ნესტანი ტარიელს სწერდა:
ეს წერილი ჩემი სევდის პასუხია. ხომ ხედავ, როგორია ცხოვრება. ჩემთვის ყოველივე დაბნელდა, რადგანაც გვერდით არ მეგულები. წუთისოფელმა და კრულმა ჟამმა გაგვყარა, ახლა ამ ბარათით ჩემს ყველზე ღრმა დაფარულ ფიქრს გიმხელ.
ჩემდა საიმედოდ შენი სიცოცხლე მეყოფა, მე შენგან დანერგილ სიყვარულს გულში ვატარებ.
ჩემი ამბის აღწერა შეუძლებელია. გევედრები, მომიგონე შენთვის დაკარგული, დალოცვილმა ფატმანმა გრძნეულებისგან დამიხსნა, მაგრამ ბედმა სხვა ათასი ჭირი გამოიმეტა ჩემთვის. ახლა ქაჯებს, ძნელად საომრებს, ვყავარ შეპყრობილი. ისეთ მაღალ ციხეში ვზივარ, ძირს თვალი ძლივს გადასწვდება, გზა გვირაბით შემოდის, ამ გვირაბზე მცველები დგანან; ეს მეომრები, შენ რომ ადრე გინახავს, იმათ არ გვანან, გევედრები, ნუ შეებრძოლები მათ, რადგანაც მათი მომრევი ხორციელთაგან არავინაა, ბრძოლაში დაღუპული რომ გიხილო, ისე დავიწვები, როგორც აბედი _ კვესით. რადგანაც ბედმა გაგვყარა, დამივიწყე. ნუ იფიქრებ, რომ მე სხვას ჩავუვარდები ხელთ. მხოლოდ შენ გეკუთვნი. ამიტომაც ან კლდიდან გადავვარდები, ან დანით მოვიკლავ თავს. მე არავისზე გაგცვლი, თუნდაც ჩემთან მზეზე სამჯერ ულამაზესი კაცი მოვიდეს. გევედრები, ღმერთს ჩემი თავი შეავედრე, ეგებ, ჩემი სული უზენაესს მიეახლოს, ამქვეყნიური გარჯისაგან დამიხსნას. მიწიერ ოთხ ელემენტს: ცეცხლს, წყალს, მიწას, ჰაერს მოვშორდე, ჩემს სულს ფრთები მიეცეს და აფრინდეს. იქნებ, საწადელს ვეწიო: დღისით და ღამით მზის ელვარებას ვუმზირო.
უშენოდ არანაირი მზე არ იქნება, რადგანაც შენ მისი ნაწილი ხარ და, რა თქმა უნდა, მასთან დარჩები, იქ გნახავ, გიცნობ ტარიელად, ჩემს მიჯნურად, გულის ჩრდილს გამინათებ. თუკი სიცოცხლე მწარე მქონდა, სიკვდილს ტკბილად შევეყრები.
სიკვდილი აღარ მიმძიმს, რადგანაც სული შემოგვედრე, მე შენი სიყვარული სამუდამოდ გულში ჩამრჩა, შენგან მოშორებულს წყლული მემატება, ამიტომაც ჩემს გლოვას აჯობებს, ინდოეთში წახვიდე, ჩემს მტერთაგან შევიწროებულ და უმწეო მშობელს არგო.
რაც კი ბედს შევჩივლე, საკმარისია! დაე, შენ აღასრულე სამართალი, მე კი მომიგონე, სანამ ცოცხალი ვიქნები, შენ მეყოფი სატკივარად.
აჰა, ინიშნე შენეული რიდის ნიშანი. ეს მისი ერთ-ერთი წვერია. ესღა შემომრჩა დიდი იმედის სანაცვლოდ. ჩვენს თავზე შვიდივე ცის ბორბალი რისხვით შემობრუნდა.
ნესტანმა წერილი დაწერა, შემდეგ რიდე მოიხადა, თავმოხდილს ყორნისფერი თმა ძლიერ დაუმშვენდა, რიდეს ნაწილი გადაჰკვეთა, წერილი და რიდის ნაკვეთი მონას გაატანა.
გრძნეული მონა ეახლა ფატმანს, გადასცა ნესტანის დანაბარები. ქალმა კი ავთანდილს ამცნო ყოველივე. ავთანდილმა ღმერთსა და ფატმანს მადლობა შესწირა, მოახსენა, რომ უნდა ეჩქარა, რათა ქაჯთა მომრევი დროულად მოეყვანა.
ავთანდილმა ფრიდონს მისივე მონები გაუგზავნა და შეუთვალა, რომ სასურველი ამბავი გაეგო, თვითონ ძლიერ ჩქარობდა, ამიტომაც ვერ ეახლებოდა, ყოჩაღად ყოფილიყო, ახლო მომავალში საერთო მტრისათვის ერთად უნდათ შეეტიათ.
არაბმა ჭაბუკმა ფრიდონს მეკობრეებისაგან წართმეული ალაფი გაუგზავნა, თან ბარათიც გაატანა.
ავთანდილი ფრიდონს "მეფედ-მეფეს" უწოდებდა, ლომის მსგავს მტრის რისხვის მომგვრელ ვაჟკაცს უმცროსი ძმის სალამს უძღვნიდა. ნესტანის ამბავს ატყობინებდა, რომ ინდოელი ასული ქაჯებს ჰყავდათ პატიმრად, უამრავი ჯარისკაცი იცავდა. მაგრამ სადაც იგი (ფრიდონი) და მისი ძმა (ტარიელი) იქნებოდა, ყველა სიძნელე გაადვილდებოდა, ბოდიშობდა, რომ დრო არ იცდიდა, ამიტომ თვითონ ფრიდონს ვერ შეუვლიდა, რადგან ტარიელთან უნდა მისულიყო და ერთად ეწვეოდნენ. მადლობას უხდიდა, რადგან ფრიდონის ჯარისკაცები დიდად გამოადგა, ისინი პატრონივით ღირსეულები იყვნენ:
"მსგავსი ყველაი მსგავსა შობს, ასე ბრძენთაგან თქმულია".
ავთანდილმა ფრიდონის მოლაშქრეებს წერილი გადასცა და ტარიელთან წასასვლელად მოემზადა, მაგრამ ფატმანის დატოვება ეძნელებოდა, ფატმანი, უსენი და მათი მსახურები ტირილით ეთხოვებოდნენ ავთანდილს.