ძმობილები მთვარის შუქით განათებულ ქაჯთა ქალაქს დაჰყურებდნენ და თათბირობდნენ, თუ როგორ აეღოთ იგი:
პირველად ფრიდონმა ითხოვა სიტყვა:
_ ჩვენ ცოტანი ვართ, ქალაქში კი უთვალავი მეომარია, პირისპირ შებმა გაგვიჭირდება, კარს ჩაგვიკეტავენ და ვერ შევალთ. მე ისე მზრდიდნენ, ჯამბაზის ხელოვნება – თოკზე სიარული, ხტუნვა რომ მცოდნოდა, საბელზე ისე გავდივარ, თვალს ვერავინ მკრავს, ამიტომაც, გთავაზობთ: ვინც უკეთესად იცის საბელის ტყორცნა, ციხის ქონგურზე გადააგდოს მისი ერთი წვერი, მე თოკზე ისე გავივლი, ვითომც ველზე გავრბოდე, აბჯრისა და ფარის გატანა არ გამიჭირდება, გალავნიდან შიგნით ჩავხტები, ლაშქარს დავხოც, კარს გავხსნი და შემოგიშვებთ.
ავთანდილმა ფრიდონს უპასუხა:
_ ფრიდონ, შენი ლომისებრი მკლავების იმედი მაქვს, გულიც გერჩის, მაგრამ ძნელ გადაწყვეტილებას გვთავაზობ: ხედავ, გუშაგები რა ახლო-ახლოს დგანან! შენი აბჯრის ჩხარუნს გაიგებენ, თოკს გადაგიჭრიან, ყველაფერი წყალში ჩაგეყრება, ამას აჯობებს, თქვენ დაიმალეთ, რადგანაც გალავანში სამივეს ერთად შესვლა გაგვიჭირდება, მე მარტო შევიპარები. სავაჭროდ მოვიკაზმები, ერთ ჯორს საომარ აღჭურვილობას გადავკიდებ, ქალაქში ვაჭარივით შევალ, მალვით აბჯარს ჩავიცმევ, მცველებს ამოვხოცავ, კლდეებს დავლეწ და კარს გაგიღებთ.
ახლა სიტყვა ტარიელმა ითხოვა:
_ თქვენ რომ კარგი ვაჟკაცები ხართ, დღესავით ნათელია, ბრძოლაში თქვენისთანების ყოლა მუდამ გამოსადეგია, მაგრამ ახლა ჩემი აზრიც მოისმინეთ: თქვენ რომ იბრძოლებთ, ჩემმა მზემ (ნესტანმა) კოშკიდან რომ გადმოიხედოს, თქვენ ფიცხელ ომში გიხილო, მე კი უომრად დამინახოს, რას იფიქრებს?!
ამიტომაც, გთავაზობთ: ას-ასი კაცი გავიყოთ. როცა გათენდება, სამივე მხრიდან შევუტიოთ, ქაჯები მცირე ლაშქრად ჩაგვთვლიან, შევებათ სამი კარიდან, ერთი ჩვენგანი მაინც შევა და სისხლის ღვარებს დააყენებსო.
ფრიდონმა ხუმრობით უთხრა: მიგიხვდი, გულში რა გაქვს, ჩემი ნაჩუქარი ცხენი ისეთი სწრაფად შევარდება შიგნით, კარების დაკეტვას ვერ მოასწრებენ. ჩემი სიძუნწე უნდა გავამხილო: როცა გიძღვნიდი, არ ვიცოდი, ქაჯეთში თუ მოგვიწევდა საომრად მისვლა და სწრაფი ცხენი დამჭირდებოდა, თორემ ამ მერანს არ გაჩუქებდიო.
ძმობილებს ფრიდონის სიტყვებზე გაეცინათ, ლაღობდნენ და სიტყვაწყლიანობდნენ. საომრად მოემზადნენ. ქაჯეთის ციხემდე სხვა ცხენებით მივიდნენ. ახლა უკეთეს ბედაურებზე ამხედრდნენ, ტარიელის გეგმისამებრ, ას-ასი კაცი გაიყვეს, ჩაფხუტები დაიხურეს და გასწიეს.
საომრად ანთებული ძმობილები შვიდ მნათობზე (მზე, მთვარე, მერკური, ვენერა, მარსი, სატურნი, იუპიტერი) უმეტეს შუქს აფრქვევდნენ; ტარიელი, შავ ცხენზე ამხედრებული, ზათქითა და ხმაურით წამოსული მდინარესავით მრისხანედ მოჰქუხდა, იმ მდინარესავით, სათავეში წვიმა რომ აადიდებს, ზარით წამოიღებს ყველაფერს, ხოლო ზღვას რომ შეურთდება, დაწყნარდება.
ავთანდილიც და ფრიდონიც სიკეთემიუწვდომლები იყვნენ, მაგრამ ტარიელი ყველას ამეტებდა.
ძმობილები სამად გაიყვნენ, თითოს თითო ფარი და ასი მეომარი შეხვდათ, მშვიდი, უქარო ღამით იქაურობა დაზვერეს. როცა გათენდა, ფარები მოიმარჯვეს და უშიშრად გასწიეს.
ჯერ ნელა მიდიოდნენ, ვითომ მგზავრები იყვნენ. შიგნით მყოფებმა ვერა იგრძნეს რა, არხეინად იყვნენ. რაინდებმა ანაზდად (უეცრად) ცხენები გაქუსლეს, მცველებმა კი, მტერი რომ დაინახეს, კარი გახსნეს ბრძოლით შესახვედრად, ქალაქიდან პანიკის ხმა ისმოდა. ძმობილებმა დრო იხელთეს, სამი მხრიდან შეუტიეს, ცალ-ცალკე იბრძოდნენ, ბუკსა და ნაღარას სცემდნენ. ქალაქში ალიაქოთი ატყდა. Qქაჯებს ღმერთის უსაზღვრო რისხვა დაატყდათ, ველი დახოცილებს ვეღარ იტევდა, ტარიელის ბრძოლის ხმა უხმლოდ არეტიანებდა ქაჯებს, მისი სატევრის წინაშე ყველა ჯავშანი უსარგებლო ხდებოდა. მეგობრებმა სამი მხრიდან მიიმწყვდიეს მოწინააღმდეგე, ერთმანეთისაკენ მიიწევდნენ. ქალაქში რომ აღმოჩნდნენ, ძმობილებიმა ახლა ციხისაკენ გასწიეს.
ავთანდილი და ლომი ფრიდონი შეიყარნენ, მტერი სრულიად ამოეწყვიტათ, ერთმანეთის ნახვა ძლიერ გაეხარდათ, ახლა ტარიელს ეძებდნენ, ციხის კარს მიაშურეს, დალეწილ-შემუსრული დახვდათ ყველაფერი, ასი ათასი გუშაგი დაეხოცათ – ეს ტარიელის ნახელავად ჩათვალეს. გზა გაკაფული იყო, გვირაბის ხვრელში გაძვრნენ და სანატრელი რამ იხილეს:
"ნახეს, მზისა შესაყარად გამოეშვა მთვარე გველსა", _
ტარიელი და ნესტანი შეყროდნენ, ტარიელს მუზარადი მოეხსნა, სწორი, ლამაზი თმა მოუჩანდა, მიჯნურები ეხვეოდნენ, ყელი ყელისათვის გადაეჭდოთ – ისეთი სანახავები იყვნენ, თითქოს მნათობები შეყრილიყვდნენ, ანდა, ვარდი მზის შუქით გამშვენიერებულიყო.
ტარიელი, ავთანდილი და ფრიდონი ერთმანეთს გადაეხვივნენ, შემდეგ მზეს (ნესტანს) მდაბლად თავი მოუდრიკეს და მიესალმნენ. Nნესტანიც, სახეგაბრწყინებული, მშველელებს კოცნიდა და გამარჯვებას ულოცავდა.
ძმობილები ერთმანეთს გამარჯვებას ულოცავდნენ. მოიკითხეს ბრძოლის შედეგი, ყველაფერი მშვიდობით დასრულდა, გულს ეთანაღრებოდათ, რომ სამასი მეომრიდან ას სამოცი დარჩათ. ამ ამბავმა ფრიდონი დააღონა, მაგრამ დარდს ის უქარვებდა, რომ დაღუპულები სიკეთეს შეეწირნენ.
მის შემდეგ ქაჯთა საჭურჭლე გახსნეს, ურიცხვი საგანძური იხილეს, სამი ათას ჯორსა და აქლემს აჰკიდეს ქაჯეთიდან წამოღებული ნადავლი, სამოცი კაცი ციხის მცველად დატოვეს და გამოეშურნენ, "თან წმოიყვანეს იგი მზე".