ოდითგანვე ინდოეთი შვიდ სამთავროდ იყო დაყოფილი. ამათგან ექვსს ფარსადანი განაგებდა, მეშვიდეს კი _ სარიდანი – მამაჩემი, ლაღი და უკადრი მეფე. ერთხელაც მამაჩემს მარტოობა მობეზრდა, გადაწყვიტა, თავისი სამეფო ფარსადანისათვის შეერთებინა. ფარსადანს ეს ამბავი ძლიერ გაეხარდა. მამაჩემს ამირბარობა უბოძა, ინდოეთში ამირბარი სასახლის კარზე უმაღლესი თანამდებობაა, იგი ამირსპასალარიცაა (ჯარის სარდალი). მიწებითაც დაასაჩუქრა.
სარიდანი და ფარსადანი ძლიერ დაახლოვდნენ, ერთად ლაშქრობდნენ და ნადირობდნენ; ფარსადანს შვილი არ ჰყავდა, ამიტომაც მეფემ მიშვილა, ქვეყნისა და ლაშქრის პატრონად მზრდიდა. ასმათი დამემოწმება, მშვენიერი ჭაბუკი გავიზარდე, ლამაზი და ღონიერი, ისე, რომ ლომს, როგორც ჩიტს, ისე ვხოცდი. ბრძენ-კაცთ მიმაბარეს განსასწავლად.
ხუთი წლის ვიყავი, როცა დედოფალი დაორსულდა, ასული შობა, ნესტან-დარეჯანი. მთელი ინდოეთი ზეიმობდა, უამრავი წყალობა გაიცა. თავიდან ერთად ვიზრდებოდით, შვიდი წლის ნესტანი მთვარეს ედარებოდა; მე დღითა და ღამით მეფეს ვახლდი. ისეთი ლამაზი ვიყავი, ახლა ჩემს მაშინდელ ჩრდილსა ვგავარ.
მეფე ფარსადანმა ასულისათვის ძვირფასი ქვისაგან კოშკი ააგებინა, იაგუნდისა და ლალის ტახტრევანი დაუდგა, ისეთი ბაღჩა აუგო, არხებით ვარდის წყალი ჩამოუდიოდა და ულამაზესი ჩიტები დაფრინავდნენ. ნესტანს აღმზრდელად ქვრივი, ქაჯეთს გათხოვილი, მამიდა დავარი მიუჩინეს. ასმათი და ორი მონა გვერდიდან არ შორდებოდნენ.
მეფემ ნესტანი ყველასაგან მოშორებით გააზრდევინა, თვითონ კი მე მიახლებდა.
თხუთმეტი წლის ვიყავი, მამა რომ მომიკვდა. მთელი ინდოეთი გლოვის ზარს მოეცვა. მე ორი წელი ბნელში ვიჯექი, გლოვის დრო რომ გავიდა, მეფემ მსახურები მომიგზავნა, შემომითვალა: შვილო ტარიელ, ჩვენ ყველას ძლიერ გვაკლია მამაშენი, რას ვიზამთ, მისი სულის საცხოვნებლად გავცეთ ურიცხვი წყალობა და ამიერიდან ამირბარობა – მამაშენის საქმე და თანამდებობა _ შენ იკისრეო.
რაღას ვიზამდი, ამირბარობა, ფლოტის სარდლობა ვიკისრე, ჩვენი ქვეყნის მტრებს საკადრისად ვუსწორდებოდი, ვნადირობდი და ლაღად ვცხოვრობდი.