ასმათმა ტარიელს ავთანდილი გამოუყვანა. ეს ორი მშვენიერი ვაჟკაცი ერთმანეთს ისე მიეგება, თითქოს დიდი ხნის მეგობრები ყოფილიყვნენ. კარგი სანახავი იყო მათი შეყრა: მზისა და მთვარის ერთად ყოფნას ჰგავდა.
ტარიელმა ავთანდილს მიმართა: ვინ ხარ, საიდან მოსულხარ, მე სიკვდილსაც კი დავავიწყდი და შენ რატომ მკითხულობო.
ავთანდილმა მიუგო: "მე ვარ არაბი, არაბეთს არს ჩემი დარბაზებია". ჩემი პატრონის ასული შემყვარებია, მან შენს საძებნელად გამომგზავნა. არ მიცნობ, მაგრამ გინახივარო. ავთანდილმა მოუყვა მაშინდელი ამბავი. ტარიელს გაახსენდა, მაგრამ ასე უთხრა: მე უბედური ვიყავი და ვტიროდი, თქვენ _ ბედნიერები და ილხენდით, რას მერჩოდით, განა, ერთმანეთს რითი ვგავდით, რად გინდოდათ ჩემი შეპყრობა, არ იცოდით, რომ შინ ჩემ ნაცვლად ჩემგან დახოცილებს მიიტანდით?! მეფე რომ დავინახე, ხელი არ ვახლე, რადგანაც ხელმწიფე ხელშეუხებელია და სწრაფად გაცლა ვამჯობინე. ჩემი შავი მერანი თვალზე უსწრაფესია, ხმელეთსა და ზღვაში ბადალი არ მოეპოვება, თვალის დახამხამებაში შეუძლია გადაიკარგოს, ისე, რომ კვალსაც ვერ მიაგნონო.
ავთანდილს ძლიერ მოეწონა ტარიელი. ასე უთხრა; ამ დღემ დამავიწყა ჩემი გასაჭირი, სულ მინდა, შენ გეახლოო. ტარიელს გაუკვირდა ავთანდილის სიტყვები, ბოლოს მიუხვდა: წესია, მიჯნურს, მიჯნური ებრალება, მაგრამ შენ რომ მე მეახლო და ამით შენს სატრფოს გაგყარო, ღმერთს რა პასუხი გავცე. შენს მიჯნურს ჩემი ამბის გასაგებად გამოუგზავნიხარ, ძალიან მეძნელება ჩემი თვგადასავლის თხრობა, მაგრამ თუკი ამით სხვის სიყვარულს სიკეთე ეწევა, არას ვჩივი, რომც მოვკვდე, მაინც მოგიყვებიო.
ტარიელმა სამოსი თავისუფლად მოიგდო მხრებზე, ასმათს სთხოვა, თუ გული წაუვიდოდა, წყალი ეპკურებინა, ხოლო თუ მოკვდებოდა, მხეცების საჯიჯგნად არ დაეტოვებინა.
ტარიელმა თავისი ამბის თხრობა დაიწყო.