ტარიელისაგან ინდოთ მეფის სიკვდილის ცნობა

ოთხმოცი ათასი კარგად აღჭურვილი მეომარი მიემართებოდა ინდოეთში სალაშქროდ. თინათინსა და ნესტანს – ორ დობილს – გაყრა უჭირდათ, ეხვეოდნენ და ტიროდნენ, ტარიელისათვისაც ძალიან ახლობელი გამხდარიყო არაბეთი და მისი ხალხი. სამი ძმობილი ამალითურთ გაემართა. სამი თვე გზაში იყვნენ, ერთ ქედზე ქარავანს წააწყდნენ, ვაჭრები ძაძებით უყვნენ შემოსილი. რაინდებმა ჰკითხეს, რა მომხდარიყო. ვაჭრებმა მიუგეს, რომ მისრით (ეგვიპტიდან) ინდოეთში მიდიოდნენ, ინდოეთს ღვთის რისხვა დასტყდომოდა: ფარსადან მეფის ულამაზეს ასულსა და ამირბარს ერთმანეთი შეყვარებოდათ, ამირბარს სიძე მოეკლა, ქალი გამზრდელ მამიდას ქაჯებისათვის მიეცა დასაკარგავად, თვითონ თავი მოეკლა, ამირბარს, ეს რომ გაეგო, გადაკარგულიყო. მეფე ფარსადანი კი დარდისაგან მომკვდარიყო.

ნესტანს ეს რომ ესმა გულამოსკვნით ატირდა, თმა გაიშალა, ღაწვებს იხოკდა, უღირსი შვილი მამის სულს პატიებას სთხოვდა, ტარიელიც გამზრდელს დასტიროდა.