ავთანდილი ოთხ მონასთან ერთად ზღვის ნაპირას მიდიოდა. სატრფოზე ნაღვლობდა. ქვეყანა ჩალად უჩანდა. ერთ ადგილას მექარავნეები ზღვის კიდეს მისდგომოდნენ დატვირთული ხომალდებით და შესვლას ვერ ბედავდნენ. ავთანდილი შეეკითხა, თუ ვინ იყვნენ.
მექარავნეებმა უპასუხეს, რომ ბაღდადელი ვაჭრები იყვნენ, მაჰმადიანები, მათ ქარავანთუხუცესს უსამი ერქვა, სავაჭროდ ზღვათა მეფის ქალაქში მიემგზავრებოდნენ, ურიცხვი საგანძური მიჰქონდათ. ზღვის სანაპიროზე უგონოდ მყოფი კაცი ეპოვნათ, მოესულიერებიათ. მას კი მოეყოლა, რომ ეგვიპტელ ვაჭართა ქარავნიდან იყო, ზღვაში მეკობრეები დასხმოდათ თავს, მეკობრეთა გემს წინ სახნისის წვერიანი ძელი ჰქონდა მიმაგრებული, ამით მეკობრეთა ხომალდი გემებს აზიანებდა, იმ ვაჭრის გემსაც ასე მოქცეოდნენ მეკობრეები _ ყველა დაეხოცათ, ვაჭართა ქონება გაეტაცებინათ, ეს ეგვიპტელი ვაჭარი კი შემთხევევით გადარჩენილიყო და გამოერიყა ზღვას. ბაღდადელ ვაჭრებს ეშინოდათ ზღვაში შესვლა, არ იცოდნენ, რა ექნათ.
ავთანდილმა უთხრა: ყველაფერი ღვთის ნებაა, ტყუილად შეშფოთებას აზრი არა აქვს, მე ჩემს თავზე ავიღებ თქვენს დაცვას, თქვენს შემაშინებლებს მარტო გავუსწორდებიო.
მექარავნეებმა ძლიერ გაიხარეს, ჩასხდნენ ხომალდებში და ზღვაში შევიდნენ. შუა ზღვაში გრძელდროშიანი მეკობრეთა ხომალდი გამოჩნდა, ნავთა სალეწად ხის სახნისი ეკეთა. მეკობრეები კივილით, ჟღარუნითა და ბუკის ცემით მოდიოდნენ. ვაჭრები შეშფოთდნენ.
ავთანდილმა დაარიგა ვაჭრები: თვითონ თუ ღმერთის ნებით დაიღუპვა ელოდა, ვერც ციხე დაიხსნიდა, ვერც მოყვასი და ვერც ყმა, ამიტომაც რაღასი უნდა შინებოდა?! ვაჭრები კი მშიშრები იყვნენ, ომის უმეცრები. კარგად უნდა დამალულიყვნენ, კარები ჩაეკეტათ, რომ მეკობრეების ისრები არ მისწვდომოდათ. ავთანდილი კი მარტო შეებმებოდა, და, განგების ნებით, დაამარცხებდა მეკობრეებს.
არაბმა სპასალარმა ვეფხვისებური მოქნილობით გადაიცვა აბჯარი, ცალ ხელში რკინის კეტი დაიჭირა, მეორეში – ხმალი, ნავის წვერზე უშიშრად დადგა და კივილით მოახლოებულ მეკობრეებს ამაყად შეხვდა.
მძარცველებს ვაჭართა ხომალდისათვის ნავის ცხვირზე დამაგრებული ძელიანი ხის სახნისის ძგერება სურდათ, მაგრამ ავთანდილი არ შეკრთა, ძელს კეტი აუკრა, მტრის ხომალდს ცხვირზე მიბმული სახნისი მოსტეხა და ვაჭართა ხომალდი გადაარჩინა. ვაჭრები დაუზიანებლები დარჩნენ. მეკობრეები დაფრთხნენ, გასაქცევ გზას დაუწყეს ძებნა, რომ ავთანდილს დასხლტომოდნენ ხელიდან. ავთანდილი მეკობრეებს გაუსწორდა: ზოგ მეკობრეს ნავს ანარცხებდა, ზოგს ერთმანეთს სტყორცნიდა, დაჭრილები მკვდრების უკან იმალებოდნენ.
ომი დამთავრდა, მეკობრეები ავთანდილს შეწყალებას ევედრებოდნენ, ავთანდილმა შეიბრალა, მის სიმამაცესა და გულმოწყალებას მეკობრეებიც კი აქებდნენ, შემდეგ ავთანდილმა მეკობრეთა ხომალდი ვაჭრებისას შეატყუპა, მეკობრეთა ქონებიდან ვაჭრებს ალაფი (საბძოლო ნადავლი) ააღებინა; უსამი – ვაჭართა უხუცესი _ გამხიარულდა. ვაჭრები ეხვეოდნენ ავთანდილს, ევედრებოდნენ, მათთან დარჩენილიყო. ავთანდილი ღმერთს მადლობას სწირავდა, ყველაფერი ასე რომ დასრულდა., ვაჭრებს მეკობრეების ქონება ძღვნად გადასცა. ვაჭრებმა იმავე დღეს დაათვალიერეს მათი საგანძური, ყველაფერი თავისთან გადმოსცალეს, მეკობრეთა ხომალდი კი დალეწეს. უსამმა ავთანდილს ვაჭართა შემონათვალი გაუმხილა: ისინი ავთანდილს ვაჭართა ქონებიდან მონაგებს ჩუქნიდნენ, აერჩია _ რა უნდოდა, დანარჩენი კი მათთვის გადაეცა. ავთანდილმა მოკრძალებულად განაცხადა უარი ძღვენზე, თქვა, რომ ღმერთი დაეხმარა გამარჯვებაში, თვითონ კი არაფერი სჭირდებოდა, ამჯერად მთელი მისი ქონება ცხენი იყო, რაც ებადა, ყველა შინ დაეტოვებინა, მხოლოდ ერთ რამეს ითხოვდა: გარკვეულ დრომდე არავისათვის გაემხილათ, თუ ვინ იყო. ნუ ახსენებდნენ რაინდად, ვაჭარივით გამოეწყობოდა, თავს ვაჭრად განაცხადებდა. ძმობას აფიცებდა, არავისათვის გაემხილათ საიდუმლო.
ეს ამბავი ქარავანს ძლიერ გაეხარდა. ავთანდილს თაყვანი სცეს, გაუმხილეს, რომ თვითონ სურდათ, შევედრებოდნენ, თუკი ავთანდილი პატრონად დაუდგებოდა.
კარგი ამინდი შეხვდათ, ვაჭართა ქარავანი მიემგზავრებოდა ლაღად, ავთანდილს ყველა თავს ევლებოდა.