დასაწყისი

ღმერთმა თავისი ძლიერი ძალით შექმნა სამყარო (ცა); ყოველივეს ზეცით მონაბერი სული ჩაუდა. ჩვენ, ადამიანებს, კი უთვალავფერიანი ქვეყანა (დედამიწა)მოგვცა. ყოველი ხელმწიფე მისგანაა შექმნილი და ღვთის სახითაა ამქვეყნად მოვლენილი.

ღმერთმა  თავის თითოეულქმნილებას მისი პირადი სახე მიანიჭა. უზენაესს ვევედრებით ეშმაკისეულისაგან ჩვენს დაცვას, სატანის ძლევას, მიჯნურობის უნარის მონიჭებას და, ასევე, იმქვეყნად ჩვენი ცოდვების შემსუბუქებას.

ლომს   შეჰფერის ვაჟკაცურად იარაღისხმარება, ასევე მზე თამარ მეფეს კი მისი უმშვენიერესი სიტურფე გამოარჩევს. იგი იმდენად მშვენიერია, რომ მისი ცქერა მხოლოდ ღირსეულებს ძალუძთ. მზე თამარს მთელი არსებით უნდა ვუზღვნიდეთ ხოტბას. მისი დიდებულების აღწერისას თითქოს დედოფლის შავ გიშრის თმას უნდა ვიყენებდე მელნად და მისსავე ლერწამივით წერწეტ ტანს კი -კალმად. მის ამბავს ვინც კი მოისმენს, გულს თამარის სიყვარულის ლახვარი განუგმირავს.

 დიდებულებმა თამარის მშვენიერების ქება მიბრძანეს. მისი ხოტბის შესასხმელი ამბის დასაწერად კი სამწერლო ენა, გული და დახელოვნებაა აუცილებელი. უფალს ძალასა და შემწეობას ვთხოვ, მე კი, ჩემდათავად, ამ დიადი საქმის აღსასრულებლად გონებას არ დავიშურებ, რათა ჩვენი ამბით ტარიელს შევეწოთ, რომელსაც ფაქიზად უნდა მოხსენიება. ეს სამი გმირი მნათობი (ტარიელი, ავთანდილი და ფრიდონი) ერთმანეთის მიმართ სიყვარულითაა დამონებული.

ტარიელის ამბის აღწერა ძალიან რთულია, ის ხომ განსაკუთრებულია, სიმართლისათვისაა შობილი.  ტარიელის თავგადასავალი კი, აქამდის ამბად ნათქვამი, ახლა მე, რუსთველმა, გავლექსე.

ეს ამბავი, ობოლი მარგალიტივით ხელიხელსაგომანები და უცხო, სპარსულია, ქართულად ჩემ მიერ  ლექსად ნათარგმნი. მე კი ჩემი ქმნილება მას მივუძღვენი, ვისაც მთელი ხალხი ემორჩილება. მან დაიპყრო ჩემი გულიც. ის, რაც საოცრად მშვენიერია, მუდამ თავისკენ გიზიდავს. ჩემი გული კი თამარის სიყვარულს ისე შეუპყრია, ღმერთს ვევედრები, რომ ან განმკურნოს, ანდაც მიწას მიმაბაროს.

ბედი ადამიანს რასაც უბოძებს, მას უნდა დასჯერდეს და ემსახუროს: მუშაკი მუყაითად მუშაობდეს, მეომრი გულადად იბრძოდეს. მიჯნურს კი სიყვარული უნდა აცოცხლებდეს და არც სხვის გრძნობას დასცინოს და თავისი სიყვარულის გამოც არ მისცეს სხვას უფლება, რომ გაკინძლონ.

ტარიელის ამბავი პოეტურადაა გადმოცემული; პოეზია, ანუ შაირობა, უპირველესად, სიბრძნეს უნდა ქადაგებდეს; იგი ღმერთს უნდა მიემართებოდეს და ისე ჟღერდეს, როგორც საღვთო სიტყვა. ამგვარი შაირობა სასიამოვნოა, თუკი მას ღირსეული მსმენელი ეყოლება. ნამდვილი შაირობისათვის აუცილებელი პირობაა „გრძელი სიტყვა“ (ღრმა სათქმელი), რომელიც სხარტად, „მოკლედ“ უნდა გამოითქვას.

ჭეშმარიტი შაირობისა და მოშაირის გამოცნობა ძნელი არაა. როგორც კარგ ბედაურს გრძელი შარა და დიდი რბენა გამოცდის, ასევე ნამდვილი მოლექსე თავისი ნამუშევრებით გამოიცნობა, რომლებშიაც დიდი აზრი უნდა იყოს ჩადებული.  კარგი მობურთალი როგორც ხელმარჯვედ  ხმარობს ჩოგანს, მოლექსემაც ასევე სიტყვა არ უნდა შაიმოკლოს, ანუ აზრი არ უნდა გაამარტივოს. ეს კი დიდი გმირობაა. ვისაც ეს არ შეუძლია და ერთ-ორ აზრს სჯერდება, ის მოშაირედ არ ჩაითვლება, რაც არ უნდა  ჯორივით გაჯიუტდეს.

არსებობს მეორენაირი მოშაირეებიც, რომლებიც ნაწილობრივ მოშაირეებად ითვლებიან, რადგანაც მცირე ლექსებს წერენ; ისინი ემსგავსებიან იმ გამოუცდელ, ყმაწვილ მონადირეებს, რომლებსაც დიდი ნადირის დახოცვა არ შეუძლიათ და მცირედს სჯერდებიან.

არსებობენ  მესამენაირი მწერლებიც, რომლებიც გასართობ, სალაღობო ლექსებს წერენ. მათი შემოქმედება სასიამოვნოა ხშირ შემთხვევაში, მაგრამ ნამდვილი ჭეშმარიტი მოლექსე - მოშაირე ისეაა, ვისაც ღრმა, ბრძნული („გრძელი“) სათქმელის გადმოცემა  შეუძლია.

პოეტის შემოქმედება სიყვარულს უნდა ასახავდეს. უპირველესი  მიჯნურობა კი საღმრთო, ზენა სიყვარულია. იგი აღმაფრენის მომცემია. ვინც ამგვარი სიყვარულით გამიჯნურდება, მრავალი ამქვეყნიური წყენის დათმობა მოუწევს. მისი მიხვედრა „ჭკვიანთათვის“ (პრაქტიკული გონების ხალხთათვის) შეუძლებელია. საღვთო სიყვარულს ენით ვერ აღწერ.  მოშაირე ამ დროს ამაოდ გაირჯება და მსმენელის ყურებსაც დაღლის.