ამბავი ავთანდილისა არაბეთს შექცევისა

ავთანდილი არაბეთისაკენ მიიჩქაროდა. გზა შეიმოკლა, პირველად თავის სამფლობელოს მიაშურა, გაზრდილ-გამზრდელი – შერმადინი და ავთანდილი სიხარულით შეეყარნენ ერთმანეთს. სპასპეტმა შერმადინს ტარიელის ამბავი მოუყვა, თავის მხრივ, შერმადინმა კი ამცნო, რომ ისე მოქცეულიყო, როგორც დაუბარეს _ ავთანდილის წასვლის ნამდვილი ამბავი არავინ იცოდა. დილით ავთანდილმა როსტევანთან და თინათინთან მახარობლად შერმადინი გააგზავნა; შეუთვალა: უცხო მოყმის თავგადასავალი შევიტყვე, ნება მიბოძე, გეახლო და ყოველივე გამცნოო. თინათინმა კარგი ამბავის მომტანი შერმადინი კარგად დაასაჩუქრა. მეფე როსტევანი თვით გაეგება ავთანდილს, ერთმანეთს მამაშვილურად გადაეხვივნენ; ავთანდილის მოსვლა ყველას გულს უხარებდა. სასახლის კარზე სპასპეტის დაბრუნების აღსანიშნავად საბოძვარიც უხვად გასცეს. ავთანდილმა სადარბაზოდ შეკრებილ მეფესა და მის ამალას ტარიელის ამბავი მოუთხრო. იმ დღეს ყველა ნადიმობდა. საღამოს თინათინმა ავთანდილს შეუთვალა, სწვეოდა. გახარებული ავთანდილი მივიდა სატრფოსთან. თინათინი კვლავ მოწყენილი დახვდა. მშვენიერ სახეზე სევდა აჩნდა. ავთანდილი ახლოს დაისვა. ტარიელის ამბავი კიდევ ერთხელ აამბობინა. შემდეგ კი ჩაფიქრებულმა თინათინ მეფემ იკითხა: მისი წყლულის განკურნების წამალი რა არისო? ავთანდილმა გულწრფელად უპასუხა: თავისი ამბის მოყოლით ტარიელმა, ფაქტიურად, თავი გაწირა, რადგან თავისი ამბის გახსენებითა და ხელახალი განცდით შეიძლებოდა იგი მწუხარების ცეცხლს დაეწვა. დავპირდი, რომ დავბრუნდებოდი, შენი თავი _ ჩემი მზე _ დავიფიცე. თინათინმა უპასუხა: მეგობარმა მეგობრისათვის ჭირს თავი არ უნდა აარიდოს, მიჯნურმა მიჯნურს უნდა გაუგოს, მისი ტანჯვა დიდ სატკივარად უნდა მიიჩნიოსო.

"ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად,

გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად",

თინათინმა ავთანდილს გაუმხილა: ამისრულდა საწადელი, ვხედავ, რომ ჩემი სიყვარული არ გაგნელებია, წუთისოფელში მარადიული არაფერია, სევდა და სიხარული, როგორც ამინდი, მუდამ იცვლება. შენ რომ გნახე, ჭირი ლხინად შემეცვალა, შენ ხომ ფიცის გატეხვა არ გჩვევია, სიტყვას საქმით ამტკიცებ, ტარიელს დახმარება სჭირდება, შენ გმართებს მისი შველა _ ეცადე, ნესტანის ადგილ-სამყოფელი გაიგო, მე კი, შენთან დაშორების შემდეგ მარტოდ დარჩენილს კვლავ სევდა მომიცავს.

ავთანდილმა მიუგო: შენთან სიახლოვით მე თვითონ მემატების ტკივილი, შენთან ყოფნით ერთხელ ვიტანჯები, მოშორებით – ათასჯერ, გავიჭრები და შენი სიყვარულის ალი ყველგან დამწვავს, იქნებ, შენგან სახსოვრად, რაიმე გამატანოო. თინათინმა ავთანდილს თავის მარგალიტი უძღვნა. მიჯნურებმა ცოტა ხანი ერთად დაჰყვეს, მალე მათი გაყრის დრო მოვიდა, ავთანდილი გულმოკლული წამოვიდა.

კაცის გული ხომ ხარბი და გაუმაძღარია, ცვალებადია, ყოველ ჭირს ითმენს, ლხინს, სიხარულს ეძიებს, გული არდამჯერია, მას ვერავინ და ვერაფერი იმორჩილებს, თვით სიკვდილის შიშიც კი.

ავთანდილი, რომელსაც თინათინის ნაქონი, მის მკლავზე შენაბმელი მარგალიტი მოჰქონდა, გულს იწყნარებდა.

დილით სასახლეში ავთანდილის ნახვას ყველა ცდილობდა. მეფე მინდორში გასავლელად ემზადებოდა, ერთად ინადირეს, ჩანგზე იმღერდნენ, ილხენდნენ. ავთანდილი მეფეს ახლოს ეჯდა. მეფე ტარიელის ამბავს კვლავ და კვლავ ათხრობინებდა, მოსმენით ვერ ძღებოდა. ნადირობა და ლხინი დასრულდა, ყველა დაიშალა, ავთანდილს თინათინთან მომავალი გაყრა რომ წარმოედგინა, სევდა ერეოდა, თავის გულს ევედრებოდა, დაწყნარებულიყო.

დილა რომ გათენდა, ავთანდილმა სოგრატის სახლს მიაშურა. ვაზირი სიხარულით გაეგება, უმასპინძლა _ "ხამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი _ მხიარული". როცა დაიმარტოხელა, ავთანდილმა სოგრატს უთხრა: ვიცი, შენგან დამალული სასახლეში არაფერია, მინდა ჩემი წუხილი გაგიზიარო: ტარიელის დარდს შევუპყრივარ, შევფიცე მასთან დავბრუნდებოდი, მისი დახმარება მსურს, ფიცს ვერ გავტეხ. გთხოვ, ჩემ მაგიერ როსტევანს ეახლე და ჩემი გადაწყვეტილება ამცნე, თუ ძალით დამტოვებს, უგულოს რაში გამომიყენებს, ჩემი გული ხომ ტარიელთან დარჩა! მეფეს მოკრძალებით უთხარი ჩემი ამბავი, ნუ ეწყინება, დაე, ღმერთს რაც სწადია, ის ასრულდეს. თუ, ღვთის ნებით, გავიმარჯვებ, მასვე დავუბრუნდები, თუკი მოსვლა აღარ მიწერია, დაე, თქვენ იყავით გამარჯვებით-თქო.

ავთანდილი დიდხანს ევედრებოდა სოგრატს, ეშუამავლა მეფესთან, თან ქრთამად ასი ათას წითელს აძლევდა. ვაზირმა ირონიით უთხრა, რომ ეს ფული არაფერში გამოადგებოდა, რადგანაც მეფე, ამ ამბავს რომ გაიგებდა, მაშინვე მოკლავდა, ან კი, როსტევანს რად უნდა გაეშვა, მაშინ ვინღა უპატრონებდა არაბეთის ლაშქარს, მტერს ვინ დასცემდა შიშის ზარს?!

ამ სიტყვებმა ავთანდილი აატირა. სოგრატს უპასუხა: ალბათ, არ იცი, რა არის სიყვარული, ან მეგობრობა, ტარიელი გასაჭირში ჩავარდა, არ შეიძლება, არ ვუშველოთ, სანამ მას არ დავეხმარები, მე თვითონ მისი დარდით ვარ შეპყრობილი, უძლური ვარ, ასეთ მდგომარეობაში მყოფი, ჩემს ლაშქარს რაში გამოვადგები, ამას ხომ ისა სჯობს, წავიდე, ჩემი პირობა შევასრულო. თუ მეფე არ გამიშვებს, მეტი გამოსავალი არ მრჩება, გავიპარები. როგორც გული მთხოვს, ისე გავიზიარებ ტარიელის ტანჯვასო.

ვაზირმა დიდხანს უსმინა ავთანდილს, მისმა სევდამ შეაწუხა, ბოლოს თქვა: შენი მაცქერალი ჩემთვისაც კარგავს წუთისოფელი ფასს, ყოველივეს მოვახსენებ როსტევან მეფეს! დაე, მეფე თუ დამსჯის, ჩემი დღეები თქვენ შეგემატოთ, "ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების"-ო.

სოგრატი მეფეს ეახლა. უჭირდა პატრონისათვის ავთანდილის დანაბარების გამხელა. ბოლოს, გაუბედა და მოახსენა სპასპეტის გადაწყვეტილება. მეფე სოგრატის სიტყვებზე გაოცდა, როგორ გამიბედაო! ძლიერ განურისხდა ვაზირს, შემდეგ უბრძანა, ავთანდილისგან რომ არ იყო მოგზავნილი, ჩემს მზეს ვფიცავ, თავს მოგკვეთდიო, ესეც არ აკმარა, რისხვით კედელს სკამი შესტყორცნა, შეალეწა. შეცბუნებული ვაზირი მეფის სასახლედან გამოიძურწა, თავის თავს კიცხავდა, ამბობდა: "მტერი მტერს ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს"-ო.

ავთანდილს თავისი ამბავი მოუთხრო, უკვირდა, მეფემ რად არ მომკლაო, თან ხუმრობით შეპირებულ ქრთამსა სთხოვდა; ავთანდილმა უთხრა, რომ მისგან წაუსვლელობა არ გამოდიოდა, რადგანაც ტარიელს რაიმე თუ მოუვიდოდა, თვითონაც ვერ გადაიტანდა:

"იადონი მაშინ მოკვდეს, ოდეს ვარდი დამჭკნარიყოს"-ო,

გული ვერ დაუდგებოდა არაბეთში, აქ ვერავის ვერაფერში ვერ გამოადგებოდა, ამიტომაც აჯობებდა, გაპარულიყო.

ავთანდილმა შეკრა დაპირებული ათასი წითელი, დაამატა სამასი თავი სტავრა-ატლასი, სამოცი თვალი ლალ-იაგუნდი და ყოველივე ეს ვაზირს დიდი მადლიერებით გაუგზავნა, უთვლიდა: ეს მცირედია, შენს ვალს ვერასოდეს გადავიხდი, რადგანაც გაჭირვებაში ნამდვილი მეგობრობა გამიწიე:

"ოდეს კაცსა გაუჭირდეს, მაშინ უნდა ძმა და თვისი"-ო.

ავთანდილმა შერმადინს მიაშურა, მოუთხრო ყოველივე, ამცნო თავისი გადაწყვეტილება, უთხრა, რომ როსტევან მეფეს არ გაეშვა და ამიტომაც იძულებული იყო, გაპარულიყო. შერმადინს სთხოვდა, მეფეთათვის დაუზარელად ემსახურა, სახლისათვის მოევლო, ჯარისათვის მეთაურობა გაეწია და მტერი დაეძლია.

შერმადინს ავთანდილის ნათქვამი რომ ესმა, ცრემლი მოერია, უკვირდა, როგორ უნდა გაეწია ავთანდილის მაგივრობა, სთხოვდა, თან წაეყვანა. სპასპეტმა უპასუხა, რომ მიჯნური მარტო უნდა ყოფილიყო. მამაცის წესი ჭირში გამტკიცება იყო, თვითონ მოყვრისათვის თავი არ ენანებოდა. ავთანდილმა შერმადინს სთხოვა, მის მიერ დაწერილი ანდერძი როსტევან მეფისათვის გადაეცა.