ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის თათბირი და გამორჩევა

დარდიანს ასმათის მონა მეახლა, წერილი გადმომცა _ ნესტანი მიხმობდა. მაშინვე სატრფოს სასახლისაკენ გავეშურე. ასმათი ბაღჩაში, ხის ძირას, მტირალი დამხვდა, აღარ გამიცინა, მოღუშულმა სასახლეში შემიყვანა, ასმათმა ფარდაგი გადასწია და ნესტანი დავინახე. ნესტანის მშვენიერებასთან შედარებით ფარდაგში შემოსული სინათლე იჩრდილებოდა. მის დანახვაზე ყოველგვარი მწუხარება გამიქრა. ნესტანს ჩემი ნაჩუქარი რიდე უწესრიგოდ ეხურა, მწვანედ შემოსილი ჩემი სატრფო ტახტზე წამომჯდარიყო. მისი მშვენიერი სახე შუქს ასხივებდა, თვალთაგან ელვა უკრთებოდა და კლდის ნაპრალზე გადაწოლილ, ნახტომისათვის გამზადებულ ვეფხვსა ჰგავდა.

ასმათმა დაჯდომა მიბრძანა, ნესტანი წამოჯდა, წარბშეკრულმა და განრისხებულმა მითხრა: მიკვირს, ფიცის გამტეხელმა როგორ გაბედე ჩემთან მოსვლაო. მე მოვახსენე, რომ არ ვიცოდი, რაში მადანაშაულებდა.

ნესტანმა მითხრა: ქალთა ჩვეულებისამებრ, მოვტყუვდი, ამან გამარისხა, განა, შენ არ იცოდი, რომ ხვარაზმელზე მათხოვებდნენ?! შენ ხომ სავაზიროდ იჯექი, ეს ხომ შენი ნებართვით მოხდა, განა, შენ არ იყავი, ცრემლით ველებს ვითომ რომ ნამავდი, მკურნალები და დასტაქრები გარს გეხვია?! განა მამაკაცის გაიძვერობას რაიმე შეედრება?! ვნახოთ, ვინ უფრო დაზიანდება ღალატით! იცოდე, ვინც არ უნდა იყოს ჩემი მომავალი ქმარი, ინდოეთის ნამდვილი პატრონი და მეფე მაინც მე ვიქნები! შენც საკადრის პასუხს გაგცემ, ტყუილად გგონია, რომ რაიმე შეგრჩება, მე თუ ცოცხალი დავრჩი, შენ ინდოეთში არა გესაქმება! ქვეყნის დაყოფას თუ შეეცდები, შენს თავსა და ტანს ერთმანეთისგან დავაცალკევებ! ჩემისთანას, ცამდე რომ ეძებო, ვერავის ჰპოვებო.

ამ სიტყვებით დაიმედებულმა, კვლავ შევძელი ნესტანისათვის თვალი გამესწორებინა. სასთუმალთან გადაშლილი მუსაფი (ყურანი – მაჰმადიანთა წმინდა წიგნი) ედო. ავიღე, ჯერ ფიცით ღმერთი ვახსენე, მერე ნესტანს შევკადრე: მზეო, რადგანაც არ დამწვი, ნება მომეცი, გიპასუხო: მე თუ შენთვის ფიცი გამეტეხოს, დაე, ზეცამ დამლახვროს!

დარბაზს როცა მიხმეს, დიდი თათბირი გაეჩაღებინათ, მათ ხვარაზმელზე შენი გათხოვება წინასწარ გადაეწყვიტათ, რომ დამეშალა, არაფერი გამოვიდოდა და უმეცრებად ჩამეთვლებოდა, თავი გავიმაგრე და ჩემს გულს ვუბრძანე: მოეთმინა და ამჯერად დავთანხმებულიყავი; დაშლა არ გამოდიოდა, მე მათ ჩანაფიქრს ვერ დავარღვევდი. ჩემი მხრივ, უვიცობა და მიუხვედრელობა იქნებოდა, მეფე-დედოფლის მოჩვენებითი თათბირის მიღმა მათი ნამდვილი გულისნადები – ხვარაზმელის მოყვანის სურვილი არ დამენახა. მათ რას გავუბედავდი, როცა თვითონ ვერ მიმხვდარიყვნენენ, რომ ინდოეთის მემკვიდრე მე ვარ და იგი სხვას არ ეკუთვნის?! მეტი ღონე აღარ იყო, უნდა დავთანხმებულიყავი-მეთქი.

ამ სიტყვებმა ნესტანი მოალბო, ცრემლით მითხრა: განა, როგორ უნდა დამეჯერებინა შენი ღალატი? მჯეროდა, რომ ღმერთს არ უღალატებდი, ზენაარს ევედრე, რომ ჩემი თავი შენ შეგხვდეს და ინდოეთის მეფედ დაჯდე! ეს ყოველნაირ სიძე-პატარძლობას აჯობებსო.

ნესტანმა ახლოს დამისვა, ტკბილად მებაასებოდა. ასე მითხრა: "გონიერი ხამს (უნდა, საჭიროა) აროდეს (არასოდეს) არ აჩქარდეს", მოსაგვარებელი უნდა მოგვარდეს, ყველაფერი მშვიდად უნდა გადაწყდეს: სასოძოს თუ არ მოუშვებ, მეფე გაგიწყრება, შენ და ფარსადანი წაეკიდებით და ინდოეთი გაპარტახდება. ხოლო თუ ხვარაზმელ სასიძოს შემოუშვებ, ერთმანეთს გავეყრებით, სამეფო სამოსი ძაძად გვექცევა, ხვარაზმელები ძლევამოსილები ივლიან, ჩვენ დავმცირდებითო.

მე ვკადრე: ღმერთმა დაიფაროს, რომ ის ყრმა შენი ქმარი შეიქმნას, ყველაფერს ვიღონებ, რომ ეს არ მოხდეს-მეთქი.

ნესტანმა მიბრძანა: ქალი ქალურად უნდა მსჯელობდეს, დიდ სისხლს ნუ დაღვრი, ჯარისკაცებს ნუ ამოწყვეტ, სამართალი ვქნათო: "ქმნა მართლისა სიმართლისა ხესა შეიქმნს ხმელსა ნედლად, _ ყველას აჯობებს, სასიძო ჩუმად, მოპარვით მოკლა, ლაშქარს ნუ გაიყოლებ, ჯარისკაცებს ნუ ამოუწყვეტ, რადგანაც უდანაშაულო სისხლის დაღვრა ადამიანმა თავის სინდისზე როგორ უნდა აიღოსო?!

ხვარაზმელ სასიძოს როცა მოკლავ, ჩემს მამასა და პატრონს ჰკადრე, რომ ინდოეთს არავის გაუხდი საბატონოდ. ეს მამული შენია და ვინც შეგეცილება, არ დაინდობ; ნუ გაამხელ, რომ მე გინდივარ, ამით შენი განზრახვა, რომ ინდოეთის ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადო შენი თავი, უფრო სამართლიანი გამოჩნდება. რაკიღა ტახტს მოითხოვ, ქვეყნის არეულობის მეფეს შეეშინდება და თვითონ შემოგეხვეწება, რომ მე შემირთო.

ძალიან მომეწონა ნესტანის რჩევა. მტერთან შებმა და დიდი ომი გადავიფიქრე. წასასვლელად წამოვდექი, ნესტანი კი მეპატიჟებოდა, კიდევ დავრჩენილიყავი, მეც მეწადდა (მინდოდა) მასთან ყოფნა, ცოტა ხანს დავყავ, მერე კი გაშმაგებული წამოვედი. ასმათი ცრემლით მაცილებდა, მოვდიოდი, მაგრამ გული კი იქ მრჩებოდა.