მეფე და მე მუდამ ერთად ვიყავით. ერთხელაც, ნადირობის შემდეგ, მეფემ მითხრა, ჩემი ქალი ვნახოთ, დურაჯები (ნანადირევი ფრინველები) მივუყვანოთო. ნესტანის სასახლეს უტურფესი ბაღჩა ერტყა, აუზებში ღარებად სურნელოვანი წყალი ჩაედინებოდა, სირინოზზე უფრო საამო ჩიტები გალობდნენ, ძირს ფერადი ხალიჩები ეგო. ვიცოდი, მეფეს არ სურდა, მისი ქალი ვინმეს ეხილა, ამიტომაც ვიდრე მეფე ნესტანს ესაუბრებოდა, ფარდაგს გარეთ დავიცადე. მათ ვერა ვხედავდი, მხოლოდ ხმა მესმოდა. მეფემ ასმათს სთხოვა, ჩემთვის დურაჯები გამოერთმია. ასმათმა ფარდაგი გადასწია, მე გარეთ ვიდექი, ნესტანი დავინახე, ასმათმა დურაჯები გამომართვა და გავიდა, მე კი თვალთ დამიბნელდა, გული შემიღონდა. გონს როცა მოვედი, ნესტანის სასახლის დარბაზში ვიწექი, გარს ხალხი მეხვია, მეფე დამტიროდა, ექიმბაშები და შემლოცველები თავს მადგნენ, ვერ მიმხვდარიყვნენ, რა მომივიდა. სამი დღე ცოცხალ-მკვდარი ნესტანის დარბაზში ვიწექი. შემდეგ ვინატრე: ღმერთო, ნუ გამწირავ, აქ არ მომკლა, როგორმე შემაძლებინე, ჩემს სახლში წავიდე-მეთქი. მეშინოდა, არ მიმხვდარიყვნენ, რა მკლავდა. ძალა მოვიკრიბე და წამოვდექი. მეფესთან მაშინვე კაცი აფრინეს და ახარეს: "წამოდგაო", მეფე-დედოფალი გამორბოდა, მეფე თავშიშველი იყო, სიხარულისგან არ იცოდა, რას აკეთებდა. მე ცხენის მოგვრა ვთხოვე. მეფე მახლდა, ერთად წამოვედით ცხენდაცხენ. შინ დავბრუნდი გულმოკლული. ვცდილობდი, არაფერი შემემჩნია.
ერთხელაც შინ ვიყავი, ასმათის მონა რომ მოვიდა. ასმათს ჩემთვის სააშიკო წერილი გამოეგზავნა. გამიკვირდა, მაგრამ უარს ვერ შევუთვლიდი, ამიტომაც საპასუხო წერილი მივწერე. მე ისევ ცუდად ვიყავი. ექიმები და შემლოცველები სულ ტყუილად მმკურნალობდნენ. მივხვდი, ასე არ ივარგებდა, გადავწყვიტე, წუხილი აღარ შემემჩნია. ასმათის მონამ ახლა სხვა წერილი მომართვა. ასმათი შეყრას მთხოვდა. რას ვიზამდი, დავთანხმდი და მსახურს ვუბრძანე, ჩემს ოთახში შემოეყვანათ. ასმათი მომეგება და თაყვანი მცა, გამიკვირდა, ვიფიქრე, ალბათ, არ იცის აშიკობა-მეთქი, ახლოს მინდოდა დამესვა, ასმათი კი ნოხის პირას დადგა და მოკრძალებით მითხრა: მრცხვენია, რადგანაც ისე ვიქცეოდი, ვითომ შენი შეყვარებული ვიყავი, სინამდვილეში კი, ეს ყველაფერი ჩემმა პატრონმა მოიგონა, მიბრძანა, ასე ჩვენს სიყვარულზე ეჭვს ვერავინ აიღებსო, აი, მისი წერილი მოგართვიო.
ასმათმა ნესტან-დარეჯანის წერილი გადმომცა. ნესტანი სიყვარულს მიმხელდა, მწერდა, შენი ყველა თავგადასავალი ვიცი, გულიდან დარდი გადაიყარე, მე შენი ვარ, მუდამ მიყვარდი, შენი ქმრობა მინდოდა, მაგრამ რომ გამემხილა, ამის შესაძლებლობა და დრო ჯერ არ იყო. ცუდადმყოფს რომ გიმზერდი, რეტი მესხმოდა, უსარგებლო სიკვდილი და ბნედა რა ვაჟკაცის შესაფერისია?! სჯობს, "საქმენი საგმირონი" მიჩვენე. ხატაეთი ოდითგანვე ინდოეთის ქვეშევრდომი ქვეყანა იყო. ამჯერად გაორგულდნენ და ხარკს აღარ იხდიან, ინდოეთის ძლიერებას არად აგდებენო. მტრისადმი ჯავრის ამოყრას მე მავალებდა. მთხოვდა, ხატაელებს შევბმოდი, ჭკუაზე მომეყვანა, თავი მესახელებინა და რომ დავბრუნდებოდი, მპირდებოდა, დავქორწინდებოდით.
ჩემი ბედნიერება იმდენად წარმოუდგენელი იყო, სიხარულისაგან უცბად გონს ვერ მოვედი, მაშინვე ნესტანს წერილი მივწერე, ღმერთს მადლობას ვწირავდი, ყველა მისი სურვილის აღსრულებას ვპირდებოდი.
მე, სიხარულისგან თავბრუდახვეულმა, ასმათს Qჯამით ოქროს სამკაულები მივართვი, ასმათმა ხელი არაფერს ახლო, მხოლოდ პაწაწინა ბეჭედი აიღო სახსოვრად.
ხატაელებს წერილი გავუგზავნე. ვწერდი: ინდოეთის მეფე უძლიერესია. ყველა მასთან დაახლოებული ბედნიერად და მშვიდად იქნება, ურჩი კი ინანებს, თუ არ დაგვემორჩილებით, ჩვენს ძალას გაჩვენებთო.
რამდენიმე დღის შემდეგ ნესტან-დარეჯანმა მიხმო. სიხარულით გავემართე მისი სასახლისაკენ. ბაღჩაში ასმათი მხიარულად შემომეგება, ნესტანთან შემიძღვა. ჩემი მიჯნური ლალითა და ძვირფასი ქვებით შემკულ ტახტრევანზე იჯდა, სახე გაცისკროვნებოდა, ტბასავით უძირო შავი თვალებით დიდხანს თბილად მიმზერდა, მისი სურვილისგან შეპყრობილს ვერაფერი მითხრა, დიდხანს ვდუმდით, მერე, ასმათი მოიხმო და ჩუმად რაღაც უთხრა. ასმათი მომიბრუნდა და მითხრა: ახლა ვერაფერს გეტყვისო. გულდამძიმებული წამოვედი. ასმათი მამშვიდებდა.
ცოტა ხანში ხატაეთიდან პასუხი მოვიდა. რამაზ მეფე უკადრის წერილს მწერდა, ინდოეთის ძლიერებას არ ცნობდა, დაუმორჩილებლობას გვიქადდა. გავბრაზდი. ჩემი საკუთარი ლაშქარი შევკრიბე, მთელი ინდოეთის წითელ-ყვითელი ალამი აღვმართე, საომრად გავემზადე.
ამ დროს ასმათმა მოწვევის ბარათი გამომიგზავნა. ასმათი ისევ ღიმილით შემიძღვა ნესტანთან. ჩემი სატრფო მწვანე კაბით შემოსილი დამხვდა. მისი მშვენება შუქს აფრქვევდა. ახლოს დამისვა. ასე მითხრა: ვიცი, ასე უებრად რომ გაგიშვი, გეწყინა, მაგრამ სიტყვის თქმა ვერ შევძელი. მართალია, ქალს მამაკაცისადმი დიდი მოკრძალება მართებს, მაგრამ მე ვბედავ და მიჯნურობაში გიტყდები. ამას გთხოვ: ხატაელები დაამარცხე, შემდეგ კი შევიყრებითო. წმინდა წიგნზე, ყურანზე, თავისი ერთგულება დამიფიცა.
ცოტა ხანი ერთად დავყავით. მეძნელებოდა მასთან გაყრა, მაგრამ რას ვიზამდი.