THE ARRIVAL OF TARIEL IN INDIA AND HIS CONQUEST OF THE KHATAVIANS

ვაჭრებმა მოლაშქრეებს ხატაელთა სიმუხთლეს ამცნო – რამაზ მეფე ინდოეთში პატრონად დამჯდარიყო, მართალია, დედოფალი ცოცხალი იყო, მაგრამ მის ყოფნას სიკვდილი ჯობდა.

ეს რომ ესმათ, ფიცხლად გასწიეს, სამი დღის სავალი ერთ დღეში დალიეს, ინდოეთის დროშით მიიწევდნენ.

ინდოეთის საზღვარზე დარაჯები შეხვდათ, რამაზ მეფის დანიშნულები. ტარიელმა ისინი ხატაეთის მეფეს გაუგზავნა და შეუთვალა, რომ ცეცხლითა და მახვილით მოდიოდა და დახვედროდა:

"შიში ვერ გიხსნის სიკვდილსა, ცუდნიღა დაღრეჯანია!"

რამაზ მეფეს დანაბარები გადასცეს, მალე ყველამ იხილა დიდი ამალა მოემართებოდა. ინდოეთის დროშას შეტყუპებულად არაბეთის დროშა მოუძღოდა, მათთან ერთად ფრიდონიც იყო. მეომრებს წინ ხუთასი ცხენოსანი მიეგება უიარაღოდ და ხატაელთა ხელმწიფის დანაბარები გადასცეს: რამაზ მეფე ევედრებოდა, ნუ დახოცავდა, ეპატიებინა შეცოდება, მალე თვითონ ჩაუვარდა ტარიელს მუხლებში, ეაჯებოდა, თვითონ და მისი თანმხლები ხუთასი ვაზირი დაეხოცა, ჯარი კი უბრალო იყო, შეეწყალებინა, ტირილითა და ვაებით ევედრებოდნენ შენდობას. ტარიელი მოლბა, უკუღმართი საქმის გამოსწორება მოინდომა, ხატაელები, სიხარულით ცრემლსა ღვრიდნენ, თავის ლაშქარს მახარობელი გაუგზავნეს: შეგვიწყალესო. თარიელი დედაქალაქში ინდოეთის დროშით შევიდა, ინდოელებს ღალატი ეგონათ, არ მოელოდნენ ტარიელს, მან კი შორიდანვე დაიძახა: მე, თქვენი მეფე მოვედი, თან ჩემი მნათობი მომყავსო.

ინდოელები გამოეფინნენ, ზღუდეები და ბანები ხალხით აივსო, სიხარულის ყიჟინას სცემდნენ. სამეფო კარი გაიღო, იქ ყველა ძაძით მოსილი იხილეს – ფარსადანს გლოვობდნენ. დედოფალი გამოვიდა, ხალხს უბრძანა, გაეხარათ, ღმერთს წყალობა მოევლინა მათთვის, ტარიელი დედოფალს მოეხვია, მანაც დედასავით მიიღო, ნესტანმა დედას შესტირა:

"ჰაი, მე რა ვქნა, დედაო!

წითელ-ყვითლითა დაგადე, აწ შავოსანსა გხედაო,

მამამან ტახტი დაცალა, არღასადა ზის ზედაო!

დედამან ცრემლი მოსწურნა: "ნუ სტირ, დადუმდი, ბედაო."

დედამ შვილს სახე დაუკოცნა, ყველას გადაეხვია, ბრძანა გლოვა შეეწყვიტათ, ზეიმით აღნიშნულიყო მათი დაბრუნება.