრფოს წერილი, მისმა გულმა გრძნობათა მოზვავებას ვეღარ გაუძლო და გონება დაკარგა.

ავთანდილი გულწასულ ტარიელს უმზერდა, რომელსაც სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა და წუხდა, პირს იხოკდა: რა ვქენი, განა არ ვიცოდი, რომ დიდი ლხინის გაძლებაც ისეთივე ძნელია, როგორც ჭირისაო?!

ავთანდილი წყლის საძებნელად წავიდა, მაგრამ ვერსად ნახა, მაშინ მოკლული ლომის ლალისფერი სისხლი აპკურა ძმობილს, ტარიელი გონს მოვიდა, წამოჯდა, მაშინვე წერილისა და რიდის ამბავი იკითხა, ავთანდილმაც აღარ დააყოვნა, ყოველივე მოუთხრო. ტარიელი ღმერთს მადლობდა, სიხარულით მიაშურეს გამოქვაბულს, ასმათმა მათი ხმა რომ გაიგო, გამოეგება. Qქალი გააოცა მომცინარე ძმობილების დანახვამ, ავთანდილი გადაეხვია ასმათს, კოცნით ესალმებოდა, ასმათი ეხვეწებოდა, მალე ეთქვა, რა უხაროდა. ავთანდილმა ასმათს ნესტანის წერილი აჩვენა.

ასმათმა ჩამოართვა ბარათი, სიხარულით გაოგნებული, აღტაცებით ადიდებდა ღმერთს, ნესტანი რომ ცოცხალი იყო. ავთანდილმა ანუგეშა, უთხრა, რომ მათი ჭირი ლხინმა შეცვალა:

"ბოროტსა სძლია კეთილმა, არსება მისი გრძელია".

 

ინდოეთის მეფე – ტარიელი, ასმათს სიხარულით ეხვეოდა, ორივე ტიროდა, რადგანაც ღმერთმა ისინი არ გასწირა:

 

"კაცსა ღმერთი არ გასწირავს, თუმცა კაცი შეიგებდა".

 

ავთანდილი, ტარიელი და ასმათი გამოქვაბულში შევიდნენ. ტარიელმა ავთანდილს მოუყვა, რომ როცა დევები დახოცა, ამ გამოქვაბულში მარავალი ძვირფასი საჭურჭლე დახვდა. მას ხელი არაფრისათვის ეხლო, ახლა კი დაეთვალიერებინათ, თუ რა ჰქონდათ დევებს შენახული, იქნებ რამეში გამოსდგომოდათ.

ძმობილებმა და ასმათმა გამოქვაბულის ორმოცი კარი გახსნეს, უთვალავი საგანძური, თვალ-მარგალიტი, ოქრო იხილეს, იქვე ერთი ზარადხანა (იარაღისა და საჭურველის საწყობი) ნახეს, უამრავი აბჯარი მწნილივით ბლომად ეწყო, ერთ-ერთი კიდობანი დაბეჭდილი დახვდათ. ზედ ეწერა, რომ აქ საკვირველი საომარი ნივთები ეწყო: საკვირველი აბჯარი, ალმასის ჯაჭვ-მუზარადი, უბასრესი ხმალი, რომელიც ქაჯებთან ბრძოლაში გამოდგებოდა, სხვა დროს მისი გამოყენება არ შეიძლებოდა.

ორმა ძმობილმა ქაჯთაგან დატოვებულ კიდობანში სამი კაცის აბჯარი, ჯაჭვი, ხმალი, მუზარადი, ბარძაყის დამცველი ჯავშანი იხილეს, ყველაფერი ზურმუხტის ბუდეებში ეწყო. ტარიელმა და ავთანდილმა საბრძოლო აღჭურვილობა მოისინჯეს, ქაჯების დატოვებული ხმალი რკინას ყველივით ჭრიდა, ყველაფერი უცხო და საკვირველი იყო. ტარიელმა და ავთანდილმა გადაწყვიტეს, მესამე საომარი აღჭურვილობა ფრიდონისათვის გადაენახათ. ქაჯთა გამოქვაბულიდან ოქრო-ვერცხლი წამოიღეს, დანარჩენი ყველაფერი დაბეჭდეს. ბრძოლის ჟინით ანთებულმა ძმობილებმა და ასმათმა ფრიდონისაკენ გასწიეს.

დილიდანვე მულღაზანზარისაკენ ორი ცხენით გაეშურნენ, ასმათი უკან ესვათ, გზად ვაჭრისგან ცხენი იყიდეს, მალე ფრიდონის მეჯოგეებს წააწყდნენ. გადაწყვიტეს, ფრიდონს გახუმრებოდნენ, ამიტომაც, ვითომ მეკობრეები იყვნენ, ჯოგს დაერივნენ, საუკეთესო ცხენებს იტაცებდნენ, მეჯოგეებმა მშველელს მოუხმეს, ფრიდონიც მათ საშველად შეკაზმული გამოვიდა, თან რაზმი მოჰყავდა, ტარიელმა და ავთანდილმა სახე მუზარადით დაიფარეს, ძმობილი რომ მიუახლოვდა, ტარიელმა სახე გამოაჩინა და ფრიდონს შესცინა: რა იყო, ჩვენი მოსვლა გეწყინა, ავი მასპინძელი ომით რომ მოგვეგებეო?!

სიხარულით ანთებული ფრიდონი ჩამოქვეითდა, ღმერთს მადლობა უძღვნა, ძმობილებს შეეგება, ერთმანეთს ეხვეოდნენ, მათ სხვა დიდებულებიც შეუერთდნენ. ტარიელი, ავთანდილი და ფრიდონი ერთად საამო სანახავი იყვნენ: თითქოს ცის კამარიდან ორი მზე და ერთი მთავარე ჩამოსულიყო. ფრიდონმა ტარიელს ძვირფასი ტახტი მოუმზადა, გვერდით ავთანდილი მიუსვა. იმ ღამით სტუმრები მულღაზანზარის მეფემ კარგად მიიღო, ძვირფას აბანოში დაბანა, ათობით ათასი ძღვენი უძღვნა. დილით კი ფრიდონი ძმობილებს შეეხუმრა: ცუდი მასპინძელივით უნდა მოქცეულიყო, სტუმრებისათვის წასვლა უნდა დაეჩქარებინა, თორემ ქაჯები დაასწრებდნენ და ბრძოლა გაძნელდებოდა. Dდიდი ლაშქრის წაყვანას აზრი არ ჰქონდა, სამასი კაციც ეყოფოდათ. ფრიდონი ქაჯეთში ადრეც ყოფილიყო, მათ მტკიცედ გამაგრებული, კლდეებით გარშემოზღუდული ქალაქი ჰქონდათ, იქ აშკარად შესვლა და მათთან შებრძოლება შეუძლებელი იყო; უმჯობესი იყო, მალულად შესულიყვნენ.

ძმობილებმა ასმათი უხვად დაასაჩუქრეს და მულღაზანზარში დატოვეს. თვითონ კი სამასი ცხენოსნის ამალით საომრად გასწიეს.

ქაჯთა ქალაქს რომ უახლოვდებოდნენ, ფრიდონის რჩევით, ღამ-ღამობით მიდიოდნენ და დღისით იდგნენ. ბოლოს, კლდეებით გარემოცული ქალაქი გამოჩნდა. Uუთვალავი ჯარი იცავდა, შესასვლელ გვირაბს ათი ათასი მცველი დარაჯობდა.