ავთანდილმა ბევრი იმოგზაურა, არაბეთის საზღვარს გასცდა, ამ ძებნაში სამი წელი თითქმის მიილია, მიწის ზემოთ უნახავი არა დარჩენია რა, მაგრამ უცხო მოყმის კვალსაც ვერ მიაგნო. Dდაღონებული სულ თინათინზე ფიქრობდა, მასთან განშორებას ვეღარ ითმენდა, მიჯნურის გარეშე სიცოცხლე არად მიაჩნდა, მაგრამ არ იცოდა, რა ექნა: ხელმოცარულს დაბრუნება არ უნდოდა, ვადა უკვე იწურებოდა, დროულად რომ არ მოსულიყო არაბეთში, დაღუპულად ჩათვლიდნენ. ბოლოს, ღმერთს მიენდო და მოცდა ამჯობინა: ყველაფერი ღვთის ნებაა, რაც მოსახდენია, დაე, მოხდესო _ "განგებასა ვერვინ შეცვლის, არ საქმელი არ იქნების".
დიდხანს დაეხეტებოდა, ერთ უკაცურ ადგილას მივიდა, უკვე ერთი თვე იყო, სულიერი არ ენახა. გარშემო საშინელი მხეცები იყო. მოშივდა. ნადირი ისრით მოკლა, კვესით ცეცხლი დაანთო და, სანამ მწვადი შეიწვებოდა, ცხენი საძოვარზე მიუშვა. მოულოდნელად, მისკენ მომავალი ექვსი მხედარი დაინახა. სამი მსახური იყო, სამი კი _ დიდებული. მათგან ორ წვეროსან კაცს ტირილით მოჰყავდა თავგატეხილი ახალგაზრდა. ავთანდილმა დაუძახა: ძმებო, ვინ ხართ, მეკობრეებს მიგავსგავსეთო. მათ მიუგეს: სამტროდ არ მოვსულვართ, ჩვენ ხატაელი ძმები ვართ, დიდი ციხე-ქალაქისა და ქონების პატრონები, ლაშქართან ერთად სანადიროდ წამოვედით, გაგვიტაცა ნადირის ხოცვამ, ვერ გავარკვიეთ, ვინ უმჯობესი მონადირე იყო, ამიტომ ლაშქარი დავტოვეთ, თითო-თითო მეაბჯრე გავიყოლეთ, მინდორ-ველი მოვიარეთ, უთვალავი ნადირი და ფრინველი ვხოცეთ. მოულოდნელად, შავ ცხენზე ამხედრებული მწუხარე რაინდი დავინახეთ. ისეთი მშვენიერი იყო, რომ ადამიანისშვილს ჯერ მსგავსი არ უნახავს. ერთმანეთს ვეუბნებოდით: მზეა, ქვეყნად ჩამოსულიო. შეპყრობა და დასაკუთრება მოვინდომეთ. მე, უფროსმა, უცნობი კაცის ტყვედ ჩაგდება მოვინდომე, შუათანამ _ მისი ცხენი, ხოლო უმცროსმა – კაცთან შებრძოლება და მორევა გადაწყვიტა. ჩვენმა ნაბოლარა ძმამ შესაპყრობად ხელი სტაცა, ვეფხისტყაოსნიან მოყმეს სახე აელეწა, ჯერ არად ჩააგდო, მერე, რომ აღარ მოვეშვით, ხელის განძრევა აღარ დაგვაცადა, ხმალიც არ უხმარია, მათრახით საარყე ხილივით დაგვბეჟა. ჩვენ მშვილდის სადავე მოვიზიდეთ, უმცროსი ძმა შესაპყრობად მივუშვით, იმან კი მათრახი ისე გადაჰკრა, თავი გაუტეხა. შემდეგ კი ზედაც არ შემოგვხედა, მშვიდად და აუჩქარებლად წავიდა, აგერ, იქეთ მიდისო.
ავთანდილი მიხვდა, საწადელს რომ ეწია. გახარებულმა ხატაელ ძმებს ამბისათვის მადლობა გადაუხადა, თავისი სადგომი და ნანადირევი დაუტოვა, თვითონ კი, უცხო მოყმის დასაწევად ცხენი გაქუსლა. თან ფიქრობდა, როგორ მოქცეულიყო: პირდაპირ რომ მისულიყო, არ ივარგებდა, უცნობი ყველას გაურბოდა და ავთანდილის გამოჩენა უფრო გააშმაგებდა, ერთმანეთს შეებმებოდნენ, ან ერთი მოკვდებოდა, ან _ მეორე. აბა, ასე მის ამბავს როგორღა შეიტყობდა. ისევ ხერხი უნდა მოეგონებინა ავთანდილს. ბოლოს, გადაწყვიტა, ეს კაცი სადაც მიდის, თან გავყვები, მის სადგომს შევიტყობ და მერე რამეს ვიღონებო.
ორი დღე მისდევდა ავთანდილი უცნობს, გადაიარეს წყალი და კლდეები, მინდვრები. ერთი კლდე გამოჩნდა, იქ გამოქვაბული იყო, ძირს წყალი ჩამოუდიოდა, იქვე მაღალი ხე იდგა. უცნობმა წყალი გადაიარა. ავთანდილი აღარ გაჰყოლია, ცხენი ხეზე მიაბა, თვითონ კენწეროზე მოექცა და ისე ადევნებდა თვალს.
ვეფხისტყაოსანი კაცი გამოქვაბულს მიადგა. იქედან შავჯუბიანი, მწუხარე ქალი გამოვიდა; ვეფხისტყაოსანი და ქალი ტირილით მიეგებნენ ერთმანეთს, უცნობმა ქალს შესტირა: დაო ასმათ, ხიდი ზღვაში ჩაგვივარდაო, ტირილით შევიდნენ გამოქვაბულში, თან შავი ცხენიც შეიყვანეს. რომ გათენდა, ქალმა ისევ გამოაცილა კაცი. ტირილით გამოემშვიდობნენ ერთმანეთეს.
ვეფხისტყაოსნიანი მოყმე თვალს რომ მიეფარა, ავთანდილი ხიდან ჩამოვიდა, გამოქვაბულში ქალთან შევიდა. ასმათს ვეფხისტყაოსნიანი ჭაბუკი ეგონა და გამოეგება, უცხო რომ დაინახა, ისეთი კივილი ატეხა, კლდეები ბანს აძლევდნენ. ავთანდილი გაედევნა და, როგორც არწივმა კაკაბი, ისე დაიჭირა, ცდილობდა, ქალი დაემშვიდებინა, ასე ეუბნებოდა: სულე, ნუ გეშინია, კაცი ვარ, ადამიანი, არას გავნებ, მხოლოდ გთხოვ, იმ მშვენიერი ჭაბუკის ამბავი მამცნეო. ქალი ტირილით პასუხობდა, რომ მისგან ვერაფერს შეიტყობდა, ასჯერაც რომ ეთხოვა მისი ამბის თხრობა, ერთხელ ეტყოდა "არას", ავთანდილი დიდხანს ემუდარებოდა, მერე ქალის წინაშე მუხლი მოიყარა. ამანაც რომ არ გასჭრა, გაბრაზდა. Qქალი თმით მოიზიდა, ყელზე დანა დააბჯინა; ქალმა მშვიდად მიუგო: ეს რა მოგიგონებია?! განა არ იცი, თუ არ მომკლავ, ცოცხალი დავრჩები, მაგრამ არაფერს გეტყვი, ხოლო თუ მომკლავ, ტანზე თავი აღარ მექნება, რამე რომ გითხრა. ჩემთვის სიკვდილი შვებაა, რადგანაც ამდენი ტანჯვით სიცოცხლე მომძულებიაო.
ავთანდილმა ქალს ხელი უშვა. მოშორებით დაჯდა, ძლიერ დაღონებულმა ძლივს წარმოთქვა: ვიცი, გაგაბრაზე, აღარ ვარ შენდობის ღირსი, მაგრამ მიჯნური მტერსაც კი შეებრალებაო. მეტი რა გითხრა, სულს მოგცემ, თუ გულს ჩემკენ მოიბრუნებო.
ქალმა, ავთანდილის მიჯნურობის ამბავი რომ გაიგო, შეებრალა, თვითონაც ატირდა. ავთანდილმა იფიქრა, ნამდვილად ქალს ვიღაც უყვარს, ცრემლს მისთვის ღვრისო. თავისი ამბავიც მოუთხრო: ჩემმა მიჯნურმა და პატრონმა ამ მოყმის ვინაობის გასაგებად გამომგზავნა. მისი ამბის გარეშე ვერ დავბრუნდები, ამიტომაც შენს ხელში ვარ: მაცოცხლე ან მომკალიო. ქალს შეეცოდა ავთანდილი და უთხრა, რომ თვითონ ასმათი ერქვა, ვეფხისტყაოსნიან მოყმეს კი – ტარიელი, მისგან ჯერ მეტს ვერას შეიტყობდა, ავთანდილს მოთმინება მართებდა.
არაბ ჭაბუკს ქალის სიტყვებზე გაეცინა და იგავით უპასუხა: ჩემი ამბავი ამას ჰგავს: ორი კაცი გზაზე მიდიოდა, ერთი ჭაში ჩავარდა, მეორემ ჩასძახა: მომიცადე, ძმობილო, არსად წახვიდე, სანამ მე თოკს მოვიტანო. ჭაში ჩავარდნილს გაეცინა: რომ არ დაგიცადო, მეტი რა ღონე მაქვს, სად წავიდეო. მეც, _ დასძინა ავთანდილმა, _ რომ არ მოგიცადო, სხვა რა დამრჩენიაო.
ქალს მოეწონა ავთანდილის მსჯელობა, გაეცინა მის სიტყვებზე, უთხრა, რომ ვეფხისტყაოსანი ჭაბუკი და თვითონ გამოქვაბულში ცხოვრობდნენ, ნანადირევით იკვებებოდნენ, ტარიელი რომ დაბრუნდებოდა, ავთანდილს შეახვედრებდა.
ამ დროს ხევიდან წყლის ჩხრიალი მოისმა: ტარიელი მოდიოდა. ასმათმა ავთანდილი გამოქვაბულში დამალა, თვითონ შეეგება, ცხენი და აბჯარი ჩამოართვა. ორივე დასევდიანებულიყო. ავთანდილი მათ მალულად უცქერდა. ასმათმა ტარიელს ვეფხვის ტყავი დაუგო მოსასვენებლად, კვეს-აბედით ცეცხლი დაანთო და ნანადირევის მწვადი შეუწვა. ტარიელმა ცოტა იგემა, მერე მიეძინა. მცირე ხნის შემდეგ შემკრთალს გამოეღვიძა. ქალი ფრთხილად შეეკითხა: ასე მალე რად დაბრუნდიო, ტარიელმა უპასუხა: მეფეს გადავეყარე, ნადირობდა ურიცხვ ლაშქართან ერთად, მივხვდი, იქ ჩემი ადგილი არ იყო, გამოვერიდე და აქ წამოვედიო.
ასმათმა ჰკითხა: ქვეყნის პირი მოგივლია, სულ მარტო ხარ, ნუთუ, არავინ იპოვნე, დარდი გაუზიაროო? ტარიელმა უპასუხა: ასეთი კაცი ალბათ ჯერ არ დაბადებულაო. ასმათმა სთხოვა: ნუ გამიწყრები, მაგრამ მე თუ მოგგვრი ასეთ ადამიანს, დაიფიცე, რომ არას ავნებო. ტარიელმა მიუგო, რომ თუკი ამგვარ კაცს აპოვნინებდა, დიდად გაიხარებდა.