დილით ადრე მეფემ სასახლეში მიხმო. Yყველა შეკრებულიყო. მეფემ და დედოფალმა ახლოს დამისვეს, ასე ბრძანეს: ღმერთი მალე სიბერეს მოგვივლენს, ვაჟიშვილი არ მოგვცემია, მემკვიდრეობა რომ გადავცეთ, მხოლოდ ერთი ასული გვაბადია, საჭიროა, ჩვენი ქალისათვის შესაფერისი საქმრო ვიპოვნოთ, რომ ქვეყანაში ჩვენს შემცვლელად დავნიშნოთ, ამით ჩვენი მტრები დავამწუხროთ და სამეფოს ახალი პატრონი მივუჩინოთ.
ჩემთვის ძნელი იყო ამის მოსმენა. თავზარდამცემი ამბისგან ძალა წამერთვა. მივხვდი, რომ ეს წინასწარ იყო მოფიქრებული და წინაამღდეგობის გაწევა არ შეიძლებოდა.
დედოფალმა ბრძანა: ხვარაზმის მეფე ყველაზე დიდებულია. განა, მას ვინმე შეედრება? ჩვენი შვილის სასიძოდ ყოვლად შესაფერისიაო. ვერავინ გაუბედა, რაიმე ეთქვა. მეც რაღას ვიზამდი?! ჩემი სულის ამოსახდელი თანხმობა ვუთხარი.
გაგზავნეს ხვარაზმის სამეფოში მოციქული და შეუთვალეს: სამეფო (ინდოეთი) მემკვიდრის გარეშე დაგვრჩა, მხოლოდ ერთი ქალი გვაბადია, მისთვის შესართველად და ჩვენთან დასასიძებლად შენი შვილი გამოგვიგზავნეო.
ხვარაზმის სამეფოში გაგზავნილი მოციქული უხვად დასაჩუქრებული დაბრუნდა. იქაურიმეფის პასუხი მოიტანა: მას შემოეთვალა: ინდოეთის ტახტის დაპატრონებაზე უკეთესი რა უნდა გვენატრა, ღმერთის წყალობა გვეღირსაო.
ინდოეთიდან სასიძოს ჩამოსაყვანად კაცი გაგზავნეს. მე, მწუხარებით მოცული, ჩემს საწოლ ოთახში შევედი.