თინათინისაგან ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებრად

ერთხელაც, ავთანდილი თავის საწოლ ოთახში მარტო იყო, თავისუფლად ეცვა, ხელში ჩანგი ეჭირა და მღეროდა. მასთან თინათინის გამოგზავნილი ზანგი მონა მივიდა და მოახსენა, რომ მეფე იბარებდა.

არაბმა ჭაბუკმა ძლიერ გაიხარა. ყველაზე ლამაზი და ჭრელი ტანსაცმელი ჩაიცვა და ეახლა. მეფე მოწყენილი დაუხვდა, შიშველ მხრებზე ყარყუმის ბეწვის სამოსი მოესხა, თავზე უძვირფასესი რიდე დაუდევრად მოეხვია, სპილოსძვლისფერ ყელზე მსხვილი ნაწნავები შემოგრაგნოდა, შავ წამწამებს გულის განსაგმირი მშვენებით ახამხამებდა. დასევდიანებულმა თინათინმა მონას უბრძანა, ავთანდილი ახლოს დაესვა. თინათინმა ავთანდილს თავისი მოწყენის მიზეზი გაუმხილა. გაახსენა, უცხო მოყმემ მათ ყმები როგორ დაუხოცა და ისე გადაიკარგა, რომ მისი ვერა გაიგეს რა. თინათინი ავთანდილს ვეფხისტყაოსანი ჭაბუკის მოძებნას ავალებდა. თან უთხრა: შენს მეტი არავინ მყავს, ასეთ რთულ საქმეში დახმარება რომ ვთხოვო, თანაც, შენ ჩემი მიჯნური ხარ, აქამდე მიჭირდა ამის გამხელა, მაგრამ ახლა გიმჟღავნებ, შენი სიყვარული გულს ჩამვარდნია და შენ გარდა ქმრად არავინ მინდა. სამი წელი ძებნე ის ყრმა. თუ იპოვნი და გამარჯვებული დაბრუნდები, ძლიერ გავიხარებ, ხოლო თუ ვერა – დავიჯერებ, რომ უჩინარი იყო. გეფიცები, სამ წელს დაგიცდი, სხვას ქმრად არვის ვინდომებ, როცა დაბრუნდები, შენი ცოლი გავხდებიო.

ავთანდილი ღმერთს მადლობას სწირავდა, თინათინს სიყვარულს, ერთგულებასა და სამსახურისადმი მზადყოფნას ეფიცებოდა. იმ დღეს ავთანდილმა და თინათინმა ილაღობეს, ილხინეს. ერთმანეთს რომ დაშორდნენ, ავთანდილს გული თინათინთან რჩებოდა.

გათენდა თუ არა, არაბმა ჭაბუკმა მეფე როსტევანს შიკრიკი გაუგზავნა და შეუთვალა: მინდა, ჩვენი სიძლიერე და თინათინის გამეფება სხვა ქვეყნებმაც შეიტყონ, საამისოდ წავალ, მოვივლი სახელმწიფო საზღვრებს, ჩვენს ამბავს ყველას ვამცნობ, ერთგულებს გავახარებ, ორგულებს ავატირებო. მეფეს სპასპეტის გადაწყვეტილება მოეწონა, მაგრამ გულს ეთანაღრებოდა, რადგანაც ავთანდილთან დაშორება მოუწევდა. ავთანდილმა მეფეს მდაბლად თაყვანი სცა. მეფე, როგორც შვილს, ისე დაემშვიდობა – "სხვა მათებრი არ ყოფილა არ გამზრდელი, არ გაზრდილი".

ავთანდილი თავისი სამფლობელოსაკენ გაემართა. ოცი დღე იარა. თვალწინ სულ თინათინი ედგა. თავის კარგად გამაგრებულ მამულში მივიდა. დიდებულები მიეგებნენ და ძღვენი მიართვეს. ავთანდილმა მათთან სამი დღე დაჰყო, ინადირა, ილხინა. შემდგომ თავის გაზრდილ შერმადინთან განმარტოვდა და თინათინისადმი თავისი დაფარული სიყვარულის ამბავი და მეფის დავალება გაუმხილა. შერმადინს სპასპეტი სთხოვდა, დაბრუნებამდე მისი მაგივრობა გაეწია, მტერი არ გაეხარებინა; შერმადინი შეწუხდა: ვერ წარმოედგინა, პატრონის მაგივრობა როგორ გაეწია, ევედრებოდა, თან წაეყვანა. ავთანდილმა აუხსნა, რომ ვალდებული იყო, მიჯნურის დავალება თვითონ შეესრულებინა, განსაცდელი თუ ელოდა, მარტო იქნებოდა, თუ შერმადინთან ერთად, სულ ერთია, ხიფათი მაინც ეწეოდა, მიჯნურის დაღალატება კი არაფრით შეიძლებოდა – "კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად". სამი წელი უნდა ემართა შერმადინს ავთანდილის ნაცვლად მათი სამეფო, დროდადრო მეფისათვის ძღვენი მიერთმია. ქვეშევრდომებს ბარათი დაუტოვა, სთხოვდა, შერმადინი ეპატრონებინათ და ქვეყანა "მტერთაგან დაულეწელი" დაეხვედრებინათ.

ავთანდილი სამგზავროდ მოემზადა, დიდებულებთან ერთად ნადირობის დროს შამბნარს (ბუჩქნარს) შეერია და გაიპარა. დიდხანს ეძებეს, ბოლოს, შერმადინმა მოუხმო დიდებულებს და ავთანდილის წერილი აჩვენა, მისი დანაბარები გადასცა, რაღას იზამდნენ, დამწუხრდნენ, შერმადინი კი პატრონად ცნეს.