THE GOING OF TARIEL TO THE KING OF THE SEAS

ძმობილებმა პირველად ფატმანის მოსანახულებლად გულანშაროს, ზღვათა ქალაქს, მიაშურეს. ტარიელმა კარგი ამბავი შეუთვალა მეფეს: ატყობინებდა ფატმანის დამსახურებას და ქაჯთა სამეფოს უძღვნიდა. ასევე, უხვად ასაჩუქრებდა უსენს, ფატმანის ქმარს.

გულანშაროში ჩასულ რაინდებს მეფე დიდი პატივით შეხვდა. ფატმანმა დიდად გაიხარა ნესტანის ხილვით, კოცნიდა, ღმერთს მადლობას უძღვნიდა და ამბობდა:

"ვცან სიმოკლე ბოროტისა, კეთილია მისი გრძელი".

ნესტანი თავის დედობილთან ყოფნით ვერა ძღებოდა.

ზღვათა მეფემ ტარიელსა და ნესტან-დარეჯანს დიდი ქორწილი გადაუხადა, შვიდ დღეს უხვად მასპინძლობდა, ურიცხვი საჩუქარი მიართვა ნეფე-პატარძალსა და მათ ძმობილებს.

ტარიელი ყველას მადლობას უხდიდა, განსაკუთრებით ფატმანს. მაგრამ დადგა ამ მშვენიერი ქალაქის დატოვების დროც. უძნელდებოდათ განშორება, ცრემლმორეულები დაემშვიდობნენ ერთმანეთს, მეფე-დედოფალი და უსენი გლოვობდნენ მათთან გაყრას, ფატმანის ცრემლი ზღვას ერთვოდა. ნესტანი და რაინდებიც დამწუხრდნენ. ზღვით გამოემართნენ მულღაზანზარისაკენ, ასმათს მახარობელი გაუგზავნეს.