დილით ადრიანად სანადიროდ გამოვიდა თეთრ ცხენზე ამხედრებული უმშვენიერესი მთავარსარდალი ავთანდილი. მას ოქრომკედით (ოქროს ძაფით) მოქარგული წითელ-ძოწისფერი სამოსი შვენოდა, უძვირფასესი თვლებით მორთული ხმლის ქარქაში მოუჩანდა.
მეფე როსტევანიც ამხედრდა და სანადიროდ გამოვიდა. მინდვრის გარშემო ურიცხვი სპა (ჯარისკაცი) დაბანაკებულიყო; ნადირობის დაწყებამდე მეფე და ავთანდილი ერთმანეთს სროლაში ეჯიბრებოდნენ.
მეფემ თორმეტ მონას უბრძანა, თან ხლებოდნენ, მშვილდი და ისარი მოეწოდებინათ და დახოცილი ნადირი დაეთვალათ.
მარეკებმა (ნადირობისას ნადირის გამომრეკავი მსახურები) ნადირი გამოდენეს. ურიცხვი ირემი, გარეული თხა, კანჯარი, ქურციკი მინდორს მოეფინა. დაიწყო ნადირობა _ შეჯიბრი. მეფე და ავთანდილი ცხენდაცხენ ნადირს დასდევდნენ და ხოცავდნენ, თან ერთმანეთს ეუბნებოდნენ: მე გჯობივარო. მათი ცხენების ფლოქვებიდან აყრილი მიწა მზეს ფარავდა. მონადირეებმა ნადირთა სისხლით მინდორი გააწთლეს და მაღლა ღმერთი განარისხეს. მხეცებმა მინდორი გადაირბინეს და ტყეს შეეფარნენ. იქ მონადირეები ცხენებით ვერ გამოედევნებოდნენ, ამიტომაც ნადირობას თავი დაანებეს.
როსტევანი და ავთანდილი მოსასვენებლად წყლის პირას ჩამოსხდნენ. დამთავრდა შეჯიბრიც. მეფემ მონები მოიხმო და უბრძანა, სიმართლე ეთქვათ. მონებმა ჰკადრეს, რომ მეფის დახოცილ ნადირს ავთანდილისას ვერ შეადარებდნენ, რადგანაც როსტევანის მიერ ნასროლი ისარი მიწით მოსვრილი ბევრჯერ აეღოთ, ხოლო ავთანდილისა კი _ არა, რადგანაც იგი ნადირს ადგილზევე კლავდა. ორივეს ერთად ათჯერ ოცი _ ორასი, ნადირი დაეხოცა, მაგრამ ავთანდილს მეფეზე ოცით მეტი მოენადირებინა.
მეფეს ეს ამბავი ძლიერ გაუხარდა, თავისი გაზრდილის სიკეთე გულს უნათებდა. მოწყენა და ნაღველი გაუქრა.