იყო არაბეთში ხელმწიფე: ღვთით კურთხეული, ლაშქარმრავალი, მოწყალე, სამართლიანი, კეთილი მეფე როსტევანი. ღმერთს მისთვის მემკვიდრედ ერთადერთი ასული ებოძა – უტურფესი, მზისა და მთვარის მსგავსი გონიერი თინათინი.
არაბეთის სამეფოში ყველა ბედნიერად ცხოვრობდა. ერთ დღეს როსტევან მეფემ ვაზირები სათათბიროდ შეკრიბა და გაუმხილა, რომ მათთან ერთად რთული საქმის გადაწყვეტა სურდა. მეფემ ბრძანა: ამქვეყნად ყოველივე იცვლება, ძველს ახალი მოსდევს. ვარდი რომ დაჭკნება, ტურფა ბაღნარში სხვა კოკორი გაიშლება. მეც მალე ყველა სნეულებაზე უარესი ჭირი მეწვევა – სიბერე, რის გამოც ქვეყნის დიდების მზე ჩაესვენება. ეს კი რომ არ მოხდეს, დროულად უნდა შევცვალოთ ქვეყნის გამგები, თორემ "რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია". უმჯობესი იქნება, თინათინი, ჩემი ასული, გავამეფოთო.
ვაზირები შეშფოთდნენ: ისინი თვლიდნენ, რომ როსტევანისათვის სიბერე ჯერ შორს იყო. ხნიერიც რომ ყოფილიყო, განა ვარდს, თუნდაც დამჭკნარს, მშვენებით სხვა ყვავილი შეედრებოდა?! განა, ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავიც კი მილეულ მთვარეზე უფრო გაანათებდა?! მეფე როსტევანი ხომ ყველაზე ჭკვიანი იყო, იმდენად ბრძენი, რომ მისი ყველაზე ცუდი ნაფიქრიც კი სხვის საუკეთესო გადაწყვეტილებას სჯობდა; ამიტომაც, თუკი როსტევან მეფეს ეწადდა თინათინის გამეფება, ასეც უნდა მომხდარიყო. მართლაც, მისმა ასულმა, ღვთის ნებით, მეფობა კარგად იცოდა. იგი ქალი იყო, მაგრამ მაინც ღირსეულად გაუძღვებოდა ქვეყანას:
"ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია", _ განაცხადეს ვაზირებმა.
არაბეთის დიდმა ხელმწიფემ ქვეყანას ამცნო, რომ ამიერიდან მისი ასული, თინათინი, უნდა გამეფებულიყო.
თინათინის მეფედ კურთხევის დღეს მთელმა არაბეთმა მოიყარა თავი. მათ რიცხვში იყო დარბაისელი ვეზირი სოგრატი და მშვენიერი ჭაბუკი, სპასპეტი (მთავარსარდალი) ავთანდილი, რომელსაც მალულად გულში თინათინის მიჯნურობა ჩავარდნოდა.
თინათინი სამეფო ტახტისაკენ მამას მიჰყავდა. როსტევანმა ასული უძვირფასეს ტახტზე დააბრძანა, გვირგვინი თავისი ხელით დაადგა, ხელთ სკიპტრა (სამეფო კვერთხი) უბოძა, სამეფო მანტიით შემოსა და დალოცა.
მეფემ და ვაზირებმა უკან დაიხიეს, ახალ ხელმწიფეს თაყვანი სცეს. ყველა ხარობდა. ბუკსა და ნაღარას შემოჰკრეს. მხოლოდ თინათინი იყო სევდიანი. მეფის ასულს მამის ტახტის ღირსად თავი არ მიაჩნდა. როსტევანმა ასული დაარიგა: ყოველ მშობელს შვილი ცვლის. დღეს შენ ხარ არაბეთის მეფე. ეცადე, გონივრულად მართო ქვეყანა; უხვი და სამართლიანი იყო, ყველას თანასწორად მოექცე. მზე ხომ არ არჩევს ვარდსა და ნეხვს, ერთნაირად ჰფენს სხივებს, შენც ასევე ნუ განასხვავებ მდიდარსა და ღარიბს, ლამაზსა და უშნოს. იცოდე, შენ თუ გულუხვი და მოწყალე ხელისუფალი იქნები, თვით ყველაზე ურჩიც შენი ერთგული შეიქმნება. ამით შენს საგანძურს არა მოაკლდება რა, რადგანაც ზღვაში წყალი როგორც ჩადის, ასევე გაედინება:
"რასაცა გასცემ შენია, რაც არა – დაკარგულია".
თინათინმა მამის დარიგება შეისმინა, მოუხმო გამზრდელს, თავისი საუფლისწულო საგანძურის გაცემა უბრძანა; ამილახვარს საუკეთესო ბედაურის მოგვრა და გაჩუქება დაავალა. ხელცარიელი არავინ დაუტოვებია.
ნადიმი მეორე დღესაც გაგრძელდა. ყველა ილხენდა.მხოლოდ მეფე იყო მოწყენილი.მოხუცმა ვაზირმა სოგრატმა და ჭაბუკმა სპასპეტმა ავთანდილმა როსტევანის გამხიარულება გადაწყვიტეს. სასმისები შეავსეს, ლაღად ეახლნენ მეფეს. დარდის გასაფანტავად ხუმრობით შეჰკადრეს: მეფეო, მოგიწყენია. ალბათ, შენი ქალიშვილის საქციელს ნანობ, მთელი ქონება რომ დაარიგა; რად გინდოდა, რომ გაამეფე, თავს ჭირი რად აუტეხეო. მეფეს გაეცინა, თან გაუკვირდა: ჩემი სიძუნწე ვინ ილაყბაო. შემდეგ თქვა: ჩემი დარდის მიზეზი ისაა, სიჭაბუკის დღეები დამელია, მალე მოვხუცდები, ღმერთმა ერთადერთი ასული მიბოძა, ვაჟი არა მრჩება, "სამამაცონი ზნენი" – მშვილდოსნობა, ბურთაობა _ რომ მესწავლებინა... თუმცა, ჩემი გაზრდილი ავთანდილი ცოტათი ჩამომგავსო.
ამ სიტყვებზე ავთანდილს გაეღიმა. მეფემ მიზეზი ჰკითხა; ავთანდილმა დაუსჯელობის პირობა ჩამოართვა. შემდეგ ჰკადრა: მშვილდოსნობას მარტო შენ ნუ დაიკვეხნი, _ ჰა, ბურთი და მოედანი, შევეჯიბროთ და ვნახოთ, ვინ აჯობებსო.
მეფე მიუხვდა ავთანდილს, შეჯიბრებაზე დათანხმდა; ნადირობა მეორე დღისათვის დათქვეს. თორმეტი მონა უნდა ხლებოდათ ავთანდილის გაზრდილ შერმანდინთან ერთად. მონები ისარს მიაწვდიდნენ, თან დახოცილ ნადირს დათვლიდნენ. ნაძლევიც დადეს: დამარცხებულს ხუთი დღე უქუდოდ უნდა ევლო. მეფე გამხიარულდა, გულს დარდი გადაეყარა.
არაბეთის სამეფო კარზე ნადიმი და ლხინი გაგრძელდა.