ქორწილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისა

ტარიელი და ნესტანი ტახტზე დააბრძანეს. ინდოთ ტახტზე ისინი ძალიან უხდებოდნენ ერთმანეთს. ყველა იხაროდა, ურიცხვი საბოძარი გასცეს. ავთანდილისათვის და ფრიდონისათვის ორი ტახტი დაამზადეს და ზედ ხელმწიფურად დააბრძანეს. გამართეს ლხინი და ნადიმი. ინდოელები პატრონის ცქერით ვერა ძღებოდნენ.

ტარიელმა ასმათს ინდოეთის სამეფოს მეშვიდედი უბოძა, უბრძანა, გვემსახურე, ვინც გინდოდეს ქმრად შეირთეო. სამივე ძმობილი ერთად იყო. ბედნიერად გადიოდა დრო, მაგრამ ავთანდილმა მოიწყინა, ტარიელი მიუხვდა ძმობილს, რომ შინ წასვლა ეწადა. ფრიდონსაც უჭირდა თავისი ქვეყნის გარეშე. ტარიელი გამომშვიდობებისას ძმობილებს შეევედრა, ხშირად მოენახულებინათ. როსტევან მეფესთან დიდი ძღვენი გაატანა. ავთანდილს მთელი ინდოეთი მისტიროდა. ავთანდილმა და ფრიდონმა ერთად გამოსწიეს. მალე მათი გზები გაიყარა, გამოეთხოვნენ ერთმანეთს და თავიანთ გზაზე გასწიეს.

არაბეთში ავთანდილს ყველა ზეიმით გამოეგება, ისიც თავის მზესთან ერთად ტახტზე დაჯდა, ყველა ადიდა.

სამივე სამეფოს კავშირი ჰქონდა, ძმობილები ერთმანეთს ნახულობდნენ, სამეფოები გაამრავლეს, ობოლ-ქვრივი გაამდიდრეს, გლახაკები აღარ იყვნენ, წყალობა თოვლივითუხვად მოდიოდა, ავი აღარსად იყო.

 "...თხა და მგელი ერთად ძოვდნენ".